24.თებერვალი .2021 16:43

"Pfizer-ს სურს, ევროკავშირთან თავისი ვალდებულებები შეასრულოს, ამიტომ დანარჩენი 18 ქვეყნის მომარაგება გაპრობლემდა"

"Pfizer-ს სურს, ევროკავშირთან თავისი ვალდებულებები შეასრულოს, ამიტომ დანარჩენი 18 ქვეყნის მომარაგება გაპრობლემდა"
views 339
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც საქართველოში ვაქცინა ჯერ არ შემოსულა.

როგორც მან უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვაქცინა იქცა ბრძოლის იარაღად და ნომერ პირველ საკითხად ყველა დიდ შეკრებაზე დგას, რომ ვაქცინების განაწილება ხდება უსამართლოდ. როგორც ცნობილია, ვაქცინებით იცრებიან მდიდარი ქვეყნები, როცა საშუალო და დაბალი განვითარების ქვეყნების მოცვა არ ხდება.

გამყრელიძის თქმით, დღეს ეპიდემიოლოგებმა მთავრობას წარუდგინეს დამატებითი რეკომენდაციები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებისთვის.

„დადასტურება იყო ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომ საქართველოს თებერვლის ბოლო კვირაში უნდა მიეღო „ფაიზერის“ პირველი დოზები, ამაზე იყო სრული დასტური. სამწუხაროდ, დიდი დეფიციტია, „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“ ვერ შეასრულეს ევროკავშირის დაკვეთები სრულად, რაშიც ევროკავშირს დიდი თანხა აქვს ჩადებული, დღეს კი ევროკავშირი თავისი აცრის მაჩვენებლით ბევრად ჩამორჩება აშშ-სა და ბრიტანეთს.

„ფაიზერს“ უნდა, რომ ევროკავშირთან თავისი ვალდებულებები შეასრულოს და ამიტომ დანარჩენი 18 ქვეყნის მომარაგებაში შეიქმნა პრობლემა, რომლებიც Covax პლატფორმიდან უნდა მოვმარაგებულიყავით, ამ რიცხვში შევდიოდით ჩვენ. რიცხვებმა გადაიწია მარტისკენ, ჯერ არ ვიცით ზუსტი თარიღები „ფაიზერთან“ მიმართებაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, კონტრაქტები უკვე გაფორმებულია და იმედია, საქართველო „ასტრაზენეკასგან“ დამატებითი არხით მიიღებს ვაქცინას.

„წესით და რიგით, თუ არ დაგვაღალატეს, უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

გარდა ამისა, როგორც NCDC-ს ხელმძღვანელი განმარტავს, საქართველო „ფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად სერიოზულად ემზადებოდა და ეს შეეხებოდა როგორც ადამიანების გადამზადებას, ისე ინფრასტრუქტურას. გამყრელიძის განმარტებით, ახლა მიდის მუშაობა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ლოჯისტიკაზე.

„ხვალ და ზეგ იწყება ამ ხალხის კიდევ ერთხელ გადამზადება უკვე „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში. ძალიან გვინდა, რომ მაისის ბოლომდე 200 000 ადამიანი მაინც ავცრათ ორჯერადად და შემდეგ, უკვე ივნისიდან დავიწყოთ გაფართოებული აცრების კამპანია“,-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, მოსალოდნელია ასევე ბაზარზე სხვა ვაქცინების გამოჩენაც, რომლებიც აღიარებას ელოდებიან.

"დიდი იმედი გვაქვს, რომ მარტში დაიწყება ვაქცინაცია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა