მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პირადად ჩავერევი..." - რა უთხრა პრემიერმა ბიზნესს

5f8ed2b581e81
ინგა მურუსიძე
20.10.20 16:04
2312
ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ მთავრობას ბიზნესთან რამდენიმე საინტერესო შეთავაზება ჰქონდა და მათგან ყველაზე საინტერესო ინვესტიციების მოზიდვის შემთხვევაში, კერძო სექტორისთვის მაქსიმალურ მხარდაჭერას შეეხებოდა.

სოსო ფხაკაძის ინფორმაციით, მათ პრემიერისგან მიიღეს პირობა, რომ თუკი ქვეყანაში შემოვა ნებისმიერი მოცულობის ინვესტიცია და მას რაიმე სახის ბიუროკრატიული პრობლემა შეექმნება, გიორგი გახარია პირადად ჩაერევა და ბიზნესს პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.

„პრემიერის მხრიდან რამდენიმე საინტერესო შემოთავზება იყო და ერთ-ერთს გამოვყოფ - მან გვითხრა, რომ თუ მოხდება თუნდაც $5 მილიონის, მეტის ან ნაკლები პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოტანა საქართველოში, რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურაში შეიქმნება ჯფგუფი და ამ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მიენიჭება განსაკუთრებული ყურადღება. თითოეული კონკრეტული ქეისის, თითოეული კონკრეტული ინვესტიციის შემთხვევაში, შეგვიძლია საკითხი დავაყენოთ და პრემიერმა დახმარება აღგვითქვა, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში, ყველა პრობლემას აღმოფხვრის“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ამ თემაზე ისაუბრა "აჭარა ტექსტილის" ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ლომინაძემაც.

„პრემიერმა გამოთქვა მზაობა, რომ ნებისმიერი პროექტი, თუნდაც ძალიან მცირე, მხარდაჭერილი იქნება სახელმწიფოსგან და თუ რაიმე შეფერხებები არსებობდა ამ მხრივ, გარკვეული ჯგუფები იმუშავებენ, რომ აღმოფხვრან ისინი და ძალიან მარტივად შევძლოთ ნებისმიერი პროექტის განხორციელება, თუნდაც პრივატიზების კუთხით“, - აღნიშნა მან.

bm.ge-ის ინფორმაციით, მსხვილი დამსაქმებლების და პრემიერის შეხვედრაზე, თავად გიორგი გახარიამ წამოჭრა საკითხი პრივატიზაციის მაქსიმალურად დაჩქარებასა და გამარტივებაზე და სწორედ ამ კონტექსტში ახსენა, რომ თუ ინვესტორებს - როგორც ქართველს, ისე - უცხოელს ამ პროცესში რაიმე სახის ბიუროკრატიული პრობლემა შეექმნება, ის თავად თემის მოგვარებაში ჩაერევა.