მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პირბადეს არ ამოწმებენ და QR კოდებს შეამოწმებენ?!" - იმუშავებს თუ არა "მწვანე პასპორტი" საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

61a9f3c7f0aa2
მარიამ ვარადაშვილი
03.12.21 19:00
810
გახდება თუ არა სავალდებულო “მწვანე პასპორტის” სისტემა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ეს ჯერ უცნობია, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კონსულტაციებს გადიან თუ როგორ შეიძლება, ტრანსპორტში ამ რეგულაციის აღსრულება.

“ტრანსპორტის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს, რომ ეს იქნება მხოლოდ ფიქტიური რეგულაცია. ამისთვის, ჩვენ ინტენსიურად გავდივართ კონსულტაციებს, თუ როგორ შეიძლება, ტრანსპორტში ამოქმედებული მწვანე საშვი იყოს მეტად უფრო აღსრულებადი და კონტროლირებადი. ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, რა რეკომენდაციებს გავცემთ და როგორი იქნება შემდგომში რეგულაციები ტრანსპორტთან მიმართებაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს მიაჩნია, რომ “მწვანე პასპორტის” სისტემა საქართველოში ეფექტიანი არ არის და ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ეს სისტემა რეგიონებზე ვერ გავრცელედება.

“საქართველოში “მწვანე პასპორტის” იდეას არ ვუყურებ როგორც ვაქცინაციის დაჩქარების ეფექტიან საშუალებას, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს ისეთ ადგილას და ისეთ პირობებში, რომ მას დღის განმავლობაში “მწვანე პასპორტი” არსად სჭირდება. “მწვანე პასპორტს” შეიძლება ეფექტი ჰქონდეს თბილისში, ასევე შესაძლოა ქუთაისსა და ბათუმში, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგიონებში ცხოვრობს, სადაც “მწვანე პასპორტი” დღის განმავლობაში არსად დაგჭირდება იმ მიდგომით, რაც მთავრობამ გამოუშვა. ამ დროს ვიცით, რომ აუცრელების დიდი ნაწილი ზუსტად რეგიონებშია. აქედან გამომდინარე, “მწვანე პასპორტი” სწორადაც რომ განახორციელოს მთავრობამ ვაქცინაციაზე ეფექტი ნაკლებად ექნება”,-აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილის თქმითვე, ევროპის ქვეყნებში, სადაც მსგავსი სისტემა მუშაობს მოქალაქეების მობილობა ძალიან მაღალია. ამასთან, საქართველოს მთავრობამ “მწვანე სტატუსი” კოვიდგადატანილებს უვადოდ მიანიჭა, რამაც, ჭიაბერაშვილის შეფასებით, “ამ ჯანსაღ იდეას აზრი დაუკარგა”.

“მწვანე პასპორტი” მისცეს ყველას, ვინც ამ ორი წლის განმავლობაში კორონავირუსი გადაიტანა. ეს აბსოლუტურად აზრს უკარგავს ამ სისტემის იდეას. ასეთი ტიპის “მწვანე პასპორტს” გამოიყენებ მხოლოდ კონოთეატრში და რესტორანში თუ ამას დაამატებ მაღაზიას ან ტრანსპორტს, აზრი არ აქვს. რაც შეეხება აღსრულებას, დღესაც გარე სივრცეში ყველას პირბადე უნდა გვეკეთოს, რომლის შესამოწმებლად საბუთიც კი არ გჭირდება, თუმცა ამის აღსრულებას მთავრობა არ აკეთებს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ იმის აღსრულება, სადაც ადამიანს უნდა შეუმოწმო საბუთი ან სმარტფონში ჩაწერილი QR კოდი და ა.შ”,-აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ჯანდაცვის სპეციალისტი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძე ეჭვობს, რომ მთავრობამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში “მწვანე პასპორტის” სისტემის დანერგვა შეძლოს. ამასთან, მიიჩნევს, რომ მთავრობას პანდემიის მართვის ერთიანი მიდგომა უნდა ჰქონდეს.

“ცალკე აღებული ერთი რომელიმე ღონისძიება რეალურ შედეგს ვერ მოიტანს და საჭიროა ერთიანად შევხედოთ მთელ ამ სურათს. კონკრეტული ერთი რომელიმე კონტექსტიდან ამოგლეჯილი ღონისძიება სერიოზულად ვერ შეცვლის ამ მძიმე მდგომარეობას. თუნდ ეს იყოს 200- ლარიანი დანამატის გაცემა, “მწვანე პასპორტი” ან ლატარეა. ასე ცალ-ცალკე ინიციატივებით ეპიდემია არ იმათება. მთავარი პრობლემა, რაც წელს გვაქვს არის ის, რომ (მთლიანი) მოსახლეობის 27%-ია აცრილი. რა “მწვანე პასპორტზეა” საუბარი?! ვაქცინაცია, შეზღუდვები, “მწვანე პასპორტი”, მოსახლეობასთან კომუნიკაცია და უკვე დაწესებული შეზღუდვების აღსრულება ერთმანეთთან არის დაკავშირებული. რომელიმე ერთი რგოლი ან ინიციატივა არ მუშაობს. ერთი კვირის შემდეგ კიდევ შეიკრიბებიან საკოორდინაციო საბჭოზე და კიდევ ახალს მოიფიქრებენ, იმის მაგივრად რომ პანდემიის მართვის ერთიანი გეგმა დადონ”,-აცხადებს ურუშაძე.