24.მარტი .2021 23:34

"პირბადის არტარებით მთავრობას აპრილის ბოლოს ისევ ჩაკეტვის ბერკეტს ვაძლევთ" - ჭიაბერაშვილი

"პირბადის არტარებით მთავრობას აპრილის ბოლოს ისევ ჩაკეტვის ბერკეტს ვაძლევთ" - ჭიაბერაშვილი
views 364
უკან

ქუჩაში პირბადის ტარების წესის აღსრულების კუთხით უზარმაზარი ნაკლოვანებებია, - ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე ადვილად შესასრულებელი პირბადის ტარებაა და ამაზე  შვედეთის მაგალითიც მეტყველებს, სადაც ვირუსის  შეკავება ნაწილობრივ სწორედ ამ წესის დაცვით შეძლეს.

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ საჭიროა საინფორმაციო კამპანია, რომელიც მთავრობამ საზოგადოების დასარწმუნებლად უნდა აწარმოოს, ვინაიდან ვირუსი არსად წასულა, პირბადე კვლავ საჭიროა და თუ მისი მოხმარება შემცირდება, მაშინ ისევ მოგვიწევს სახლში ჩაკეტვა.

„კურაციოს კვლევაში ნათქვამია, რომ დეკემბერში პირბადის ტარების მაჩვენებელი 70% იყო , ეს მაჩვენებელი  43%-ზე ჩამოვიდა. ბუნებრივია, გვექნება ვირუსის გავრცელება. ყველა მოქალაქემ უნდა ვიცოდეთ, რომ პირბადეს თუ არ ვატარებთ, ამით მთავრობას ვაძლევთ ბერკეტს, რომ აპრილის ბოლოს, მაისში გვითხრას, რომ თქვენ იქცევით ცუდად და ახლა იძულებული ვართ ჩავკეტოთ ქვეყანაო. ამიტომ მთავრობას არ უნდა მივცეთ ამის თქმის საშუალება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებაზე უკვე ალაპარაკდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, ვინაიდან საქართველოს რამდენიმე რეგიონი წითელი ზონის მიმართულებით აქტიურად მიდის. კერძოდ იმერეთი, გურია და თბილისი.

“ამ ეტაპზე დადებითობის კოეფიციენტი 2,2%-ია, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი უკვე 1%-ს აღემატება, რაც მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. მეტ შეზღუდვებს არ გამოვრიცხავთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.