მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჰაერიდან არ ცვივა" - ბელგიის საპატიო კონსული საქართველოში

60e2212c4fc77
თელარა გელანტია
05.07.21 09:45
1498
#ინვესტორისხმა - ასე ჰქვია გადაცემა „Forbes კვირის“ ახალ რუბრიკას, რომლის ფარგლებშიც BMG-ის ბელგიელი ჟურნალისტი გიომ მულარტი საქართველოს ბიზნესგარემოზე უცხოელი ინვესტორების მოსაზრებებს თუ შეფასებებს მოისმენს და გაგიზიარებთ.

საქართველოში ბელგიის საპატიო კონსული ჯონ ბრაეკეველდტი ერთ-ერთი მათგანია. ის უკვე თითქმის 20 წელია თბილისში ცხოვრობს. 41 წლის ბრაეკეველდტი სატრანსპორტო კომპანია „გოსელინის“ რეგიონალური მენეჯერია. საქართველოს საინვესტიციო გარემოს ის დადებითად ახასიათებს, მაგრამ იმ გამოწვევებზეც საუბრობს, რომელიც ქვეყანაშია. ამ ეტაპზე ინვესტორს ყველაზე დიდი დაბრკოლებად ბიზნესსა და სამთავრობო ინსტიტუტებს შორის საჯარო და კერძო დიალოგის არარსებობა მიაჩნია.



„20 წელია აქ ვარ. საქართველოში ცხოვრება 2000-იან წლებში დაივწყე. თუ საინვესტიციო კლიმატის პერსპექტივიდან შევაფასებ აქ ცხოვრებას. ვადასტურებ, რომ კარგი საინვესტიციო კლიმატია, რადგან 20 წლის შემდეგ ისევ აქ ვარ. საქართველო ცალსახად არის ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება და ინვესტირება შეგიძლიათ. ეს საკმაოდ პოზიტიური და მნიშვნელოვანი მოცემულობაა. საჭიროა, ქვეყანა ზედმიწევნით იცოდეთ. საჭიროა, სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოება, საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორ იმუშაოთ მთავრობასთან, სხვა ბიზნესმენებთან, როგორ გააფორმოთ ხელშეკრულებები და ა.შ. ეს ყველა ის მნიშვნელოვანი პროცესია, რისი სწავლაც გჭირდებათ, თუმცა არსებობს დაბრკოლებებიც. ვიტყოდი, რომ ამჟამად ყველაზე დიდი დაბრკოლება არის საჯარო და კერძო დიალოგის არარსებობა ბიზნესსა და სამთავრობო ინსტიტუტებს შორის.

მე ვარ „გოსელინის“ მენეჯერი. „გოსელინი“ არის საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია. ჩვენ აშკარად ვგრძნობთ ფინანსთა სამინისტროსთან, უშუალოდ შემოსავლების სამსახურთან დიალოგის ნაკლებობას. ჩვენ ვამბობთ, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემები, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია და ვგრძნობთ, რომ ეს პროცესები ნელი ტემპით მიდის. ეს პრობლემები აუცილებლად უნდა მოგვარდეს ინვესტორებისთვის.

ასევე უნდა აღვნიშნო, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ასე ვთქვათ, ჰაერიდან არ ცვივა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უმეტესწილად ტენდერებით იწყება, ამიტომ საჭიროა, საქართველოში ტენდერების ჩატარების პროცესი ბევრად უფრო ღია გახდეს უცხოური კომპანიებისთვის, რათა მოვიზიდოთ ისინი, რომ ჩამოვიდნენ აქ, განავითარონ თავიანთი კომპანია და დარჩნენ საქართველოში“, - აცხადებს ჯონ ბრაეკეველდტი.

#ინვესტორისხმა - ასე ჰქვია გადაცემა „Forbes კვირის“ ახალ რუბრიკას, რომლის ფარგლებშიც BMG-ისა და TheCheckpoints-ის ბელგიელი ჟურნალისტი გიომ მულარტი საქართველოს ბიზნესგარემოზე უცხოელი ინვესტორების მოსაზრებებს თუ შეფასებებს მოისმენს და გაგიზიარებთ.