მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პირობას ვერ დავდებთ, რომ ბილეთები ისეთივე იაფი იქნება, როგორც ადრე იყო" - ინტერვიუ

6340120a5f15e
მარიამ ვარადაშვილი
07.10.22 16:08
3017
რამდენად აქვს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს სატრანზიტო მიმართულებით პოტენციალი და რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა Wizz air ორი კვირით აეროპორტის ლოკაციის ცვლილებაზე? - ამ და სხვა საკითხებზე BMG ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელ ჟაჟა ტრუბეკს ესაუბრა.

- საუბარი მინდა დავიწყო უახლესი ამბით. ოქტომბრიდან Wizz air Abu Dhabi-მ მალდივების მიმართულებით ფრენები დაიწყო. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ მიმართულების დამატებას ქუთაისის აეროპორტზე, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ქუთაისსა და აბუ დაბის შორის პირდაპირი ფრენებია. ამასთან, აქვს თუ არა ქუთაისის აეროპორტს, როგორც სატრანზიტო მიმართულებას პოტენციალი?

- მალდივის მიმართულებასთან დაკავშირებით დიდი იმედები გვაქვს. პირველი ფრენა მიმდინარე კვირაში განხორციელდა და მშვენიერი შედეგია. ბევრი ადამიანია ამ მიმართულებით დაინტერესებული, მათ შორის საქართველოდან. გვჯერა, რომ მაღალი მოთხოვნა იქნება და ქართველი მგზავრებიც იმოგზაურებენ მალდივებზე. რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტის სატრანზიტო შესაძლებლობებს, საქართველოს ბაზარზე დიდ იმედს ვამყარებთ. ვფიქრობთ, ის იქნება ჰაბი და ყველაფერს გავაკეთებთ ხელისუფლებასთან ერთად აეროპორტის განსავითარებლად.

- სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის აეროპორტიდან მოგიწევთ ფრენა. უპირველეს ყოვლისა, რა სახის გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით ლოკაციის ცვლილების გამო? ამას გარდა, მინდა გკითხოთ მოსაკრებელზე, რომელიც ქუთაისთან შედარებით თბილისის აეროპორტში საკმაოდ მაღალია. შეგიძლიათ გვითხრათ მიიღეთ თუ არა რაიმე სახის შეღავათი TAV-გან, თუ თქვენც იგივე თანხას გადაიხდით, რასაც სხვა ავიაკომპანიები იხდიან?

- სარემონტო სამუშაოები 10 ოქტომბერს დაიწყება, სულ რამდენიმე დღეში. ჩვენს ყველა მომხმარებელს უკვე ვაცნობეთ. იმ მგზავრებს, რომელთაც თბილისიდან ფრენა არ უნდათ, გადაჯავშნის შესაძლებლობა აქვთ ან შეუძლიათ თანხა უკან დაიბრუნონ. ცხადია არ გვინდა გაგვიუქმდეს ფრენები და თბილისიდან ფრენა ერთადერთი ალტერნატივა იყო. იცით, რომ თბილისში აეროპორტის მოსაკრებელი უფრო დიდია, ვიდრე ქუთაისში და ამ მიზეზით Wizz air მხოლოდ ქუთაისიდან დაფრინავს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტისგან კარგი შეთავაზებები გვქონდა, თუმცა რადგან ჩვენ მოსაკრებელზე ძალიან ვართ ფოკუსირებული, არჩევანს ქუთაისზე ვაკეთებთ. TAV-თვის გადახდილ თანხაზე არ შემიძლია კონკრეტული ინფორმაცია გაგიზიაროთ. სარემონტო სამუშაოები მხოლოდ ორი კვირა გაგრძელდება და ისევ ქუთაისში განვაგრძობთ ოპერირებას იმ მოსაკრებლის გამო, რაც ქუთაისის შემთხვევაში გვაქვს. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აეროპორტში უკეთესი პირობები იქნება და ველოდებით ამ ცვლილებებს.

- ჩემი შემდეგი კითხვა ბილეთების ფასს შეეხება, რაც ამ ეტაპზე რეკორდულ ნიშნულს აღწევს. და ეს ხდება ბიუჯეტური ავიაკომპანიების შემთხვევაშიც. თუ ეს პროცესი გაგრძელდა და ბილეთებზე მაღალი ფასი შენარჩუნდა, როგორ ხედავთ ბიუჯეტური ავიაკომპანიების მომავალს? მაგალითად Wizz air-ს ხალხი ადრე ფასის გამო ირჩევდა, რაც ახლა თითქმის ე.წ სრული სერვისის მქონე კომპანიების მსგავსია. ასეთ პირობებში რა მომავალი შესაძლოა ჰქონდეთ ბიუჯეტურ კომპანიებს.

- გვჯერა, რომ ხალხს კვლავ ურჩევნია ჩვენთან ერთად ფრენა. იმის მიუხედავად, რომ ფასები უფრო მაღალია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. ეს გამოწვეულია მაკრო-ეკონომიკური ვითარებით. ჯერ კიდევ გვაქვს უფრო დაბალი ფასი ბილეთებზე სრული ე.წ. სერვისის მქონე ავიაკომპანიებთან შედარებით. მომხმარებელს კარგ სერვისს ვთავაზობთ და ყველაფერს ვაკეთებთ მათზე ზრუნვისთვის. ნამდვილად მჯერა, რომ ბიუჯეტურ კომპანიებს მომავალი აქვთ და უფრო “ნათელი” მომავალიც, ვიდრე სხვებს. თუმცა ეკონომიკის კუთხით გამოწვევებია. მიგვაჩნია, რომ მოგზაურები ფასს ყურადღებას მიაქცევენ და ჩვენთან ერთად იფრენენ. როგორც ბიუჯეტური კომპანია, ბუნებრივია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაბალი ფასი შევინარჩუნოთ. ეს არის ის, რაც გვინდა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ. კარგი სერვისი, თუმცა ხელმისაწვდომ ფასად.

- რამდენად შესაძლებელია ეს? თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ვითარებას, რაც არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში ახლა არის.

- როგორც ახსენეთ, ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია. პირობას ვერ დავდებთ, რომ ფასი ისეთივე დაბალი იყოს, როგორიც რამდენიმე წლის წინ, რადგან ინფლაციის მაჩვენებელი რეკორდულად იზრდება და საწვავის ფასიც უფრო გაზრდილია. ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე ვამჩნევთ, რომ ფასები იზრდება და ეს უკვე ტენდენციაა. მაგრამ ვიმეორებ, Wizz air ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება დაბალი ფასი შევინარჩუნოთ. ეს ზოგჯერ არ გამოგვდის იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რაც ვახსენეთ.

- ბოლოსკენ, მინდა კიდევ დავუბრუნდე ქუთაისის საკითხს. ხედავთ ამ აეროპორტის სატრანზიტო მომავალს?

- საქართველო საკმაოდ მნიშვნელოვანი ბაზარია, რაზეც ყოველთვის მივუთითებთ. ჩვენ პრეპადემიურ დონეს აქ უკვე დავუბრუნდით და მიმართულებებიც გავზარდეთ, რაც პანდემიამდე გვქონდა. საქართველოს ბაზარი მზარდია. ჩვენი გეგმაა, რომ უფრო მეტად გავიზარდოთ. თუ ყველაფერი ისე მოხდა, რა ჩანაფიქრიც გვაქვს. ასევე გვჯერა, რომ საქართველოს როგორც სატრანზიტო მიმართულებას მომავალი აქვს. შესაძლოა ეს მომდევნო 10 წელშიც მოხდეს. თუმცა ამ ეტაპზე ამ საკითხზე უფრო კონკრეტულად არაფრის თქმა შემიძლია.

- მინდა სამომავლო გეგმებზე გკითხოთ. გვესმის, რომ ზამთრის პერიოდი მოდის, მაგრამ მაინც თუ გაქვთ რამე კონკრეტული გეგმა?

- სულ ახლახან აგვისტოში მეორე ბაზირებული ხომალდი დავაბრუნეთ და გავზარდეთ სიხშირეები ბევრ მიმართულებაზე. ველოდებით, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოს საავიაციო ბაზარზე ჩვენი წილი დაახლოებით 20% იქნება. რაც შეეხება ახალ მიმართულებას, ვიმედოვნებთ, მომდევნო ზაფხულისთვის უკვე შეგვეძლება ამ საკითხზე საუბარი.