21.მარტი .2020 14:03

"პირველადი მოხმარების სურსათის საკმარისი მარაგები გვაქვს, დეფიციტის საფრთხე არ არსებობს"

views 451
უკან

თბილისში არსებული მსხვილი იმპორტიორების საწყობებში იმყოფებოდნენ და არსებული სასურსათო მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგულარულად იღებს ინფორმაციას არსებული სასურსათო მარაგებისა და ფასების შესახებ. დღეისათვის ქვეყანაში პირველადი მოხმარების სურსათის საკმარისი მარაგებია, რაც იმას ნიშნავს, რომ დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. მოსახლეობას პროდუქტების დიდი რაოდენობის შეძენის საბაბი არ აქვს; ასევე მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ფასების სპეკულაციური ზრდა. სოციალური პასუხისმგებლობა არსებულ ვითარებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციის საწყობების ხელმძღვანელების განცხადებით, მარაგები საკმარისია და მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა შეუფერხებლად ხორციელდება. ძირითადი მომწოდებელი ქვეყნებისგან (აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი და უკრაინა) პროდუქციის მოწოდების მხრივ პრობლემები არ არსებობს.

საბითუმო საწყობი „დაფნა“, შპს „ჯიბე“ და „მზიური“, სადაც ძირითადად საკვები ზეთის დასაწყობება ხდება, საკმარისზე მეტი პროდუქცია აქვთ და დამატებით ტვირთს რამდენიმე დღეში ელოდებიან.