მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პოლონეთი მზად არის საზღვრები გაუხსნას საქართველოს, თუმცა იქ კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარება არ არის"

5f0821db067dc
ინგა მურუსიძე
10.07.20 12:26
1909
რეგიონული განვითარებისა და იფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამბობს, ვიდრე ვინმე ისაუბრებს იმაზე, თუ რატომ გაიხსნა საზღვრები მხოლოდ ხუთ ქვეყანასთან, უნდა გაეცნოს სხვა ქვეყნებში არსებულ ეპიდემილოგიურ ვითარებას და დათქმებს, რომლებსაც ესა თუ ის ქვეყანა საქართველოს უყენებს.

„კარგი იქნება გაეცნოთ ევროკავშირის ქვეყნების რეკომენდაციებს სხვადასხვა ქვეყნების საზღვრებთან დაკავშირებით. მაშინ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროპამ გაგვიხსნა საზღვრები, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრმა ქვეყანამ საზღვრები გაგვიხსნა დათქმებით. ზოგმა გახსნა საზღვარი მხოლოდ აუცილებელი მიზნებისთვის, განათლების მიღების მიზნით, ან სამკურნალოდ. ბევრმა ქვეყანამ გახსნა საზღვრები მხოლოდ კარანტინის რეჟიმით.

რაც შეეხება მაგალითად პოლონეთს, მიუხედავად იმისა, რომ ის გამოთქვამდა მზად ყოფნას კარანტინის გარეშე საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პოლონეთს და უკრაინას ერთმანეთთან აქვთ გახსნილი საზღვრები, ხოლო უკრაინაში კორონავირუსის ასობით შემთხვევა ფიქსირდება. შესაბამისად, პოლონეთშიც მაღალი ეპიდემილოგიური ფონია. პოლონეთი მზად არის საზღვრები გაუხსნას საქართველოს, იმიტომ რომ ჩვენთან კარგი ეპიდემილოგიური ვითარებაა, თუმცა იქ არ არის ასე და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეკონომიკას და მოქალაქეების ჯანმრთელობას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა მუშაობს სხვადასხვა ქვეყნებთან, მოლაპარაკებები აქვს ელჩებთან და ცდილობს ყველა ქვეყანაზე ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღოს.

„არავის მხრიდან არანაირი უკმაყოფილება არ არის და ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ სახელმწიფოს აქვს მოვალეობა დაიცვას თავისი მოქალაქეები და თავისი ქვეყნის ეკონომიკა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით საზღვარი 5 ქვეყნის, კერძოდ კი გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის მოქალაქეებისთვის გახსნა. არსებული მდგომარეობით, ამ ყველა ქვეყანასთან საქართველოს ავიამიმოსვლა არ აკავშირებს.