მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრემიერმა თქვა, რომ 200 ლარიანი კომპენსაციის გაცემა გაგრძელდება" - ფხაკაძე

5f8edbc64194d
ინგა მურუსიძე
20.10.20 16:51
5536

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის ინფორმაციით, ბიზნესმენებთან შეხვედრისას პრემიერმა თქვა, რომ უსამსახუროდ დარჩენილთათვის 200 ლარიანი კომპენსაციების გაცემა გაგრძელდება.

"თუ სწორად მახსოვს, პრემიერმა დღევანდელ შეხვედრაზე ახსენა, რომ ეს დახმარება გაგრძელდება და მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა. თუმცა, როგორც ჩვენ გავიგეთ, ხელისუფლება არა მარტო ამ დახმარების გაგრძელებას აპირებს, არამედ იქნება ახალ ღონისძიებათა პაკეტიც. ჩვენ ყველას გვესმის, რომ პანდემია არსად წასულა, მას განგრძობითი ხასიათი აქვს და ამიტომ ხელისუფლებას გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. ვფიქრობ, ეს ძალიან რაციონალური და სწორია", – განაცხადა ფხაკაძემ.


შეგახსენებთ, ოქტომბერში უკვე სრულდება ექვსთვიანი პროგრამა, რომლითაც კორონავირუსის პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას იღებდნენ. კომპენსაციების 6-თვიანი პროგრამა აპრილში დამტკიცდა და ის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წარადგინა. მაშინ გაკეთებული განცხადების თანახმად, დახმარებებისთვის ბიუჯეტში 460 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. 

BMG-იმ ცოტა ხნის წინ გამოითხოვა ოფიციალური სტატისტიკა იმის თაობაზე, თუ რამდენმა ადამიანმა მიიღო უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაცია და რა თანხა არის ამ პროგრამაზე დახარჯული. როგორც ირკვევა, 460 მილიონის ნაცვლად, კომპენსაციების ბიუჯეტის ჯამური ათვისება 106 მილიონი ლარი იყო.

კომპენსაცია 6 თვის განმავლობაში გაიცემოდა, თუმცა მოქალაქეებს ის უწყდებოდათ მაშინვე, თუკი მათ ანგარიშზე 10 ლარზე მეტი მოცულობის სხვა შემოსავალი დაფიქსირდებოდა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში ამ დახმარებით ერთხელ მაინც 161,905-მა ადამიანმა ისარგებლა.

თვეების მიხედვით კომპენსაციის მიმღებთა სტატისტიკა ასეთია:

მაისი - 72 131 პირს გადაერიცხა 14 426 200 ლარი;
ივნისი - 143 801 პირს გადაერიცხა - 28 760 200 ლარი;
ივლისი - 127 430 პირს გადაერიცხა - 25 486 000 ლარი;
აგვისტო - 96 765 პირს გადაერიცხა - 19 353 000 ლარი;
სექტემბერი - 91 315 პირს გადაერიცხა - 18 263 000 ლარი;