მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრემიერს ღიად ვესაუბრე" – რა უთხრა ღარიბაშვილს მისმა მრჩეველმა, როცა საქართველომ EU–ს €75 მლნ–იან სესხზე უარი თქვა?

6174161404d6d
ელენე კვანჭილაშვილი
23.10.21 20:00
1161
ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი აცხადებს, რომ ევროკავშირის 75–მილიონიან სესხზე უარის თქმა ინვესტორებს გარკვეულ კითხვებს გაუჩენდა. EIB-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა ექსკლუზიური ინტერვიუ Forbes Talks-ს მისცა.

როგორც ჰუდაკი ამბობს, ის ამის შესახებ პრემიერს ღიად ესაუბრა.

“გზავნილი, რომელიც ამ გადაწყვეტილებით ინვესტორებმა მიიღეს გარკვეული არასტაბილურობის მანიშნებელი იყო. ამდენად ჩემი რჩევა პრემიერის მიმართ იყო, რომ ინვესტორებისთვის მკაფიოდ განემარტა, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რომ მას უარყოფითი გავლენა არ ექნება სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით”,– ამბობს ჰუდაკი.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც გიორგი ისაკაძემ(შემდგომში: გ.ი.) და ელენე კვანჭილაშვილმა(შემდგომში ე.კ.) მოამზადეს ვაზილ ჰუდაკთან და რომელიც უშუალოდ ამ საკითხს ეხება:

ე.კ.:ბატონო ჰუდაკ, მახსოვს თქვენი პირველი გამოჩენა მედიის წინაშე - მაშინ თქვენი მთავარი აქცენტი იყო, საქართველოსთვის რაც შეიძლება მეტი დახმარების მოზიდვა ევროკავშირის ინიციატივიდან, რომელიც პოსტ-კოვიდ პერიოდში ქვეყნების გაძლიერებას ემსახურება. ამის შემდეგ ბევრი რამ მოხდა - მათ შორის, ქართულმა ოცნებამ უარი თქვა ევროკავშირის უკვე დამტკიცებული სესხის მეორე ტრანშზე. რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ აღიარა, რომ უარის მიზეზი პირველ რიგში იყო ის, რომ მთავრობას ჰქონდა მოლოდინი, რომ შარლ მიშელის ხელშეკრულებიდან გასვლისა და სასამართლო რეფორმასთან მიმართებით ევროკავშირის მკვეთრად უარყოფითი დასკვნის შემდეგ, ევროკავშირი არ სესხს მაინც არ დაგვიმტკიცებდა და მეორე მიზეზი იყო ვალის შემცირება. თქვენ თუ გკითხათ პრემიერმინისტრმა რჩევა, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა და ზოგადად, როგორ აფასებთ ევროკავშირთან ურთიერთობის მსგავს განვითარებას?

ეს ძალიან შიდა საკითხია, შიდა პოლიტიკის საკითხია. ჩემი შეთანხმება პრემიერმინისტრთან და ეს ჩემი სურვილიც იყო არის ის, რომ შიდა პოლიტიკასთან მჭიდრო კავშირი არ მაქვს.

გ.ი: სურვილიც და მანდატიც ალბათ.

მანდატიც. ვცდილობ, პარტიებს შორის მომლაპარაკებლის როლი არ მქონდეს და არ ვარკვევ იმას, ვინ მართალია და ვინ - მტყუანი. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ - ინვესტორებს ვიზიდავ საქართველოში, რადგან ვფიქრობ, რომ ეს საქართველოსთვის ძალიან კარგია. საქართველო ქვეყანაა, რომელსაც საინვესტიციოდ მიმზიდველი გარემო აქვს.

ე.კ: თუმცა, მე მაინც ვიკამათებდი თქვენთან იმაზე, რომ ირიბად ეს გადაწყვეტილება თქვენს მანდატსაც ეხება, რადგან თქვენი პასუხისმგებლობაც არის მეტი ინვესტიციის მოზიდვა საქართველოში, რადგან თქვენ ამას დათანხმდით. ეს გადაწყვეტილება კი ინვესტორებმა ირიბად შესაძლოა სასამართლო რეფორმის დღის წესრიგზე უარის თქმადაც აღიქვან - რადგან ევროკავშირის სესხის მეორე ტრანში წინაპირობიანი სესხი იყო და პირობა ინვესტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმას - დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, საკუთრების უფლებების დამცავ სასამართლოს ეხებოდა, რასაც საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

დიახ, ვახსენე რამდენიმე წუთის წინ, რომ სტაბილურობის, გამჭვირვალობის, განჭვრეტადობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის. აქ მოიაზრება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაც - ამდენად, რა თქმა უნდა, ღიად ვესაუბრე პრემიერს, რომ ინვესტორების მხრიდან კითხვის ნიშნები იქნებოდა. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის ძნელია იმის განსაზღვრა, რამდენად ადგილობრივი სიტუაციისთვის რელევანტურად წარიმართა მთელი პროცესი. ევროკავშირის შიგნითაც გვაქვს პოლონეთის მაგალითი. სულ ახლახან საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რიგ შემთხვევებში პოლონეთის კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესია - ეს გადაწყვეტილება არ მოსწონს ბრიუსელში, ევროკომისიაში. ამდენად მსგავსი შემთხვევები ხდება არა მხოლოდ საქართველოში, ევროკავშირის გარეთ არამედ, ევროკავშირის შიგნითაც. ამდენად, მე არ მინდა განვსაჯო რამდენად სწორი ან არასწორი გადაწყვეტილება იყო ეს გადაწყვეტილება - ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გზავნილი, რომელიც ამ გადაწყვეტილებით ინვესტორებმა მიიღეს გარკვეული არასტაბილურობის მანიშნებელი იყო. ამდენად ჩემი რჩევა პრემიერის მიმართ იყო, რომ ინვესტორებისთვის მკაფიოდ განემარტა, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რომ მას უარყოფითი გავლენა არ ექნება სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.

ე.კ.: მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისითაც რომ შევხედოთ ამ უარს - ევროკავშირის სესხი ბევრად იაფი იყო, ვიდრე ის სესხები, რაც მთავრობამ მოგვიანებით აიღო, მათ შორის, კოვიდთან ბრძოლის მოტივითაც. მახსოვს, 2019 წლის ივლისში - მაშინ ჯერ კიდევ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტი იყავით - გვითხარით, რომ ამაყობდით იმ ფაქტით, რომ საქართველო პერ კაპიტა ერთ-ერთი მთავარი მიმღები იყო ევროპის ფინანსური მხარდაჭერის - ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ გადაწყვეტილებით კითხვის ნიშნები გაუჩნდათ არა მხოლოდ ინვესტორებს, არამედ, დონორებსაც, რადგან ალბათ, თქვენი ვალდებულების შესასრულებლად, მათთან მჭიდრო თანამშრომლობაც გჭირდებათ, რომ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის პროცესი კოორდინირებული იყოს?

როცა საქართველოს გარედან უყურებ - და მესმის, რომ შიგნით ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად ემოციური საკითხია, რომელსაც დიდი განხილვები მოჰყვება - მაგრამ როცა საქართველოს გარედან უყურებ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის საკმაოდ კარგად გამოიყურება. მაგალითად, იგივე ადგილობრივი არჩევნების შედეგები, სადაც მმართველმა პარტიამ ხმების 47% აიღო - ევროპაში ვერ ნახავთ სამთავრობო პარტიას, რომელსაც 40%-ზე მეტი ხმა აქვს. ევროპაში პარტიების უმრავლესობა კოალიციებშია გაერთიანებული - ამ პარტიების ხმათა რაოდენობა 20-25%-ია…