მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრობლემა უფასო დენმა გააჩინა“ - რამდენად სწორია ტერმინი "უკანონო მაინინგი“?

61d2f7aeac415
მარიამ ვარადაშვილი
03.01.22 17:35
1990
მესტია ახალ წელს სტაბილური ელექტრომომარაგებით შეხვდა. როგორც დღეს, bm.ge-ის „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განუცხადეს, ბოლო სამი დღეა მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია გრაფიკის გარეშე მიეწოდება, მაგრამ კომპანიის ინფორმაციით, ამ დღეების განმავლობაში დენის მოხმარება არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც და ჯერჯერობით, მესტიის შეუფერხებელი ელექტრომომარაგება მაღალი ძაბვის ხაზის - „მოაშის“ რეაბილიტაციის ხარჯზე ხერხდება, თუმცა არაა გამორიცხული, გაზრდილმა მოხმარებამ ავარიული გათიშვები ისევ გამოიწვიოს.

მესტიის სტაბილური ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფის კონკრეტული გზა, ჯერჯერობით, არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემის სათავე ცხადია - მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ელექტროენერგია მოქალაქეებს უფასოდ მიეწოდებათ, რამაც რეგიონი კრიპიტოვალუტის მწარმოებლებისთვის მიმზიდველი გახადა და წლიდან წლამდე მზარდმა მაინინგმა კი ელექტრომომარაგების უწყვეტობას სერიოზული საფრთხე შეუქმნა. დეკემბრის ბოლოსკენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ განცხადებაც გაავრცელა და ადგილობრივებს მაინერების გამორთვისკენ მოუწოდა, მაგრამ უშედეგოდ.

ამდენად, ვიდრე მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაც მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს ისე გადაიხდის, როგორც - დანარჩენი საქართველოს აბონენტები, პრობლემის გადაჭრის დროებით გზად მესტიაში მაინერების გამორთვა რჩება. ასეთი პირობა წინა წლის 30 დეკემბერს წმინდა გიორგის ეკლესიაში შეკრებილმა მესტიელებმაც თავად დადეს - "დღემდე ყველას ეპატიოს, ხოლო დღეიდან ვინც მაინერი არ გამორთოს, წმინდა გიორგი გაუწყრეს!"

უნდა აღინიშნოს, რომ მესტიაში კრიპტოვალუტის წარმოებას ხშირად „უკანონო მაინინგს“ უწოდებენ, მაგრამ საინტერესოა, რამდენად სწორია ეს ტერმინი და ზოგადად, რა ტარიფი უნდა გადაიხადონ მაინერებმა - კომერციული თუ საყოფაცხოვრებო.
“თავად ცნება „უკანონო მაინინგი“ გაურკვეველია, რადგან დენის მოხმარება თავისთავად უკანონო ვერ იქნება“, - ამბობს BMG-სთან ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის საორგანიზაციო ჯგუფის კოორდინატორი დავით კიზირია და იქვე დასძენს, რომ შეუძლებელია, მაინინგი უკანონო საქმიანობად ჩაითვალოს.

დავით კიზირიას შეფასებით, პრობლემა უფასო დენმა გააჩინა და ამდენად, შესაბამისი უწყებების მიერ სწორედ ეს საკითხი უნდა მოგვარდეს.

“თავად ცნება - „უკანონო მაინინგი“ გაურკვეველია, რადგან ელექტროენერგიის მოხმარება თავისთავად უკანონო ვერ იქნება. ნორმალურ შემთხვევაში ამას ყველაზე კარგად ბაზარი არეგულირებს. თუ რამე რესურსს ყიდულობ და იმ რესურსის საფუძველზე უფრო მოგებიან რაღაცას აწარმოებ, ბუნებრივია, ამას გააკეთებ. ეს შეიძლება იყოს მაინინგი ან რაღაც სხვა, ამიტომ ვინც ამ საქმიანობას ეწევა, მათი ქმედება სრულიად ლოგიკურია.

შესაძლოა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მესტიაში ელექტროენერგია უფასოა და რადგან უფასოა, აქტიურად ხარჯავენ. ელექტროენერგიის უფასოობა კი არ ვიცი, რითია ახსნილი. ფაქტია, ეს პრობლემა ამ უფასო დენმა გააჩინა, თუმცა ის უფასოა კონკრეტული მოხმარებლისთვის, მაგრამ მის საფასურს ყველა ვიხდით, რაც საბოლოო ჯამში, ელექტროენერგიის მოხმარების ბალანსზე ზემოქმედებს და რისკის ქვეშ აყენებს ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილურობას; დაუწესოს სახელმწიფომ მოსახლეობას მომხარების ლიმიტი - ყველაზე მარტივ გამოსავლად ეს მიმაჩნია“, - აცხადებს დავით კიზირია, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ ზოგადად, ასეთი რეგულაცია და მოხმარების ლიმიტის განსაზღვრა სასურველი არაა.

„თუმცა რადგან სახელმწიფო ერთხელ უკვე ჩაერია და მესტიის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება, ლიმიტის დაწესებით ვითარება უფრო ლოგიკური გახდება“, - დასძინა მან.

მაინინგის თემაზე საუბრისას ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის საორგანიზაციო ჯგუფის კოორდინატორს Bm.ge-მ ასევე ჰკითხა - როგორ უნდა დაიბეგრონ მაინერები ანუ რომელი ტარიფი უნდა გადაიხადონ - საყოფაცხოვრებო თუ კომერციული, რაზეც დავით კიზირიამ გვიპასუხა, რომ მაინერებისთვის ელექტროენერგიის არასაყოფაცხოვრებო ტარიფის დაწესება მაინინგით დაკავებული ადამიანების რიცხვს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ის სხვა დამატებით რისკებსაც ხედავს.

„თუ ჩვენ მაინინგის დაბეგვრას ვიწყებთ, საბოლოო ჯამში, ამით ამ ინდუსტრიის განვითარების მოტივაციას ვამცირებთ. თუ დღეს საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილმა აუღო ალღო და აქედან გარკვეულ სარგებელს იღებს, რისკია, რომ მათმა ნაწილმაც შეწყვიტოს ეს ყველაფერი. ზოგიერთი შეეცდება კორუფციული გამოსავალი იპოვოს. ასევე, აქვე ჩნდება მეორე პრობლემა - მაინინგი რეალურად რა არის?! ეს არის კომპიუტერი, რომელიც გარკვეულ გამოთვლებს აწარმოებს. თუ სპეცსამსახურები არ ჩართე და მიყურადება/მოსმენებს არ მიმართე, გაჭირდება იმის გარკვევა, ადამიანი მათემატიკურ გამოთვლას აწარმოებს, ხელოვნური ინტელექტი აქვს ჩართული თუ მაინინგით არის დაკავებული. აქედან გამომდინარე, საკმაოდ რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა”, - აცხადებს დავით კიზირია.