მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრობლემების შესახებ ზუსტად იციან" - ივა ჭყონია მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრაზე

63f096cd821e5
ინგა მურუსიძე
18.02.23 13:19
1133
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სურსათის სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ესწრებოდა დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ივა ჭყონია, რომელიც bm.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს, თუ როგორ ხდება ფასწარმოქმნა პროდუქტზე, როგორც შეფუთულზე, ისე ბრენდირებულზე.

ივა ჭყონიას თქმით, შეხვედრას ესწრებოდა რითეილ-სექტორი და მათაც დააფიქსირეს თავიანთი პოზიციები, თუ რისთვის სჭირდებათ ე.წ. ქეშბექები და ა.შ.

დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, ვიცე-პრემიერმა დაავალა კონკურენციის სააგენტოს, რომ შეიქმნას ჯგუფი, რომელიც შეიკრიბება და იმსჯელებს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასნამატი იყოს ნაკლები როგორც სადისტრიბუციო კომპანიებისგან, ისე რითეილ-სექტორისგან.

„ჩვენ ვუთხარით ზუსტად ის, რაც აქამდე გვქონდა ნათქვამი. ზუსტად იციან იმ პრობლემების შესახებ, რაც აქამდეც იყო, რომ ის ფასნამატი, რომელიც იმპორტიორ სადისტრიბუციო კომპანიებს აქვთ, გამომდინარეობს იქიდან, რომ გვიწევს დიდი გადასახადების გადახდა ქსელური სუპერმარკეტებისთვის. რაც შეეხება გამოსავალს, სამუშაო ჯგუფი ალბათ დეტალურად იმსჯელებს, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ისე, რომ ნაკლები ფასნამატი იყოს ჩვენი მხრიდან და რითეილ-სექტორისგან ნაკლები იყოს მოთხოვნა. თუ რითეილი დამიკლებს ქეშბექს, მეც ფასს დავუკლებ. ეს უნდა მოხდეს რითეილთან შეთანხმებით. გარდა ამისა, ჩვენ დავაყენეთ საკითხი იმის შესახებ, რომ რითეილ-კომპანიების ნაწილი გადასახადებს არ იხდის დროულად და ეს სერიოზული პრობლემაა. ასევე, კომპანიებს რეალიზებული პროდუქციის თანხის მიღება უწევთ 60, 70 და 80 დღეში“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

გარდა ამისა, დაიწყება მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც სექტორს დაარეგულირებს.

„კანონპროექტი უნდა იყოს ისეთი, რომელიც დაარეგულირებს სექტორს, თუმცა ბიზნესი ჩართული იქნება და არც ერთ სექტორს არ დააზარალებს“, - თქვა ჭყონიამ.

სამუშაო ჯგუფი, რომელიც რითეილ და დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციისგან შედგება, კონკურენციის სააგენტოსთან და სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად მომავალი კვირიდან დაიწყებს მუშაობას.

ინფორმაციისთვის, პირველად პროდუქტზე ფასების დაკლების და ამ საკითხის დარეგულირების ინიციატივა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.