მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროდუქტის გაძვირებას რა აზრი აქვს, თუ არ გაგეყიდება" - "ალალის" გამოწვევები

60993c9a10348
ინგა მურუსიძე
11.05.21 09:45
1104
ჩაკეტილი ჰორეკა სექტორი, გაზრდილი ხარჯები და Covid-რეგულაციები - ეს ის ძირითადი გამოწვევებია, რასაც ქართული ნატურალური წვენების ("ალალი") მწარმოებელი კომპანია "აჩინებულის" დამფუძნებელი გოჩა ღვინეფაძე bm.ge-სთან საუბრისას ასახელებს. მისი თქმით, პროდუქციის რეალიზაციის შემცირების ერთ-ერთი პირველი მიზეზი სარესტორნო ბიზნესის შეზღუდვაა.

"პანდემიის დაწყებამდე არსებულ პერიოდთან შედარებით ნატურალური წვენების გაყიდვები 20%-ით შემცირდა, რაც ძირითადად ჰორეკა სექტორის ჩაკეტვას უკავშირდება. სარესტორნო ბიზნესი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და ამან თავისი დაღი ჩვენც დაგვასვა. პრობლემები შეგვექმნა ექსპორტის მიმართულებითაც - ვეღარ დავდიოდით მოლაპარაკებებზე, პარტნიორები ვეღარ ახერხებდნენ ჩამოსვლას და ა.შ.", - აცხადებს გოჩა ღვინეფაძე.

გარდა ამისა, მეწარმისთვის პრობლემაა გაზრდილი ხარჯები, რომლის დიდი წილი კომუნალური გადასახადების ტარიფის ზრდასა და covid-რეგულაციებით გათვალისწინებული წესების დაცვაზე მოდის. 

"თელავში საკუთარი საწარმო გვაქვს, რომელშიც დასაქმებულია 25 ადამიანი; როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩერდება, სოფლებიდან თანამშრომლების ტრანსპორტირება გვიწევს, რაც დამატებითი ხარჯია. გარდა ამისა, საჭიროა სადეზინფექციო საშუალებების შეძენა, მუდმივი თერმოსკრინინგი და ა.შ. ყველა ნორმას მაქსიმალურად ვასრულებთ, რადგან თუ წესებს არ დავიცავთ, გაიზრდება თანამშრომლების დაინფიცირების რისკი და საწარმოს დაკეტვა მოგვიწევს. ამდენად, ხარჯები საკმაოდ გაზრდილია, თუმცა ამას პროდუქციის ფასზე, ჯერჯერობით, არ ავსახავთ და  გამოწვევების მიუხედავად, ვცდილობთ, წარმოება არ გავაჩეროთ", - ამბობს ბიზნესმენი, თუმცა იქვე დასძენს, რომ შემდეგი წლისთვის "ალალის" წვენების გაძვირება გარდაუვალია.

"პროდუქტზე ფასები არ გაზრდილა და მიმდინარე წელს ეს გეგმაშიც არ არის. "ალალის" ფასები 5-6 ლარამდე მერყეობს. ცდილობთ, ფასები შევინარჩუნოთ, რადგან ისედაც უჭირს მოსახლეობას; თან გაძვირებას რა აზრი აქვს, თუ არ გაგეყიდება?! თუმცა მომავალ წელს ალბათ მოგვიწევს პროდუქციაზე ფასები 15-20%-ით გავზარდოთ", -  ამბობს "ალალის" დამფუძნებელი.

ცნობისთვის: ქართული ნატურალური ხილის წვენების მწარმოებელი კომპანია „აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. ის „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა და 2019 წლის ზაფხულიდან ამოქმედდა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.