მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროგრამა ₾100 მლნ დაჯდება" - ენმ სკოლებში უფასო კვების ინიციატივით გამოდის

6331a92ed4e1c
ინგა მურუსიძე
26.09.22 18:30
993
„ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის ამოქმედების ინიციატივით გამოდის. პარტიის წევრმა, ანი წითლიძემ დღეს პარლამენტში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პროგრამა 100 მლნ ლარი დაჯდება და ბიუჯეტს ამის რესურსი აქვს.

წითლიძის თქმით, ინიციატივა უკვე დარეგისტრირებულია. „მოვუწოდებთ განათლების კომიტეტს, მთავრობას და “ქართულ ოცნებას”, ამ ქვეყანაში ბავშვების 70%-ზე მეტს შია საჯარო სკოლებში და აუცილებელია, სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი უფასო კვება“, - თქვა წითლიძემ.

მისი თქმით, ეს საკითხი უნდა იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის.

„NDI-ის ბოლო გამოკითხვებით, ყოველმა მესამე მოქალაქემ თქვა, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი თანხა, რომ ოჯახი გამოეკვებათ. ეს ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ბავშვი ამ ქვეყანაში შიმშილობს. კიდევ უფრო მძიმეა მოძრაობა „ხმის“ მიერ ჩატარებული კვლევები სკოლებში, სადაც მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ განიცდის შიმშილს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, რაც მათ გონებრივ შესაძლებლობებზე პირდაპირ აისახება. ეს არის კატასტროფა და ეს უნდა იყოს ნომერი პირველი პრიორიტეტი როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის, რადგან არ შეიძლება, ბავშვები შიმშილობდნენ“, - განაცხადა ანი წითლიძემ.

2021-2022 წლების მონაცემებით, საქართველოში სულ 2086 საჯარო სკოლა მოქმედებს, სადაც 564,500 მოსწავლე ირიცხება.

შეგახსენებთ, სკოლებში უფასო კვების დანერგვასთან დაკავშირებით, ინიციატივა პირველად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ჯერ კიდევ 2021 წელს გააჟღერა. მოგვიანებით იმდროინდელმა ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნებოდა, რომ საკითხზე მთავრობა უკვე ზრუნავდა და ინტენსიურად წარიმართებოდა მუშაობა განათლების სამინისტროსთან, ასევე UNICEF-თან.

„მათთან ერთად პროექტი დეტალურად გაწერილია როგორც კვების მენიუს, ასევე ფინანსურ ნაწილში. ორი წლის წინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა და ეს უკვე განხილულია", - ამბობდა ჯანდაცვის მინისტრი 2021 წელს, თუმცა ამის შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით წინსვლა არ ყოფილა.