მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პსპ დაზღვევა": სამედიცინო მომსახურების ტარიფები 10%-15%-ით გაძვირდა

603cfed30c7ce
ელენე გოგბერაშვილი
02.03.21 09:45
1241
სადაზღვევო სექტორი ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებზე ფასების გადახედვას აანონსებს. სხვა არაერთ ფაქტორთან ერთად ამის მთავარი მიზეზი სამედიცინო მომსახურებასა და სერვისებზე ფასების ზრდაა.

როგორც "პსპ დაზღვევის" გენერალური დირექტორი ამბობს, მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულება ბოლო პერიოდში 10%-15%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა კი, ძირითადად, კოვიდ რეალობამ განაპირობა. კლინიკების მომსახურების გაძვირებაზე გავლენა აქვს ლარის კურსსაც, რომელიც თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ერთ წელიწადში 16%-ით არის გაუფასურებული.

„ფასის ზრდა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და ეს არის მარტო სამედიცინო მომსახურების ღირებულების ზრდა. პირველი, რაც შეიძლება ითქვას, ეს არის კოვიდის ეფექტი სადაზღვევო ინდუსტრიაზე, ბუნებრივია, სადაზღვევო პოლისის ფასზე გავლენა აქვს სამედიცინო მომსახურების ღირებულებას. ზოგადად, მოხმარება ანუ უტილიზაცია გაზრდილია და ესეც შეიძლება განვიხილოთ მოქმედ ფაქტორად პრემიის ზრდაზე. გარდა ინფლაციისა, გარდა სერვისებზე მოთხოვნის გაზრდისა არის ბევრი კომპონენტი, რომელიც გვაფიქრებინებს, მივიღოთ რიგი გადაწყვეტლება სადაზღვევო პრემიასთან დაკავშირებით. ძალიან ფრთხილი, ზომიერი გადაწყვეტილების ხაზზე ვდგავართ და გვიწევს ამ საკითხზე მსჯელობა. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია, მაგრამ გადაწყვეტილებები მწიფდება და ამაზე მოქმედებს ბევრი ფაქტორი.

სამედიცინო მომსახურების ტარიფები ბოლო ხანია ძვირდება 10%-15%-ით. სამედიცინო ბაზარზე შეიცვალა მდგომარეობა. თუნდაც გადაუდებელი მომსახურების მიწოდებაში იყო შეფერხებები, შემდგომ ეს სიტუაცია დასტაბილურდა, მაგრამ ზოგადად, პროვაიდერების ქცევა, სატარიფო ბადე, მომსახურების ხელშეკრულებების ცვლილებებზე გააქტიურდა საუბარი კოვიდის პირველი ტალღის შემდეგ. მათ მხარესაც არსებობს ობიექტური ფაქტორები, რაც განაპირობებს სამედიცინო მომსახურების ზრდას, თუნდაც სახარჯი მასალებიდან გამომდინარე. იცით, რომ კოვიდის შემთხვევაში სამედიცინო პერსონალს მოეთხოვება დამატებითი სახარჯი მასალა, რაც არის ძირითადად იმპორტირებული და დოლარის კურსზეა მიბმული, თუნდაც ეს ერთი კონკრეტული ფაქტორი გავლენას ახდენს მომსახურების ღირებულებაზე. ეს განსაკუთრებით შეინიშნება სტომატოლოგიურ სერვისებზე და კერძო სასწრაფო დახმარების სერვისზე, რადგან გამოძახებაზე ცალკე ეკიპირება აქვთ და ეს ხარჯებზე მოქმედებს“, - აცხადებს სოფო ლებანიძე.

ის, რომ სამედიცინო მომსახურება და სერვისები გაძვირდა, ამას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. ბოლო ერთ წელიწადში ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში (9,7%) ფასები თითქმის 10%-ით გაძვირდა, მათ შორის ყველაზე მეტად ფასები სამედიცინო პროდუქციასა (14%) და ამბულატორიულ მომსახურებაზეა (11,9%) გაზრდილი.