მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"PSP ფარმას" შემოსავალი 2021 წელს 745 მლნ ლარი იყო

635a413a1f65e
BM.GE
28.10.22 09:35
1251
საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოთამაშემ “პსპ ფარმამ” 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს კომპანიის მთლიანი შემოსავალი 110 მილიონი ლარით, 745 მილიონამდე გაიზარდა.

მკვეთრად გაიზარდა “პსპ ფარმას” მოგებაც, თუკი 2020 წელს კომპანიამ 16.6 მილიონის წმინდა მოგება გამოიმუშავა, 2021 წელს ეს თანხა 3.7-ჯერ, 61.8 მილიონამდე გაიზარდა

კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად, “პსპ ფარმა” სააფთიაქო ქსელთან ერთად ფლობს შპს “ნიუ ჰოსპიტალის” 100%-იან წილს და შპს “მედკაპიტალის” 50%-იან წილს. კონკრეტული მიმართულებების მიხედვით, კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდება:

• მედიკამენტების საცალო რეალიზაცია - 512 მილიონი ლარი, ზრდა 18%;
• მედიკამენტების საბითუმო რეალიზაცია - 164 მილიონი ლარი, ზრდა 10%;
• შემოსავალი სამედიცინო მომსახურებიდან - 64 მილიონი ლარი, ზრდა 34%.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება 389 მილიონი ლარი იყო, საბითუმოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება 134 მილიონს შეადგენდა, ხოლო გაწეული სამედიცინო მომსახურების თვითღირებულება 57 მილიონი იყო.

კომპანიას ამასთანავე ჰქონდა 90 მილიონი ლარის გაყიდვების ხარჯები, და 23.7 მილიონის ადმინისტრაციული ხარჯები.

“პსპ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე 1994 წლიდან ოპერირებს. მან საქმიანობა საქართველოში ევროპული მწარმოებლების პარტნიორობით დაიწყო. დღესდღეობით „პსპ“ ახორციელებს 16,000-ზე მეტი დასახელების ფარმაცევტული პროდუქტის, სამკურნალო კოსმეტიკის, ჰიგიენური საშუალებების იმპორტს და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

“პსპ ფარმა” ქვეყნის მასშტაბით 288 აფთიაქით ოპერირებს. ამასთანავე, კომპანიის საკუთრებაშია 275 საწოლიანი საავადმყოფო “ნიუ ჰოსპიტალი”.

“2021 წლის დასაწყისში „კოვიდ პერიოდის“ უარყოფითი გავლენა ისევ იგრძნობოდა და საკმაოდ რთული აღმოჩნდა სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ. იმის მიუხედავად, რომ 2021 წელს პანდემია ისევ გრძელდებოდა საზოგადოებამ და ბიზნეს სექტორმა ისწავლეს თუ როგორ უნდა გამკლავებოდნენ მისგან გამოწვეულ პრობლემებს. უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის მეორე ნახევარში ქვეყანამ დაიწყო ეტაპობრივი აღდგენა, რაც თავისთავად აისახა სხვადასხვა ფინანსურ და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. 2021 წელს საქართველოს რეალური მშპ გაიზარდა 10.4%-ით. დოლარის კურსი კი გამყარდა 5,78%-ით. 2020 წელს „პსპ“-ს მოუწია ახალ რეალობაზე გადაწყობა, კომპანიამ შეიმუშავა რამდენიმე სამოქმედო სცენარი პანდემიის მოსალოდნელი განვითარებიდან გამომდინარე, ფინანსური, ეკონომიკური და სოციალური რისკების გათვალისწინებით. უპირველესი მიზანი იყო თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა; შემდეგი მნიშვნელოვანი ამოცანა იყო ქვეყნის ფარმაცევტული პროდუქტით უწყვეტი მომარაგება. ასევე, შეიცვალა პროდუქციის მოხმარების ტენდენციები. 2020 წელს გაიზარდა მოთხოვნა ე.წ. „პანდემიურ“ პროდუქტებზე (ნიღაბი, ხელთათმანი, სადეზინფექციო ხსნარი, ვიტამინები და ა.შ.). და 2021 წელს ეს მოთხოვნა შენარჩუნდა. პანდემიის გამო 2020 და 2021 წელი საქართველოსთვის ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, იყო გამორჩეული თავისი გამოწვევებით. მიუხედავად არასტანდარტული და არაპროგნოზირებადი გარემოსი "პსპ ფარმამ" მოახერხა ემოქმედა შემუშავებული გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში და მიეღწია ორივე წელს დასახული მიზნებისთვის,”- ნათქვამია “პსპ ფარმას” მმართველობით ანგარიშში.

"პსპ ფარმას" 95%-იან წილს ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი ფლობს. კომპანიის აქტივები 581.7 მილიონ ლარს, ვალდებულებები კი 289 მილიონს შეადგენს.