მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პური არ გაძვირდება" - მთავრობა ფქვილის ფასს 10 მილიონით დაასუბსიდირებს

5fc0d07f3aba4
ინგა მურუსიძე
27.11.20 14:16
3430

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პურზე ფასი არ მოიმატებს", - ეს განცხადება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც დარგობრივის ასოციაციების პროგნოზს შეეხებოდა.
 
საქმე იმაშია, რომ რამდენიმე საათის წინ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირმა მთავრობას მიმართა და ხორბლის, ფქვილისა და შესაბამისად პურ-პროდუქტების ფასის გაძვირების თავიდან აცილების მიზნით სტიმულირების მექანიზმების ამოქმედებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ასოციაციების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც გაანალიზებულია ის ფაქტორები, რაც ქართულ ბაზარზე ხორბლისა და პურის ფქვილის ზრდის განმაპირობებელია.

მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ იმგვარად, რომ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას თავიდან აგვაცილებს. პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება და 4 თვის განმავლობაში, 31 მარტამდე იმოქმედებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში ხშირი მსჯელობა იყო იმასთან დაკავშირებით, როგორი იქნებოდა პურზე ფასები. ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინეთ როგორც პურის მწარმოებელთა, ასევე პურის მწარმოებელთა კავშირის ან ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის მხრიდან. საუბარი იყო იმაზე, რომ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლის შესაბამისად ქვეყანაში ფქვილის ფასი ძვირდება და შესაბამისად ეს შეიძლებოდა ასახულიყო პურის ფასზე. ორმა ასოციაციამ დღეს გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნეს, რომ ხელისუფლებასთან აქვთ დიალოგი და რომ გარკვეული სუბსიდირების სქემა განიხილებოდა. ჩვენ ამ ინფორმაციას ვადასტურებთ. არაერთხელ გვითქვამს, რომ პური არის განსაკუთრებული სტრატეგიული პროდუქტი. გვესმის, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არის საკმაოდ რთული იმ ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რასაც კორონავირუსი იწვევს გლობალურად და მათ შორის საქართველოში. ამიტომ მუდმივად ვმუშაობდით, რეგულარულად ვხვდებოდით მწარმოებლებს, რომლის შედეგადაც საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება. პროგრამა იმოქმედებს 4 თვის განმავლობაში, 31 მარტამდე. დავაკვირდებით, როგორი იქნება საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარება, იცით რომ ხორბალი არის განსაკუთრებული საერთაშორისო ვაჭრობის საგანი და მის ფასს ბევრი ფაქტორი განაპირობებს. შესაბამისად, იმის მიხედვით, როგორი იქნება გლობალური ფასები ხორბლის ფქვილზე, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს. თუმცა, ჩვენ შევაფასეთ მომდევნო 3-4-თვიანი პერიოდი და სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასეთი ტიპის ინტერვენცია ამ მომენტისთვის იყო საჭირო“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში არსებობდა ხორბლის საკმარისი მარაგები, დაახლოებით 100 ათას ტონაზე მეტი მთელი შემოდგომის განმავლობაში, რაც ფასის დაბალანსების საშუალებას იძლეოდა, თუმცა სექტემბრიდან ხორბალზე ფასი შავი ზღვის აუზის ქვეყნებში საკმაოდ გაძვირდა - ზრდა დაახლოებით 200-დან 270 აშშ დოლარამდე იყო, რაც მნიშვნელოვან წინაპირობებს ქმნიდა ხორბლის ფქვილის ფასის გასაზრდელად და ეს ჯაჭვურად აისახებოდა ხორბლის ფქვილისგან დამზადებული პროდუქციის ფასზე.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ მწარმოებლებთან ერთად იმისთვის, რომ ერთის მხრივ მარაგები საკმარის ნიშნულზე გვქონოდა ქვეყანაში, არ ყოფილიყო წყვეტა ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტის მიწოდების კუთხით და საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებით ვახდენთ ისეთი ტიპის სუბსიდირებას, რომელიც ვფიქრობ, მისაღებია ორივე რგოლისთვის. იყო მუდმივი მუშაობა როგორც დიდ წისქვილებთან, რომლებიც არიან ხორბლის ფქვილის მწარმოებლები, ისე პურის მცხობელ კომპანიებთან, რადგან ეს არის მჭიდროდ დაკავშირებული მიწოდების თუ წარმოების ჯაჭვი და ორივე მხარე უნდა თანხმდებოდეს პირობებზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ბაზარზე რაიმე სიურპრიზი არ იყოს და ამან მოსახლეობისთვის მდგომარეობა არ დაამძიმოს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ხორბლის ერთი ტომარა ფქვილის ფიქსირებული ფასი 53 ლარით განისაზღვრა და ეს არის პირობა წისქვილებისთვის.

„ამ შემთხვევაში სახელმწიფოს სუბსიდირება იქნება არაუმეტეს 10 ლარისა 50-კილოგრამიან ტომარაზე, რის შედეგადაც პროგრამაში ჩართული წისქვილები შემოგვთავაზებენ სხვადასხვა ფასს, გარკვეული კონკურენციაც იქნება, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ სახელმწიფო რესურსი და ეს სუბსიდირება სახელმწიფოს დაუჯდეს უფრო ნაკლები თანხა, მაგრამ შედეგი მივიღოთ იგივე - არ გაიზარდოს არც ხორბლის ფქვილის და არც პურის ფასი. დაახლოებითი ბიუჯეტი ჩვენი მხრიდან შეფასებულია თვეში 2-2,5 მილიონი ლარი, რაც მთელი პროგრამის ბიუჯეტს 10 მილიონამდე ლარით განსაზღვრავს“, - განაცხადა მინისტრმა.