მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პურზე ფასი არ გაიზრდება; ხორბლის, ფქვილის და პურის მიწოდებაში შეფერხება არ იქნება"

5e771d0ce03f8
BM.GE
22.03.20 12:04
1743
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან, პურის მწარმოებლებთან და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ფქვილსა და პურზე ფასის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში, მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასები არ გაიზარდოს.

"ხორბლის მარაგები მუდმივად კონტროლდება. საგანგებო პირობებში, აღნიშნულ მიმართულებაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება. ხაზგასმით ვამბობ, რომ პურზე ფასები არ გაიზრდება, მიწოდებაში არ იქნება შეფერხება და შეზღუდვა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო) ფასების დაზღვევის მიზნით სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროექტი გააცნო.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სამინისტროში შემუშავებულია "პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა", რომელსაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელებს. პროექტის თანახმად, იმპორტიორი კომპანიებისთვის, რომლებიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით 9 ძირითად სასურსათო პროდუქტს შეისყიდიან, გარკვეული პირობებით, სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას სახელმწიფო მოახდენს.