მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქალაქისთვის ბევრი რამ კეთდება" - ლაშა პაპაშვილი თბილისის მთავრობას აფასებს

6177d97506faf
ინგა მურუსიძე
26.10.21 14:44
1195
30 ოქტომბერს, საქართველოში რამდენიმე თვითმმართველ თემსა და ქალაქში, მათ შორის თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. დედაქალაქის მოსახლეობას თბილისის მერად „ქართული ოცნებიდან“ კახა კალაძის ან „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას არჩევა მოუწევს.

Bm.ge-მ "რედიქს ჯგუფის" დამფუძნებელ ლაშა პაპაშვილს ჰკითხა, როგორ აფასებს თბილისის მოქმედი მთავრობის საქმიანობას. ბიზნესმენმა არჩევნების კონტექსტში საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა ზოგადად, ქალაქის დღევანდელი მმართველობის სისტემა დადებითად შეაფასა.

„პირველი და მნიშვნელოვანი, რაც არის ზოგადად და მერიისთვისაც, გამკაცრებულია ყველაფერი და ბევრი რამ კეთდება ქალაქისთვის. მე ამგვარი მიდგომის მომხრე ვარ. ვფიქრობ, მკაცრი ხელი სჭირდება ყველაფერს, რაც შენდება.  მერიის ამ პოლიტიკის მომხრე ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი გართულებულია. ერთი პროექტი გვაქვს, მწვავე პოლემიკა გვაქვს მერიასთან - ისეთ რამეებს გვთხოვენ, რაც არასოდეს მოუთხოვიათ აქამდე. მე რომ ვთქვა ახლა, რომ ეს ძალიან მსიამოვნებს, ასე არ არის, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ აუცილებელია ქალაქისთვის, ჩვენ უნდა მივიტანოთ ტრანსპორტის გეგმა, დატვირთულობის გეგმა, ყველაფერს წვრილად ითხოვენ და ეს არ არის ცუდი. ყველა ქართველს გაგვაჩნია რაღაცა ქონება, უძრავი ქონების სახით და თუ მივუშვით ეს ყველაფერი, იაფდება, ფასი ვერ მოიმატებს. აი ეს შენობაც კი (სასტუმრო „ჰილტონი“) ყველა ქართველი მოქალაქის ქონების ღირებულებას მცირედით აუწევს ფასს“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

Bm.ge-ს კითხვაზე - ბიუროკრატია რამდენად მისაღებია, ბიზნესმენი პასუხობს, რომ ბიუროკრატია ყველგან არის.

„ბიუროკრატია არის აშშ-შიც, დიდ ბრიტანეთშიც, იქ უნდა ნახოთ, როგორია ბიუროკრატია, ძალიან მკაცრი შეზღუდვებია. ზოგადად, რეგულაციების მომხრე ვარ“, - დასძინა მან.