მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართულ ბაზარზე ავოკადო 10-15%-ით გაიაფდება" - Eximcrop-ის გეგმები

64748a0a8a170
თინათინ ნატმელაძე
29.05.23 15:33
1423
საქართველოში, გორში, Tiriphoni Fruits-ის სამაცივრე მეურნეობის ბაზაზე, კენიური ავოკადოს პირველი ლოგისტიკური ცენტრი გაიხსნა, რომელსაც კომპანია Eximcrop მართავს.

კომპანიის თანადამფუძნებელი ვახტანგ გოგალაძე "საქმიან დილაში" ავოკადოს იმპორტზე საუბრისას აღნიშნავს, რომ იმპორტს ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის გაიაფება შეუძლია.

"კენიური ავოკადო ძალიან მაღალი ხარისხისაა და ასევე, სხვა ქვეყნებთან შედარებით წარმოებაც იაფი ჯდება. თურქულ ავოკადოსთან შედარებით ის დაახლოებით 20%-ით იაფია, შესაბამისად, მისი შეძენაც უფრო დაბალ ფასადაა შესაძლებელი, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ადგილობრივ ბაზარზე ავოკადო 10-15%-ით გაიაფდება", - აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.

იმპორტიორი კომპანიის მთავარი მიზანი ადგილობრივ ბაზარზე სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული ავოკადო ჩაანაცვლება და ამის შემდეგ, ცენტრალური აზიის ქვეყნებში რეექსპორტის განხორციელებაა.

"ავოკადოს ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს მდებარეობა, როგორც ლოგისტიკური გრავიტაციის ცენტრის, ბოლომდე ავითვისოთ და ჩვენი ადგილობრივი მომხმარებლებისთვის იმპორტის ჩანაცვლებასთან ერთად შუა დერეფანიც გამოვიყენოთ, რომელიც გეოპოლიტიკური მოვლენების გამო აქტუალური გახდა და მეზობელ ქვეყნებში რეექსპორტი გავაკეთოთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ კენიური ავოკადო რეგიონში პირველად შემოვიდა, ჩვენ ვიყავით მისი პირველი იმპორტიორები, თავად ვიყავით ადგილზე ჩასულები, ისინი ექსპორტზე ბევრ ქვეყანაში გადიან და საქართველოს ბაზარზე გამოჩენამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, კომპლექსური მიდგომა შევთავაზეთ, რაც ეკოსისტემის შექმნაზეა გათვლილი, რომელიც ექსპორტსა და იმპორტთან ერთად ციფრული არხების შექმნასაც მოიაზრებს. ისინი საქართველოს მდებარეობით დაინტერესდნენ, რომელიც მათ გზას ცენტრალური აზიისკენ გაუხსნით. მოლაპარაკებები გვაქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში, პირველ რიგში, უზბეკეთში შევალთ", - ამბობს ვახტანგ გოგალაძე.

Eximcrop-ის იმპორტირებული ავოკადო ამჟამად მხოლოდ "ნიკორას" ქსელშია წარმოდგენილი, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ სხვა რითეილ ქსელებიც ეტაპობრივად ინტერესდებიან.

"ამ წლის იანვრიდან დღემდე, დაახლოებით, 300 ტონა ავოკადოა შემოტანილი. ვფიქრობთ, იმპორტის მოცულობას მინიმუმ სამჯერ გავზრდით. ისეთი დანდგარები გვაქვს, რომლის საშუალებითაც ავოკადოს ადგილზე დამწიფება და შესაბამის კონდიციაში ქსელური მარკეტებისთვის მიწოდება იქნება შესაძლებელი", - განაცხადა კომპანიის თანადამფუძნებელმა.