მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართულ კომპანიებს დიდი პროექტების განხორციელების გამოცდილება ჯერ არ აქვთ"

5fdb523d300a6
ინგა მურუსიძე
17.12.20 16:55
840
"ქართულ კომპანიებს დიდი პროექტების განხორციელების გამოცდილება ჯერ არ აქვთ", - ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში გზების მშენებლობის ნაწილში ტარდება პროექტები, რომლების განხორციელებაშიც ქართული კომპანიები მონაწილეობენ.

ცქიტიშვილმა მაგალითად დაასახელა ქუთაისის შემოვლითი გზა, რომელიც მისი თქმით, სამი ლოტი ქართულმა, ხოლო 1 - აზერბაიჯანულმა კომპანიებმა განახორციელეს.

„მე მხოლოდ ერთი კომპანიის პრეტენზია მოვისმინე, რომელსაც ჰქონდა სინანული, თუ რატომ ვერ იღებენ კომპანიები მონაწილეობას ამ დიდ მასშტაბურ ტენდერებში. მინდა ვთქვა, რომ ბევრ ტენდერში ქართული კომპანიები მონაწილეობენ და იმარჯვებენ. მაგალითად, ქუთაისის შემოსვლითი გზის პროექტი ქართული კომპანიის მიერ არის განხოციელებული. სამ ლოტში ქართულმა კომპანიამ გაიმარჯვა, ხოლო ერთში - აზერბაიჯანულმა. რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს, ან ასეთი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობებს.

ყველა ასეთი პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად, ყველა ასეთი ზომის, რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ღირებულების პროექტი ხორციელდება კონკრეტული წესებით. საჭიროა კომპანიას ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება, რომელიც იქნება ყველასთვის გარანტი, რომ პროექტი დასრულდება დროში და ექნება შესაბამისი ხარისხი. სამწუხაროდ, ქართულ კომპანიებს ჯერ ასეთი გამოცდილება არ აქვთ, მაგრამ ახალი, შედარებით მცირე პროექტების შესრულების ნაწილში ქართული კომპანიები დააგროვებენ გამოცდილებას და დააგროვებენ ფინანსურ რესურსს, რომლითაც მონაწილეობას მიიღებენ დიდ პროექტებში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ეხმარება ქართულ კომპანიებს, რომ განვითარდნენ, ხოლო “სინანული ჯერ საკუთარი თავისკენ უნდა იყოს მიმართული“.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა ტენდერები კონკრეტულ კომპანიებზე მორგებული, მათ შორის „ქართული ოცნების“ შემომწირველებზე, ცქიტიშვილი პასუხობს, რომ თუკი ასეთი კონკრეტული მაგალითი იციან, შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ.

„ეს არ არის ბიზნესის პრეტენზიები, ზოგ შემთხვევაში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებია, რომლებსაც არ აქვს საფუძველი. შეგიძლიათ ნახოთ ძალიან მარტივი სტატისტიკა, როგორც რეგიონულ პროექტებში, ასევე გზების პროექტებში მხოლოდ ცალკეული პროექტები გვაქვს, რომლებიც ტენდერების გარეშე სრულდება, ესენი არის გარკვეული საგამონაკლისო რეჟიმში გადაუდებელი შესყიდვა, რომელიც პირველ რიგში სტიქიას ეხება, სხვა შემთხვევაში, ყველა პროექტს ტენდერის გზით გამოვლენილი კომპანია ახორციელებს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ინფორმაციისთვის, "კავკასუს როუდ პროჯექტის" დამფუძნებელმა, პაატა ტრაპაიძემ bm.ge-ს გადაცემაში "საქმის კურსი" თქვა, რომ ქართული კომპანიები ტენდერებში მონაწილეობას ვერ იღებენ.