მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართულ-ყაზახურ ეკონომიკურ ურთიერთობებს 10-დან 1 ქულით შევაფასებდით" - საპატიო კონსული

608278e504030
ვიქტორია მღებრიშვილი
23.04.21 23:00
893
საქართველოში ყაზახეთის საპატიო კონსულის, საინვესტიციო კომპანია „კაპიტოლ მენეჯმენტის“ დირექტორის და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების წევრის გიორგი ჯახუტაშვილის შეფასებით, დღეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობის რესურსი 10-ქულიანი სისტემიდან 1 ქულით ფასდება.

ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების არსებულ მდგომარეობასა და შესაძლებლობებზე გიორგი ჯახუტაშვილმა გადაცემა Forbes Talks-თან ინტერვიუში ისაუბრა და განმარტა, რომ 26 მარტს შექმნილი ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება სწორედ ამ ურთიერთობების გაღრმავებასა და გამყარებაზე იმუშავებს.

„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების შექმნის მთავარი მისია ამ კონკრეტულ ქვეყნებს შორის სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობის უფრო მეტად გაღრმავება და ყველა რესურსის ათვისებაა, რაც საქართველოს ამ მძიმე პერიოდში ნამდვილად სჭირდება.

ჩვენი ორგანიზაციის ძირითადი მიზნები ორ ქვეყანას შორის ძირითადი ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებაა: ინვესტიციები, სავაჭრო ბალანსი: ექსპორტ - იმპორტი და სერვისების მოცულობა, მათ შორის ტურიზმი, ჯანდაცვის სერვისები და ა.შ.“, - განაცხადა ყაზახეთის საპატიო კონსულმა საქართველოში.

მნიშვნელოვანია, რომ გიორგი ჯახუტაშვილი წლებია საქართველოში ყაზახური ინვესტიციით შექმნილ საინვესტიციო კომპანია „კაპიტოლ ჯგუფს“ მართავს. ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების კუთხით დიდ გამოცდილებას ფლობს. მისი თქმით, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება ქვეყნებს შორის მედიატორის როლს შეასრულებს.

„ჩვენ საქართველოში ოპერირების საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს. აქ საკმაოდ ბევრი ყაზახური ინვესტიციებია წარმოდგენილი როგორც ინსტიტუციური, ასევე კერძო კომპანიების, თუმცა ქართულ-ყაზახურ ეკონომიკურ ურთიერთობების რესურსის ათვისებას 10-ქულიანი სისტემიდან 1 ქულით შევაფასებდით. შევეცდებით, რომ ამ ორგანიზაციამ სისტემური მუშაობით იმ 9 პუნქტის ათვისება შეძლოს, რაც თავისთავად სასარგებლო იქნება საქართველოს საზოგადოებისთვის და მეორე მხრივ ... ვფიქრობ, სხვადასხვა მიზეზის გამო გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერები არსებობს, რომელიც უამრავი სწრაფად მოსული საქმიდან გამომდინარეობს. გაერთიანება ხელისუფლებას დამხმარე, სისტემურ რგოლს სთავაზობს, რომელიც ამ კონკრეტული ქვეყნის მიმართულებით შესაძლებლობებს, ამ შესაძლებლობების ხელისშემშლელ ფაქტორებს თავს მოუყრის და ორ მხარეს შორის მედიატორი და დიალოგის წარმმართველი იქნება, იმისთვის რომ შესაძლებლობები სრულყოფილად იყოს ათვისებული“, - ამბობს გიორგი ჯახუტაშვილი.

მისივე თქმით, 2021 წელი ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ადმინისტრაციული სისტემის და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებას დაეთმობა. ორგანიზაციას კონკრეტული გეგმების განხორციელებას ისახავს მიზნად. 

„აუცილებლად გავუშვებთ სატესტო პროექტს საქართველოდან ყაზახეთში ერთი პროდუქტის ექსპორტის მიმართულებით, მაგალითად ავიღებთ ციტრუსს, რომელიც დღეს ყაზახეთში არ გადის. ჩვენ გვინდა შევქმნათ პრეცედენტი, გამოვიკვლიოთ და პასუხი გავცეთ საქართველოდან ყაზახეთში ციტრუსის ექსპორტის საკითხს; გამოვიკვლევთ ხორბლის იმპორტისა და რეექსპორტის შესაძლებლობებს; ტურიზმის მიმართულებით აუცილებლად გაეშვება პროექტები, რომლებიც საქართველოს და ყაზახეთის უფრო მეტი ტურისტის დაინტერესებაზე იქნება ორიენტირებული, ასევე იმ ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციით, რომელი საქართველოში მრავლადაა და ჯერჯერობით ტურისტების ფართო მასებისთვის უცნობია“, - განმარტა გაერთიანების წევრი კომპანიის ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია საქართველოში ყაზახური ინვესტიციებით დაფუძნებულმა 8 კომპანიამ დააფუძნა: „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“, ავიაკომპანია „Air Astana”, „სილქ როუდ ჯგუფი“ და „GK logistic“.

„გეგმაში გვაქვს 3 წლის განმავლობაში ორგანიზაციაში 250-მდე ბიზნეს სუბიექტი გაერთიანდეს. ეს იქნებიან საშუალო და მცირე ზომის კომპანიები, კერძო ინვესტორები, რომლებიც საქართველოთი და ასევე საქართველოდან ყაზახეთით არიან დაინტერესებულები. ყველა ექსპორტიორი, რომელიც საექსპორტო პროდუქტს პოტენციურად ქმნის; ყველა ტურიზმის სექტორში ჩართული სუბიექტი ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენენ და ყველა საინვესტიციო პროექტი, რომელიც დამატებით საინვესტიციო კაპიტალს საჭიროებს ჩვენი ინტერესის სფეროა“, - აღნიშნა ყაზახეთის საპატიო კონსულმა საქართველოში.

გიორგი ჯახუტაშვილი ამბობს, რომ ყაზახი ინვესტორებისა და ბიზნესმენებისთვის საქართველო საინტერესო ქვეყანაა და საქართველომ ეს რესურსი ამ რთულ პერიოდში უნდა გამოიყენოს.

„ყაზახეთი 180 მლრდ-იანი მშპ-ს მქონე ეკონომიკაა, 18 მლნ მოსახლით, სადაც ბიზნესის კეთება შესაძლებელია. საკმაოდ დიდი კონკურენციაა და საკმაოდ დიდია კაპიტალი, რომელიც საჭიროებს სადმე განთავსებას და საქართველო მათთვის საინტერესოა სავაჭროდაც, საინვესტიციოდ და ტურიზმის მიმართულებითაც. ქართველები მათთვის ახლო ერია. უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები, ვიფიქროთ რის გაყიდვა შეგვიძლია, რა სერვისის შეთავაზება შეგვიძლია და ან სად გვჭირდება ყაზახური ინვესტიციები და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანებასთან ინტენსიური კომუნიკაციითა და ჩვენი არხის გამოყენებით ამ ურთიერთობის უფრო გაღრმავება უნდა შევძლოთ“, - განმარტა გიორგი ჯახუტაშვილმა.

ცნობისთვის, ქართულ-ყაზახური ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ სრული ინტერვიუს ნახვას მაყურებელი შაბათს - 24 აპრილს, 19:30 საათზე, გადაცემა Forbes Talks-ში Forbes Georgia-ს და BMG-ის სოციალურ არხებზე შეძლებენ.