მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ჩაის" 5 წელი - რა დაიხარჯა და რამდენ ჰექტარს ჩაუტარდა რეაბილიტაცია?

61990fcc1e945
მარიამ ვარადაშვილი
20.11.21 19:00
1180
2016 წლიდან დღემდე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაის“ ფარგლებში ჯამში 971.50 ჰა რეაბილიტირებული. ამის შესახებ BMG-ს სოფლის განვითარების სააგენტოში განუცხადეს. მათივე განმარტებით, 2020-2021 წლების პროგრამის ბენეფიციარებთან შესაბამისი პროცედურები სრულად არ დამთავრებულა. შედეგად, ამ ეტაპზე რეაბილიტირებულად 971.50 ჰა ფართობის პლანტაცია ითვლება. 

რეგიონების მიხედვით, რეაბილიტირებული პლანტაციები წლების მიხედვით ასე ნაწილდება:



სააგენტოს ინფორმაციითვე, 2016 წლიდან 2021 წლის ჩათვალით პროგრამის ფაქტიური ჯამური ბიუჯტი 2 მლნ ლარს აჭარბებს.

"ქართული ჩაის" ბიუჯეტი წლების მიხედვით:

2016 - 67,058.37 ლარი
2017 - 661,024.35 ლარი
2018 - 795,269.73 ლარი
2019 - 471,045.60 ლარი
2020 - 23,078.02 ლარი
2021- 94,945.25 ლარი

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების სამუშაოები. მასში ჩართვამდე ტერიტორია იჯარით გაიცემა. BMG დაინტერესდა ამოქმედებიდან დღემდე რამდენი ჰა ფართობი იჯარით გაცემულ ჩაის პლანტაციას ჩაუტარდა რეაბილიტაცია და რამდენი დაიხარჯა მასზე.

სააგენტოში აცხადებენ, რომ 2018 წლის ჩათვლით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 570 ჰა ფართობს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რაზეც 1 002 451 ლარი დაიხარჯა. ამასთან, 2018 წლის შემდეგ პროგრამას სახელმწიფოს საკუთრებაში და იჯარით გაცემული პლანტაცია აღარ ჰქონია. 

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარის უფლებით გადაცემული რეაბილიტირებული ჩაის პლანტაციების ფართობი და მათი სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების თანადაფინანსების (სააგენტოს მიერ გაცემული) ოდენობა ასე გამოიყურება: 



„ქართული ჩაის“ მიზნებია ადგილობრივი ჩაის წარმოების ზრდის ხელშეწყობა და შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის ზრდა. სააგენტოს ვკითხეთ, რამდენად ეფექტიანია პროგრამა და ბენეფიციარების მიერ წარმოებულმა ჩაიმ ადგილობრივ ბაზარზე იმპორტი ნაწილობრივ მაინც თუ ჩაანაცვალა, ასევე, მათ მიერ წარმოებული ჩაი ექსპორტზე თუ გადის. სოფლის განვითარების სააგენტოში გვიპასუხეს, რომ ჩაის ფოთლის წარმოება იზრდება, რაც ბაზარზე ქართული ჩაის პოზიციების აღდგენის პროგნოზირების შესაძლებლობას იძლევა.

რაც შეეხება ექსპორტს, სოფლის განვითარების სააგენტოში გვითხრეს, რომ საქსტატის ვებგვერდზე შეგვიძლია ვნახოთ მსგვასი ინფორმაცია. მათივე განცხადებით, პროგრამა ბენეფიციარებს არ ავალდებულებს გაყიდვებსა და ექსპორტზე ინფორმაცია სააგენტოს მიაწოდონ. საქსტატის ინფორმაციით კი, 2021 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან, დაახლოებით, 3.5 მლნ ლარის ჩაია ექსპორტირებული. 

“პროგრამის ეფექტიანობის შეფასებისას აღსანიშნავია, რომ დადგენილების შესაბამისად, ჩაის პლანტაციებში ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების აგროტექნოლოგიური გეგმა ითვალისწინებს რეაბილიტირებული ჩაის პლანტაციის სრულ მსხმოიარობამდე პერიოდს, მაგრამ არანაკლებ პროგრამის ბენეფიციართან თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 36 თვისა, რომლის შემდგომ შესაძლებელი ხდება ნედლი ჩაის ფოთლის წარმოება.

ჩაის ფოთლის წარმოება ეტაპობრივად იზრდება, რაც ბაზარზე ქართული ჩაის პოზიციების აღდგენის პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს. სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, პროგრამის ფარგლებში უკვე შექმნილი ან/და გადაიარაღებული ან/და გაფართოვებული საწარმოების ჯამური სიმძლავრე წლიურად (სეზონურად) შესაძლებლობას იძლევა გადამუშავდეს 4 600 ტონაზე მეტი ნედლი ჩაის ფოთოლი. პროგრამის მიზნობრიობიდან გამომდინარე, ბიოჩაის წარმოების მიმართულებით ჩნდება ახალი მწარმოებლები. ჩაის სექტორში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღდგენილი პლანტაციებისა და შექმნილი საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედდების შედეგად წლიურად საშუალოდ, (სეზონურად/ მუდმივად) 1500-მდე პირია დასაქმებული”, - აცხადებენ სააგენტოში.
 
მათივე ცნობით, მიზნებიდან გამომდინარე "ქართული ჩაი" 2022 წელსაც გაგრძელდება. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა 2016 წლიდან ამოქმედდა. ის მოიცავს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელი ისეთ სამუშაოებს, როგორებიცაა: ჩაის პლანტაციის გაწმენდა (ხეებისგან, მეტალის და ბეტონის ნარჩენებისგან, უცხო საგნებისგან); პლანტაციის მძიმე ან ნახევრადმძიმე გასხვლა; სადრენაჟე არხის მოწყობა; რიგთაშორის ნიადაგის დამუშავება/გაფხვიერება და პირველ წელს სასუქების და სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების შესყიდვა.