მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო გახარიას შემცვლელს, სავარაუდოდ, ხვალ დაასახელებს

602e1e5634e39
ინგა მურუსიძე
18.02.21 12:00
1156
პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ხვალ შეიკრიბება და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე იმსჯელებს. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიის ლიდერებთან ერთად გააკეთა.

„მთავრობის ფორმირება მოხდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში. სავარაუდოდ, უკვე ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და გამოცხადდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება გიორგი გახარიას გადადგომას, ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ნიკა მელიას დაკავების ვადებზე გახარიასა და გუნდის დანარჩენ წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო.

„სამწუხაროა, რომ გიორგი გახარიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენს გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკა მელიასადმი მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია, თუმცა მისი არგუმენტები, რომელიც მისსავე პოზიციას გაამყარებდა, ვერ მოვისმინეთ. ქვეყანა, სადაც კანონის აღსრულება არ ხდება, ვერ შედგება, როგორც სახელმწიფო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ნიკა მელიას დაკავების გადადების გადაწყვეტილება შს მინისტრის მხრიდან ლოგიკური იყო, თუმცა თუ მელია კანონს არ დაემორჩილება, მას აუცილებლად დააკავებენ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გადადგომის მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების და პატიმრობის დაუყოვნებლივ აღსრულების საქმე.

კონსტიტუციით, ახლა მთავრობის წევრები მოვალეობის შემსრულებლები არიან და ორი კვირის ვადაში პარლამენტმა ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს.