მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართულის წინ წამოწევას არავინ ცდილობს... მომხმარებელსაც ურჩევნია, რუსული პროდუქტი შეიძინოს"

5e1b014d36048
ანი ციხისთავი
12.01.20 17:17
4682
“დღეს მოდურია ქართული პროდუქციის Facebook პოსტებით პოპულარიზაცია, თუმცა რეალურად ქართული პროდუქტის წინ წამოწევას არავინ ცდილობს. მაღაზიებიც ხელს გვიშლიან და თვითონ მომხმარებელსაც ურჩევნია ისევ რუსული პროდუქტი შეიძინოს მაშინ, როდესაც ჩვენ უკეთეს ხარისხს ვთავაზობთ“,-ადგილობრივი წარმოების პრობლემებზე Bm.ge-თან კომპანია “ხილარის” დირექტორმა თამაზ კაკუშაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, შეუძლებელია დამწყებმა კომპანიამ სატელევიზიო რეკლამის გაკეთება შეძლოს, სხვა სახის რეკლამები კი ქართველ მომხმარებელში ჯერჯერობით საკმარისი პოპულარობით ვერ სარგებლობს.

მისივე შეფასებით, ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება რთულია, რადგან ქსელური მაღაზიები პროდუქტის გაყიდვაში გაშვებისთვის დიდ გადასახადებს ითხოვენ.

“ზოგჯერ ეს გადასახადი იმდენად დიდია, რომ გამოდის, მხოლოდ მაგისთვის მუშაობ...
ქართულ ბაზარზე ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის ადგილობრივი ფერმერების უხარისხო ხილია. ბაზარი სავსეა უხარისხო პროდუქციით. უკეთესი პროდუქტის შეძენა საკმაოდ ძვირი გვიჯდება, რაც თვითღირებულებას და შესაბამისად, ფასს გვიზრდის, თუმცა, ეს პროდუქტიც არ არის საკმარისად ხარისხიანი”,- აცხადებს კაკუშაძე.

კაკუშაძის თქმით, ბოლოდროინდელი ლარის კურსის რყევაც პირდაპირ აისახა “ხილარის” ბიზნესზე. “ბოთლები, რომლებშიც წვენს ვასხამთ იმპორტირებულია, შესაბამისად დოლარში გვიწევს შეძენა - ამის გამო პროდუქციის წარმოება გაგვიძვირდა”,- აღნიშნავს “ხილარის” დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო - შპს “ხილარი” სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში 2017 წელს შეიქმნა. საწარმომ ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 700 000 ლარის ოდენობით, ასევე მიიღო სახელმწიფოსგან 600 000 ლარის ოდენობის გრანტი. ამ ეტაპზე საწარმო 7 ადამიანს ასაქმებს. პროდუქციის შეძენა თბილისისა და ბათუმის რამდენიმე მაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი, ექსპორტზე კი წვენები ამერიკასა და ყატარში გადის.