04.ივლისი .2022 14:12

"ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს და ბრძოლას ქართულ სასამართლოში აგრძელებენ“ - პროფკავშირები

"ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს და ბრძოლას ქართულ სასამართლოში აგრძელებენ“ - პროფკავშირები
views 387
უკან

გერმანიაში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს და ბრძოლას ქართულ სასამართლოში აგრძელებენ - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, სასამართლომ გერმანიაში დამსაქმებელს თითოეული დასაქმებულის სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 2021 წლის 11 მაისიდან 31 მაისამდე პერიოდისთვის ხელზე ასაღები 1018 ევროს ოდენობით, ხოლო 1 ივნისიდან 17 ივნისამდე პერიოდისთვის - 909 ევროს ოდენობით დააკისრა.

პროფკავშირების ცნობით, დაზარალებულები სასამართლოში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიმართ მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის დაკისრების მოთხოვნით აგრძელებენ.

„გერმანიაში, საქმის მოსამზადებელ სამუშაოებსა და გერმანიის პროფკავშირების გაერთიანებასთან აქტიურ კომუნიკაციაში იყო ჩართული საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება. ქართულ სასამართლოშიც ქართველი სეზონური მუშების ინტერესებს სწორედ პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს.

უახლოეს მომავალში დაინიშნება პროცესი, რომელზეც დაიკითხებიან მოწმეები, მათ შორის, გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოსთან დაკავშირებული ორგანიზაციის MIRA-ს წარმომადგენელიც, რომელმაც დასაქმების ადგილი თავად შეამოწმა და არაერთი დარღვევაც დაადგინა.

ყველაფერი გასულ წელს დაიწყო. გერმანიაში, მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება საქართველოს და გერმანიას შორის სამთავრობო დონეზე დადებული საშუამავლო ხელშეკრულებით რეგულირებული შრომითი ურთიერთობა იყო. თუმცა, გერმანელმა დამსაქმებელმა ქართველ სეზონურ მუშებს გერმანიის კანონმდებლობასთან აშკარა წინააღმდეგობაში მყოფი ხელშეკრულება ინგლისურ ენაზე გაუფორმა. არცერთმა დასაქმებულმა აღნიშნული ენა არ იცოდა. ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ მუშები საათში 9.35 ევროს მიიღებდნენ, თუმცა, სინამდვილეში დამსაქმებელმა ეს პირობაც დაარღვია. საათობრივი ანაზღაურების ნაცვლად, იგი ნამუშევარს 3 მოკრეფილი მარწყვის ყუთის პროპორციულად ანგარიშობდა.

გერმანიის პროფკავშირების გაერთიანების დახმარებით მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულებმა სარჩელით მიმართეს გერმანიის სასამართლოს და მოითხოვეს 2021 წლის ივნისის თვეში დამსაქმებლის ბრალით იძულებითი მოცდენის ანაზღაურება „მინიმალური ხელფასის შესახებ“ გერმანიის კანონით დადგენილი ანაზღაურების ტარიფით.

დამსაქმებელი ამტკიცებდა, რომ ქართველი მუშები დროულად არ ცხადდებოდნენ სამსახურში, ალკოჰოლს იღებდნენ, დილაობით არ ჰქონდათ მუშაობის სურვილი და ნაადრევად თვითნებურად ტოვებდნენ სამუშაო ადგილს. შესაბამისად, დამსაქმებელი კი არ ამყოფებდა მათ იძულებითი მოცდენის პირობებში, არამედ, თავად დასაქმებულები არ ასრულებდნენ სამუშაოს. დამსაქმებელმა ვერცერთი ეს გარემოება ვერ დაამტკიცა, რადგანაც ყველა მათგანი იყო მხოლოდ დამსაქმებლის სიტყვები, არ არსებობდა მტკიცებულებები, რის გამოც სასამართლომ დამსაქმებლის არგუმენტაცია დაუსაბუთებლად მიიჩნია.

სასამართლომ ქართველი სეზონური მუშების მოთხოვნები გაიზიარა და დარწმუნდა, რომ ქართველებს სრული დატვირთვით მუშაობის დაწყება ჩასვლისთანავე სურდათ, რის საშუალებაც დამსაქმებელმა არ მისცა და ამყოფებდა იძულებითი მოცდენის პირობებში. დადგინდა, რომ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს „მინიმალური ხელფასის შესახებ“ გერმანიის კანონით განსაზღვრულზე უფრო ნაკლები ოდენობით ანაზღაურებას, სამართლებრივი ძალა არ გააჩნია და ბათილია“, - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

BMG ამ თემაზე დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსაც დაუკავშირდება.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა