მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართველი მეზღვაურები საკმაოდ მოთხოვნადი არიან საერთაშორისო ბაზარზე"

5e03071b6f321
BM.GE
25.12.19 10:50
1170
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წლიური ანგარიში და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. პრეზენტაცია წარადგინა სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა. ღონისძიებას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი.

სააგენტოს დირექტორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა როგორც დარგის ინსტიტუციურ განვითარებასა და საერთაშორისო აღიარებაზე, ასევე მეზღვაურთა განათლების სისტემის დახვეწასა და დასაქმების ხელშეწყობაზე.

აღინიშნა, რომ სააგენტოს ინიციატივით, მიმდინარე წელს ამოქმედდა მეზღვაურთა დასაქმების ხელშეწყობისთვის შექმნილი სპეციალური ვებპორტალი, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კომუნიკაციას მეზღვაურებსა და დამსაქმებლებს შორის.

თამარ იოსელიანის განცხადებით, ქართველი მეზღვაურები, მათი მაღალი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, საკმაოდ მოთხოვნადი არიან საერთაშორისო ბაზარზე ამას მოწმობს ქართველი მეზღვაურების დასაქმების მაჩვენებელი. წელს ხელი მოეწერა მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს 2 საზღვაო ქვეყანასთან: ბრაზილიასთან და ქუვეითთან, ხოლო ავსტრალიასთან, დიდ ბრიტანეთთან, საუდის არაბეთსა და კატართან შედგა შეთანხმება, რომ 2020 წლის დასაწყისში მოეწერება ხელი შესაბამისი შინაარსის მემორანდუმებს. დღეის მდგომარეობით, ქართველ მეზღვაურებს შეუძლიათ, დასაქმდნენ 51 ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე და აქედან 19 ქვეყანა ევროკავშირის სახელმწიფოა.

თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოს საზღვაო სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ მსოფლიოს 174 ქვეყანას შორის მხოლოდ 53 სახელმწიფო შეიტანა მეზღვაურთა თეთრ სიაში და მათ შორისაა, საქართველო. „ეს არის ჩვენი ქვეყნის და მისი საზღვაო სექტორის დიდი აღიარება. რეფორმები, რომელსაც ვატარებთ, საქართველოს აყენებს მსოფლიოს წამყვან საზღვაო სახელმწიფოებს შორის, სადაც აღნიშნული დარგი დინამიურად ვითარდება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენი მეზღვაურები, რომელთა პროფესიონალიზმი აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით,“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.