მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართველი მეზღვაურების ყოველწლიური ეკონომიკური შემონატანი $140 მლნ-ზე მეტია"

5f98583218425
ინგა მურუსიძე
27.10.20 23:10
825
დაახლოებით 7 თვის წინ, ამ შენობის ადგილზე იყო ჩვეულებრივი ნანგრევები და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზუსტად 7 თვეში აქ შესაძლებელი იქნებოდა სასწავლო პროცესის დაწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ფოთი ყოველთვის იყო საქართველოს საზღვაო კარიბჭე და მომავალშიც ეფექტურად გააგრძელებს ამ მისიას. მისივე თქმით, ეს ყველაფერი შეუძლებელია კვალიფიციური კადრების გარეშე და სწორედ ამიტომ გაიხსნა ფოთში 100 წლის ისტორიის მქონე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი.

გიორგი გახარიას თქმით, აღნიშნული დაწესებულების დამთავრების შემდეგ ქართველ მეზღვაურებს ექნებათ მაღალანაზღაურებადი სამსახურები, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ.

„დღეის მდგომარეობით, საქართველოში განათლებამიღებული მეზღვაურები უდიდესი მოთხოვნით სარგებლობენ საერთაშორისო ფლოტილიებზე, ისინი ცურავენ დღეს ოკეანეებში, სხვადასხვა დროშის ქვეშ და საქართველოში ყოველწლიურად მათი ეკონომიკური შემონატანი არის 140 მილიონ დოლარზე მეტი. ეს უზარმაზარი დარგია, ამიტომ, ჩვენ მივიღეთ აქ ამ საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების და 100 წლის შემდეგ ფოთში ბრუნდება საგანმანათლებლო დაწესებულება, ამას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქალაქისთვისაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შავი ზღვა არის საქართველოს მომავალი და საქართველოს შესაძლებლობა. მისივე თქმით, ყველაფერს, რასაც მთავრობა ამ მიმართულებით აკეთებს, აქვს უდიდესი გათვლა მომავალზე და თითოეული ლარი - დახარჯული მომავალი თაობის განათლებაში, ისეთ სპეციფიურ სფეროში, როგორიც არის საზღვაო ტრანსპორტი, არის მნიშვნელოვანი.

„შეუძლებელია, გადაჭარბებულად ისაუბრო იმაზე, რა მნიშვნელობა ექნება ამ სასწავლო დაწესებულებას სამეგრელოსთვის და საქართველოსთვის. აქ მომზადდებიან უმაღლესი კვალიფიკაციის ჩვენი, ქართველი მეზღვაურები, რომლებიც მინდა გაგახსენოთ, რომ დღესაც, ძალზედ წარმატებულად დაცურავენ მსოფლიოს სხვადასხვა ოკეანეებში და გარდა იმისა, რომ ასახელებენ თავის ქვეყანას, ძალზედ სერიოზული ეკონომიკური წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

ყოველწლიურად, საერთაშორისო ფლოტილიაში მომუშავე ქართველი მეზღვაურები, ქვეყნის ბიუჯეტში, საერთოდ საქართველოში რიცხავენ დაახლოებით 140 მლნ დოლარს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ პოსტპანდემიური ეკონომიკა იქნება სრულიად სხვა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ეფექტური და ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილები და სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, საზღვაო ტრანსპორტის განვითარება არის ქვეყნის მომავალი და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ შავი ზღვა არის საქართველოს მომავალი და საქართველოს შესაძლებლობა.

„გარდა იმისა, რომ აქ დაიწყება და დასრულდება ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის და ტერმინალის მშენებლობა, გარდა იმისა, რომ მოეწყობა შემოვლითი გზა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, ფოთელებმა ცოტა უფრო კომფორტულად იცხოვრონ ყოველდღიურად და ეს სატვირთო ტრანსპორტი არ მოძრაობდეს შუა ქალაქში. მე მესმის, რომ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, სამწუხაროდ, ფოთში განსაკუთრებით დროში გაგვეჭიმა. ვერ მოხდა დროულად საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია და წესრიგში მოყვანა, თუმცა მინდა თითოეულ თქვენგანს დავპირდე კიდევ ერთხელ, რომ მომავალი 4 წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი საერთო საქმე, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ეს“, - განახცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერი ახალგაზრდებს ურჩევს მეზღვაურის პროფესია აირჩიონ, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებული პროფესია.

“ამ პროფესიამ უნდა მოგვცეს იმის შესაძლებლობა, რომ განვავითაროთ ქვეყანა, საქართველო, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბი რეგიონში“, - აღნიშნა პრემიერმა.

ინფორმაციისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი 1 000 სტუდენტზეა გათვლილი. სასწავლებელში 250-მდე ადამიანი დასაქმდება.