მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართველმა ხალხმა მედგრად გაიარა რთული კრიზისი, გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ" - სუბირ ლალი

607db387e157b
BM.GE
19.04.21 20:42
772
"ქართველმა ხალხმა მედგრად გაიარა რთული და მართლაც უპრეცედენტო გლობალური კრიზისი და ამჟამად ჩვენ, საბედნიეროდ, გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ, თუმცა ჯერ ბოლომდე გვირაბიდან გასულები არ ვართ. ამას უდიდესი მოთმინება და გამბედაობა დასჭირდა, რასაც ყველა მივესალმებით", - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, სუბირ ლალიმ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართული ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.

"გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის მე-8 და საბოლოო განხილვის დასრულება საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის უაღრესად ნაყოფიერი და თანამშრომლობითი პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია.

ეკონომიკის ხელისუფლების მიერ წარმართული რეფორმის პროგრამა მიზნად ისახავდა მთავრობის ფისკალური პოზიციის განმტკიცებასა და შოკების მიმართ ეკონომიკის მედეგობის გაზრდას. გასულ წელს, პროგრამის მოცულობა COVID-19-ის შოკთან გასამკლავებლად გაიზარდა და სავალუტო ფონდმა, თავის მხრივ, წვლილი შეიტანა საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოსთვის დახმარების ორგანიზებაში ამ რთულ პერიოდში.

COVID-19-მა დაგვანახა, თუ რამდენად წარმატებული იყო პროგრამა ქვეყნის მდგრადობის გაუმჯობესებასა და სწორედ მოულოდნელი შოკების დროს გამოსაყენებლად საჭირო ბუფერების დაგროვების კუთხით. პროგრამის საწყისი მიზნები, უმეტესწილად, მიღწეულ იქნა. ხელისუფლებამ პროგრამის 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები გაატარა.

კონკრეტულ მიღწევებში შეგვიძლია დავასახელოთ, მაგალითად, საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება და დღგ-ს დაბრუნების დაჩქარება, დეპოზიტების დაზღვევის სქემა ფინანსური უსაფრთხოების ქსელების გასაზრდელად; კანონი, რომელიც მოიცავს პენსიების ავტომატურ ინდექსაციას და რომელმაც უნდა გააძლიეროს სოციალური უსაფრთხოების ქსელები; ასევე, საპენსიო სისტემის ახალი მეორე პილარი, რომელიც ადგილობრივი დანაზოგების მობილიზებას ახდენს.

მთლიანობაში, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა და პროგრამის ფარგლებში საგარეო და ფისკალური ბუფერების დაგროვება ნიშნავდა საქართველოს გაძლიერებას COVID-19-ის შოკთან გასამკლავებლად. რომ არა პანდემიის წინაშე მდგრადობა, საქართველოს ეკონომიკა COVID-19-ის გამო მეტ უარყოფით გავლენას იგრძნობდა.

ბუნებრივია, პანდემიამ ფისკალური დეფიციტისა და ვალის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია, რადგან მთავრობამ ბიზნესებისა და შინამეურნეობების მხარდაჭერა გაზარდა და, ამავდროულად, შემოსავლები შემცირდა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ტურიზმის შემოსავლების გაქრობის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ამ შოკის ბუნებრივი და მოსალოდნელი შედეგი იყო, ხოლო ეკონომიკური პოლიტიკის რეაგირება ამ შოკზე - მართებული.

ალბათ, შეხსენებად არ ღირს, რადგან თქვენ, ისევე როგორც დანარჩენმა მსოფლიომ, ეს პერიოდი საკუთარ თავზე გამოსცადეთ, რომ გადაადგილებისა და ეკონომიკური საქმიანობის არაერთმა შეზღუდვამ ეკონომიკურ ზრდას უარყოფითი კვალი დაამჩნია. საქართველოში 2020 წელს გამოშვება 6.2 პროცენტით შემცირდა. ახლა ჩვენ ველით, რომ საქართველოს ეკონომიკა განაახლებს ზრდას და წელს ზრდა 3.5 პროცენტი იქნება იმ დაშვებით, რომ ეკონომიკის ხელახალი ჩაკეტვა არ მოხდება.

უახლოეს პერიოდში ძირითადი პრიორიტეტებია COVID-19-ის მოთოკვა, ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინის შენარჩუნება რთულ გარემოში. რეალურად, ეს არის უახლოესი საჭიროებები მსოფლიოსა და რეგიონის ქვეყნების უმეტესობისთვის.

საქართველოს ეროვნული ბანკი სათანადოდ არის კონცენტრირებული ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის მიღწევაზე, რაც საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს ქვაკუთხედს წარმოადგენს. ამ კუთხით, პოლიტიკის განაკვეთის ბოლოდროინდელი ზრდა ინფლაციის მოლოდინების ზრდას უკავშირდება, იმ ფონზე, რომ ინფლაცია მის მიზნობრივ დონეს მეტნაკლებად ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე აღემატება. მონეტარულმა პოლიტიკამ ეკონომიკის მხარდაჭერა და ინფლაციის კონტროლი უნდა დააბალანსოს. ეროვნული ბანკი გონივრულად აბალანსებს ამ ალტერნატივებს იმ რთულ ვითარებაში, რომელიც ყველგან და ყველასთვის გამოწვევას წარმოადგენს. თუკი საგარეო სექტორიდან მომდინარე ზეწოლა შენარჩუნდება და თუ ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინების მყარად მოთოკვისთვის საჭიროდ ჩათვლის, შესაძლოა პოლიტიკის განაკვეთი კვლავ გაიზარდოს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი კვლავ ადეკვატური და სწორია საქართველოსთვის. მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინის შენარჩუნება, ფისკალურ დეფიციტსა და ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე ორიენტირება, გაცვლით კურსზე ზეწოლის შემცირებას დაეხმარება.

გაცვლითი კურსის დონის გარდა, აქ არის მისი მერყეობის საკითხიც. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ სავალუტო ბაზრის გაუმართავ მუშაობას შეუძლია ხელი შეუშალოს ფინანსურ სტაბილურობას, რადგან საქართველო კვლავაც დოლარიზებული ეკონომიკაა. ასეთ დროს, ბაზრის გაუმართავი მუშაობის თავიდან ასაცილებლად, ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებს შეუძლია მერყეობის შემცირება, მაგრამ, ჩვენი აზრით, ისინი მართებულად არ არის მიმართული გაცვლითი კურსის რომელიმე დონის შენარჩუნებისკენ. ისეთი მცირე ზომის ღია ეკონომიკებში, როგორც საქართველოა, გაცვლითი კურსის მოქნილობა მნიშვნელოვანია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საგარეო შოკი გამოშვებისა და დასაქმების უფრო დიდ მერყეობაში არ გადაიზარდოს. როდესაც შოკები გარედან მოდის და გარდაუვალია, გაცვლითი კურსის მოქნილობა შოკის მშთანთქავ კრიტიკულ როლს ასრულებს და ამ საგარეო შოკების გამო ქვეყანაში დასაქმებისა და გამოშვების ჭარბ მერყეობას უშლის ხელს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, დამაზიანებელია ცხოვრების დონის, უთანასწორობისა და სიღარიბის მაჩვენებლებისთვის.

საბანკო სისტემა COVID-19 შოკს კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერების მაღალი დონით შეხვდა. ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლებში გატარებულმა ღონისძიებებმა საბანკო სექტორის შოკების მიმართ მდგრადობა გააუმჯობესა. დაკრედიტების ზრდა სტაბილურია, ხოლო, უმოქმედო აქტივებისა და რესტრუქტურიზებული სესხების ზრდის მიუხედავად, ბანკების კაპიტალიზაციის დონე ადეკვატური რჩება. ეროვნული ბანკი უმოქმედო სესხების ზრდას აქტიურად ადევნებს თვალყურს და ბანკებს ზარალის სწრაფად აღიარებისკენ მოუწოდებს. 2020 წლის მარტში წინასწარი დარეზერვირებიდან შექმნილი ბუფერები პანდემიის შედეგად აქტივების ხარისხის გაუარესების დასაფარად კვლავ საკმარისი უნდა იყოს.

არსებულ ეტაპზე 2021 წლის ბიუჯეტი და ფისკალური პოზიცია ვითარების შესაბამისი რჩება. ბიუჯეტი ეკონომიკის დახმარებას დროებითი და მიზანმიმართული ფისკალური მხარდაჭერის პროგრამებითა და მაღალი კაპიტალური დანახარჯებით განაგრძობს. ამასთანავე, ფისკალური წესის მოთხოვნებისადმი აუცილებელი დაახლოება იწყება. ფისკალური მხარდაჭერა ზედმეტად სწრაფად არ უნდა შეწყდეს, რადგან ამან შეიძლება შეასუსტოს ეკონომიკის აღდგენა. თუ პანდემიის ახალი ტალღის გამო მეტი ფისკალური დახმარება იქნება საჭირო, ჩვენი აზრით, პირველ რიგში, ხარჯების ხელახალი პრიორიტეტიზაცია უნდა მოხდეს. შოკის შემდეგ პრიორიტეტი ფისკალური დეფიციტისა და ვალის შემცირება იქნება. ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების ვალდებულებას საშუალოვადიანი ფისკალური კონსოლიდაციის მიმართ, ფისკალური წესის შესაბამისად. წლების განმავლობაში, პოლიტიკის სანდოობისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის კუთხით საქართველომ შთამბეჭდავი გამოცდილება დააგროვა, რაც ამ სანდოობის შენარჩუნებასა და შემდგომ განმტკიცებაში დაეხმარება.

წინა პროგრამის ფარგლებში, მთავრობამ ფისკალური რისკები კიდევ უფრო გამჭირვალე გახადა, რაშიც განსაკუთრებული როლი ითამაშა ბიუჯეტის კანონის თანმხლები ყოველწლიური ‘ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის’ გამოქვეყნებამ. შემდეგი ნაბიჯი ამ რისკების შემცირებაა, კერძოდ, სახელმწიფო საწარმოების შესახებ რეფორმის განხორციელება. ჩვენ ვხედავთ საჭიროებას, შეიქმნას მმართველობის ახალი ყოვლისმომცველი ჩარჩო, რომელიც მოიცავს კომერციული მიზნების, შესრულების მენეჯმენტისა და კონკურენტუნარიანობის ნეიტრალიტეტის პრინციპებს. სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, ასევე, იმასაც უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფოს საქმიანობა შემოიფარგლოს მხოლოდ საზოგადოებრივი საქონლის მიწოდების საჭიროებით, და ისე რომ არ მოხდეს კერძო სექტორის ინვესტიციების გამოდევნა. საბოლოო ჯამში, სწორედ კერძო სექტორია, უმეტესწილად ახალი ფირმების შექმნისა და ზრდის ხარჯზე, ქმნის ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს და აქვს ცხოვრების დონის გაუმჯობესების დიდი პოტენციალი. ამასთანავე, იქმნება ფისკალური შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობა, რაც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს შეასრულოს სოციალური დანახარჯების ვალდებულებები და უზრუნველყოს დაუცველი მოსახლეობის დახმარება.

უფრო ფართო სტრუქტურული რეფორმების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადი, ინკლუზიური ზრდისა და კერძო სექტორში სამუშაო ადგილების აღდგენის უზრუნველსაყოფად. მოკლევადიან პრიორიტეტებში შედის გადახდისუუნარობის ჩარჩოს ფუნქციონირება, რაც ეკონომიკას შოკის შედეგებთან გამკლავებაში დაეხმარება. ასევე, მნიშვნელოვანია ფართომასშტაბიანი განათლების რეფორმა, რომელიც პოსტ-პანდემიურ პერიოდში უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების რაოდენობის, პროდუქტიულობისა და ხელფასების ზრდას, უნარების შეუსაბამობის პრობლემის მოგვარების ხელშეწყობით. სტრუქტურული რეფორმები დაეხმარება შეიქმნას XXI საუკუნის სამუშაო ძალა და საინვესტიციო გარემო, რომელთა პირობებშიც სრულად შესაძლებელი იქნება ტექნოლოგიური ცვლილებების, გლობალური ვაჭრობისა და საქართველოს ძალიან ხელსაყრელი მდებარეობის გამოყენება. ეს ხელს შეუწყობს ცხოვრების დონის ამაღლებას ყველასთვის პანდემიის შემდგომ ეკონომიკური აღდგენის პერიოდში.

და ბოლოს, რაც მთავარია, ქართველმა ხალხმა მედგრად გაიარა რთული და მართლაც უპრეცედენტო გლობალური კრიზისი და ამჟამად ჩვენ, საბედნიეროდ, გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ, თუმცა ჯერ ბოლომდე გვირაბიდან გასულები არ ვართ. ამას უდიდესი მოთმინება და გამბედაობა დასჭირდა, რასაც ყველა მივესალმებით. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებას ეკუთვნის ყველა დამსახურება "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" მხარდაჭერით განხორციელებული სარეფორმო პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის და ეკონომიკის გონივრულად მართვისთვის ძალზე რთული გლობალური პანდემიის პირობებში. მათი ძალისხმევა და სანდოობა აღიარეს ფინანსური ბაზრის მონაწილეებმაც, რასაც მოწმობს ევრობონდების წარმატებული გამოშვება. ვულოცავ ჩემს მეგობრებს: ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ფინანსთა მინისტრს და მთელ ეკონომიკურ გუნდს; მივესალმები ქართველი ხალხის მიერ ამ უპრეცედენტო პანდემიასა და მის უარყოფით შედეგებთან ძლიერი წინააღმდეგობის გაწევას", - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა სუბირ ლალიმ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სუბირ ლალმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.