მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქედის რაიონში ელექტროენერგია იმდენი ხნით ითიშება, რომ გენერატორის მუშაობა დიდი ხარჯია" - სასტუმრო "სერი"

6365f7756f3af
თინათინ ნატმელაძე
05.11.22 10:00
762
სასტუმრო "სერი", რომელიც ქედის რაიონის სოფელ კოკოტაურში, მთის წვერზე მდებარეობს და ხის სახლს, აუზს და მოსასვენებელ სივრცეებს აერთიანებს, სტუმრებს 25 აგვისტოდან მასპინძლობს, - ამის შესახებ სასტუმროს დამფუძნებელმა, გიორგი თავართქილაძემ BMG-სთან განაცხადა.

ადგილმდებარეობის გამო, "სერი" საკმაოდ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, პირველ რიგში ეს არის საკომუნიკაციო არხები და გზა, თავართქილაძის ცნობით, სასტუმროს დამფუძნებლებს ამ პრობლემების მოგვარება საკუთარი ძალებით უწევთ, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

"სასტუმრო "სერი" 25 აგვისტოდან ფუნქციონირებს და აქტიურად მასპინძლობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ დამსვენებლებს. ეს არ არის სტანდარტული დიზაინის კოტეჯი, ესაა ხის სახლი, რომელიც მთის წვერზე შუაგულ ტყეში, ნაძვნარში მდებარეობს, აქვს პანორამული ხედები და აუზი, რომელიც ასევე ამ ხედზეა განთავსებული, მოსახლეობისგანაც საკმაოდ შორსაა და ადამიანებისთვის, რომლებსაც სიმშვიდეში და ბუნებაში დასვენება უნდათ, ძალიან კარგი არჩევანია.

სასტუმროს ფუნქციონირებას საკმაოდ ბევრი გამოწვევა ახლავს თან, პირველ რიგში ეს არის გზა - ჩვენი პირადი მანქანით გვიწევს სტუმრების გადაადგილება, ასევე ელექტროენერგია, რომელიც რაიონში კვირაში სამჯერ ითიშება და დიდთოვლობის დროს, შესაძლოა, ერთი კვირაც არ იყოს, ამის გამო, ჩვენ შევიძინეთ სათანადო სიმძლავრის გენერატორი, თუმცა ხანდახან იმდენად დიდხანს არაა დენი, რომ გენერატორის მუშაობა ძალიან დიდ ხარჯებს უკავშირდება, წყალიც კი ჩვენი პირადი ძალებით შემოვიყვანეთ", - აცხადებს გიორგი თავართქილაძე.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას "სერის" დამფუძნებელი BMG-სთან აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ორ კოტეჯს დაამატებენ და აქ უკვე 12 ადამიანის განთავსება იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროს უჭირს კადრების მოძიებაც, ამჟამად 4 ადგილობრივს ასაქმებენ, თუმცა კვლავ ძიების პროცესში არიან, რადგან გაფართოების შემდეგ უფრო მეტი კადრი დასჭირდებათ.

ცნობისთვის, "სერის" შესაქმნელად 350 000 ლარი იყო საჭირო, აქედან 60 000 ლარი ევროკავშირის, 16 500 ლარი "აწარმოე საქართველოს" დანარჩენი კი დამფუძნებლის პირადი ინვესტიცია იყო.