მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქირავნობის ვებგვერდებზე რუსი, უკრაინელი და ბელარუსი ვიზიტორების წილი 20-ჯერ გაიზარდა“ - TBC Capital

62494fa409cf4
მარიამ იზორია
03.04.22 11:41
1083
"თიბისი კაპიტალმა" თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის კვლევა ჩაატარა, სადაც უძრავ ქონებაზე კოვიდისა და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენებია შეფასებული.

განახლებული კვლევის მიხედვით, 2021 წელს უძრავი ქონების ბაზრის აღდგენა კარგი ტემპით მიმდინრეობდა და წლის ბოლოს გასაყიდი ფასითა და ტრანზაქციების რაოდენობით 2019 წლის ნიშნულს აჭარბებდა კიდეც.

პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდა 2022 წლის იანვარ-თებერვალშიც. კვლევის მიხედვით, ფასები 5-6%-ით იზრდებოდა. როგორც "თიბისი კაპიტალის კვლევების სამსახურის უფროსი ირინა კვახაძე გადაცემა „საქმიან დილაში“ აცხადებს, ომის გარეშე სცენარით, ფასის 9%-იან ზრდას, ტრანზაქციების 13%-იან მატებას და ქირის ნაწილში, ტურიზმის ხარჯზე აღდგენას პროგნოზირებდნენ. თუმცა ომმა სიტუაცია შეცვალა და მისგან გამოწვეული ფაქტორები როგორც მოთხოვნას, ასევე მიწოდებას შეეხო.

„ომის გავლენებზე საუბრისას სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდაც უნდა აღინიშნოს. ომამდეც 2021 წელს 18%-იანი ზრდა გვქონდა, თუმცა ამ მოვლენება ეს სიტუაცია დაამძიმა. ერთ მხარეს გვაქვს ომი, მეორე მხარეს კი გაძვირებული სესხი და სამშენებლო მასალები, რაც უძრავი ქონების ბაზარზე აისახება. ახლა ასეთ სცენარში ვიმყოფებით - რუსეთი დასანქცირებულია, თუმცა არა სრულად. ის მაინც ახერხებს შემოსავლების გენერირებას, ენერგიის ექსპორტს. ამ სცენარის მიხედვით, უძრავი ქონების ბაზარზე 2022 წელს ფასები 11%-ით, ტრანზაქციები კი 14%-ით გაიზრდება, რაც საბოლოოდ უძრავი ქონების ბაზარს 26%-ით გაზრდის.

აღსანიშნავია, მიგრაციის ეფექტიც უძრავი ქონების ბაზარზე ომის გავლენას ამსუბუქებს. ეს განსაკუთრებით ძლიერ ეფექტს ქირის მიმართულებაზე ახდენს. მაგალითისთვის, კვლევის მიხედვით, ომის შემდეგ, მარტის პირველი ნახევრიდან ქირის საძიებო საიტებზე, რუსი, უკრაინელი და ბელარუსი ვიზიტორების რაოდენობა 33%-იან წილს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს რომ 20-ჯერ არის გაზრდილი. გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 33%-ით გაიზრდა ქირის ფასიც. ძირითადი მოთხოვნა კი ცენტრალურ უბნებზე - მთაწმინდა, ვერა, საბურთალოსა და ვაკეზე მოდის. არსებული ტენდენცია სავარაუდოდ 2022 წლის განმავლობაში შენარჩუნდება, თუმცა რადგან ფასების მიმართულებით ძირითად გავლენას მიგრაცია ახდენს, არის რისკი, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ფასები შემცირდეს, ამან კი სამომავლო გათვლებზე ნეგატიური გავლენა იქონიოს“, - განმარტავს ირინა კვახაძე.