მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქორწილები ვერ ტარდება, რეგულაციების გამო ვერ ვმუშაობთ" - ყვავილების ბიზნესის გამოწვევები

607f14731fe65
ლიკა გურაბანიძე
21.04.21 00:15
1045
“საქართველოში მოყვანილი ყვავილი უფრო ნაკლებ გამძლეობით გამოირჩევა, ვიდრე - იმპორტირებული, სწორედ ამიტომ იმპორტირებულ ყვავილებს ვანიჭებთ უპირატესობას", - ამის შესახებ “საქმიან დილაში” Malibu Flowers-ის თანადამფუძნებელმა მარიამ კლდიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კომპანიაში ფასების შენარჩუნებას ამ ეტაპზე ახერხებენ, რადგან ფასის ზრდა დღეს ავტომატურად მომხმარებლის დაკარგვას ნიშნავს.

“მაქსიმალურად ვცდილობთ, ფასები არ გავზარდოთ, რადგან ყვავილების ინდუსტრიაში მომხმარებლის რაოდენობა მცირეა.  საქართველოში ყვავილების ჩუქება ევროპის ქვეყნების მსგავსად განვითარებული არ არის. აქ უფრო მეტად დღესასწაულებზე იყენებენ. ფასების დაჭერით მომხმარებლის შენარჩუნებას ვცდილობთ.

ადგილობრივ ბაზარზე ყვავილის მოყვანა მისი დამუშავება და რეალიზება კი იმდენად ძვირი ჯდება, რომ იმპორტირებული ყვავილისთვის კონკურენციის გაწევა რთულია. მომხმარებელი უპირატესობას სწორედ იმპორტირებულ ყვავილს ანიჭებს, რადგან არჩევანი მრავალფეროვანია. თუ ქართველები ყვავილების მიწოდებას ოთხივე სეზონზე შეძლებენ და ის იქნება გამძლე, ასევე მრავალფეროვანი, მაშინ ქართული ყვავილიც წარმატებული იქნება”, - განაცხადა კლდიაშვილმა.

კომპანიის თანადამფუძნებლის თქმითვე, 2021 წელს, 2020-ის მსგავსი სირთულების წინაშე დგანან.

“რეგულაციები არსებობს, ქორწილები ვერ ტარდება, მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა რეგულაციების გამო ვერ ვმუშაობთ, მოლოდინის რეჟიმში ვართ”, - განმარტა მარიამ კლდიაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოდან ცოცხალი ყვავილების ექსპორტი გაიზარდა, ხოლო იმპორტი შემცირდა. კერძოდ, 2020 წელს საქართველოდან 39 870 დოლარის ცოცხალი ყვავილები გავიდა, ხოლო 2019 წელს - 28 830 დოლარის ღირებულების. 2019 წელს საქართველომ 2,531 მლნ დოლარის ყვავილები შეიძინა, შარშან კი - 1,518 მლნ დოლარის.

2020 წელს იმპორტი შემდეგი TOP-5 ქვეყნიდან განხორციელდა: ეკვადორი, სომხეთი, კენია, თურქეთი და ნიდერლანდები. რაც შეეხება ექსპორტს, საქართველო ცოცხალ ყვავილებს სამ ქვეყანაში კერძოდ: უკრაინაში, რუსეთში და სომხეთში ყიდის.