მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქსელურ მარკეტებში შესვლა დიდი ტვირთია, რაც პროდუქციის ფასს 20-25%-ით ზრდის" – "ბაია ფუდი"

638f508945310
თინათინ ნატმელაძე
11.12.22 21:00
1158
ხილის ფაფებისა და ხემსების მწარმოებელი კომპანია "ბაია ფუდის" დამფუძნებელი ზვიად გრძელიძე BM.GE-სთან მცირე საწარმოების გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სირთულეებთან გამკლავების პროცესში მათი პროდუქციის საფასური 22-23%-ით გაიზარდა.

მისივე ცნობით, ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობა იმდენად დიდი ტვირთია, რომ მასთან გამკლავება მხოლოდ ერთეულ მცირე საწარმოებს შეუძლიათ.

"მთავარი გამოწვევა რიტეილ ქსელებთან ურთიერთობაა, ესაა უაღრესად დიდი ტვირთი მცირე საწარმოებისთვის, რომლის აწევაც მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. კერძოდ, ძალიან მოიმატა ქსელურ მარკეტებში შესვლის გადასახადმა, ქეშბექმა, რეგისტრაციის საფასურმა და ა.შ. ეს პროდუქციას 20-25%-ით მაინც აძვირებს.

საწარმოს შესაქმნელად ძალიან ბევრი დაფინანსების პროგრამა არსებობს, თუმცა, შემდეგ მისი წარმოების რეალიზებაზე აღარავინ ზრუნავს, მე არ ვამბობ, რომ საწარმოს სახელმწიფო უნდა დაეხმაროს გაყიდვებში, თუმცა გარკვეული სახის შეღავათები კარგი იქნებოდა", - აცხადებს ზვიად გრძელიძე.

გრძელიძე იმასაც აღნიშნავს, რომ კოვიდპანდემიამ, რუსეთ-უკრაინის ომმა და ინფლაციამ ბიზნესები საკმაოდ დააზარალა და მათ პროდუქციის საფასურის ზრდა აიძულა.

"ხილსა და სხვადასხვა ნედლეულზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ეს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ასეა, ჩვენ მხოლოდ ადგილობრივ პროდუქციას არ ვიყენებთ, ზოგიერთი მათგანის ექსპორტირება გვიწევს, ჯერ კოვიდმა, შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომმა და ინფლაციამ მნიშვნელოვნად დაგვაზარალა და წარმოებულ პროდუქციაზე ფასის დაახლოებით 22-23%-ით გაზრდა გვაიძულა.’’ - ამბობს "ბაია ფუდის" დამფუძნებელი.

კომპანია ამჟამად 25 სახეობის ხილის ფაფას აწარმოებს, უახლოეს მომავალში კი 30 ტონამდე ხილის ხემსის წარმოებას გეგმავს, რისთვისაც ამ დროისთვის დასაქმებული 19 კადრი საკმარისი აღარ იქნება, აქ კი კადრების დეფიციტი იჩენს თავს. გრძელიძე გვიყვება, რომ კვალიფიციური კადრები ქვეყნიდან აქტიურად გაედინებიან და მეწარმეებისთვის ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ინფორმაციისთვის, "ბაია ფუდი" დამფუძნებლის პირადი, ეტაპობრივი ინვესტიციით შეიქმნა, როგორც მისი ზვიად გრძელიძე BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, თავდაპირველად ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდნენ, შემდეგ შპს ჩამოაყალიბეს, ინვესტიციას ეტაპობრივად დებდნენ და ფართოვდებოდნენ, საწარმოს შექმნა და აღჭურვა საერთო ჯამში 200 000 ლარი დაჯდა, ახლახან კი GITA-ს 30 000-ლარიანი გრანტი მოიპოვეს, რომლითაც ხილის ხემსებისთვის საჭირო დანადგარები შეიძინეს.