მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქუთაისის აეროპორტიდან ავიარეისები 9 მიმართულებებით შესრულდება“

6093db16a8ede
ვიქტორია მღებრიშვილი
06.05.21 16:25
881
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპასა და ახლა უკვე ცენტრალურ აზიაშიც მოხვედრა პირდაპირი რეგულარული ავიარეისებით არის შესაძლებელი.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, მაისში ავიაკომპანია Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებით განაახლებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს, პანდემიამდე არსებული მიმართულებების განახლების შესახებ, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე აწარმოებს და ეტაპობრივად ფრენები აღდგება.

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე აღნიშნავს, რომ 18 აპრილიდან Wizz AIR-მა ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლება დაიწყო. თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით სრულდებოდა, თუმცა ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ავიაკომპანიამ უკვე გაზარდა სიხშირე ვარშავის მიმართულებით და 13 მაისიდან ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქში და პირიქით, მოხვედრა უკვე კვირაში ორჯერ არის შესაძლებელი.

"14 მაისიდან ავიაკომპანია Wizz AIR ქუთაისიდან რეგულარულ ფრენებს რიგის მიმართულებით განაახლებს, ხოლო 21 მაისიდან დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს რეგულარული პირდაპირი ავიარეისების შესრულებას. უკვე თვის ბოლოს კი ქუთაისიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, კიდევ 2 ქალაქში იქნება პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა შესაძლებელი - 29 მაისიდან კატოვიცე და 30 მაისიდან გდანსკი.

როგორც იცით, რომ ჩვენს აეროპორტში 2 მაისიდან ოპერირება ახალმა ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა დაიწყო, რომელიც პირდაპირ ფრენებს კვირაში ორჯერ სამი მიმართულებით ახორციელებს. ამ ეტაპზე, მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისებით მგზავრობა 5 ქვეყნის 9 მიმართულებებითაა შესაძლებელი ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან, რომ ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების პარალელურად, მათ არსებული სიხშირეები გაზარდონ და ახალი მიმართულებები დაამატონ“, - განაცხადა აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ.

შეგახსენებთ, საჰაერო გზით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, ან საზღვარზე კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით შეუძლიათ.