მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქუთაისში ტურისტები ძირითადად ერთი დღით - გავლით ჩერდებიან" - სასტუმრო ქუთაისში

630ddda56accf
მარიამ იზორია
31.08.22 10:00
2013
ქუთაისში მდებარე სასტუმრო „გორას“ დამფუძნებელი bm.ge-სთან მიმდინარე ტურისტულ სეზონს აფასებს. როგორც შალვა ბობოხიძე აღნიშნავს, ქუთაისი საქართველოს სხვა ქალაქებთან შედარებით ტურისტულად ნაკლებად აქტიურია და მსგავსად გასული წლისა, მიმდინარე სეზონსაც ისეთი დამსვენებელი ჭარბობდა, რომელიც სასტუმროში მხოლოდ ერთი დღე რჩებოდა.

მისივე თქმით, სეზონზე უარყოფით გავლენას გაძვირებული ავიაბილეთები ახდენს, რადგან ეს ქალაქს გარკვეული სეგმენტის ტურისტს აკარგვინებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არჩევანს „გორას“ მსგავს საოჯახო ტიპის სასტუმროებზე აკეთებენ.

ბობოხიძე იმასაც ამბობს, რომ „გორას“ დამსვენებლის დაკარგვაზე გავლენა პანდემიამაც მოახდინა, რადგან სასტუმრო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ კოვიდპაციენტებზე მუშაობდა.

„ქუთაისი არ არის იმდენად ტურისტული ლოკაცია, როგორც სხვა ქალაქები. აქ ტურისტები ძირითადად ერთი დღით, გავლით ჩერდებიან. სამწუხაროდ, იმაზე მეტია სასტუმრო, ვიდრე დამსვენებელი. აქ ხელშეწყობის მიზნით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ინფორმაცია გვაქვს, რომ სექტემბრისთვის ქუთაისის აეროპორტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს იწყებენ, ეს ნაკადს კიდევ უფრო შეამცირებს. ვფიქრობ, ეს სეზონზე არ უნდა დაემთხვიათ. ტურისტულ სეზონზე გავლენა მოახდინა ავიაბილეთების გაძვირებამაც, შედეგად, მაღალი სეგმენტის დამსვენებლები შემოვიდნენ, რაც ჩვენნაირი სასტუმროებისთვის კარგი არ არის. ამან ჩვენი სეგმენტი დაგვაკარგვინა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორი წელი პანდემიაზე ვიმუშავეთ. ამის გამო ჩვენმა ტურისტებმა სხვა სასტუმროების მოძიება დაიწყეს და ასე ჩემი დამსვენებელი ვერ შევინარჩუნე“, - განმარტავს ის.

მეტნაკლებად წარმატებული სეზონი ჰქონდა ქუთაისში ახლად გახსნილ სასტუმრო „ინაისს“. როგორც სასტუმროს დამფუძნებელი სოფია ფიფია bm.ge-სთან ამბობს, ქუთაისში ძირითადად საერთაშორისო ვიზიტორები ჭარბობდნენ, „ინაისმა“ კი დამსვენებელს უკრაინიდან, ამერიკიდან, ბელარუსიდან, პოლონეთიდან და არაბული ქვეყნებიდან უმასპინძლა.

„იმის კვალობაზე, რომ ბიზნესი ახალი დაწყებული გვაქვს, ნორმალური სეზონია. ძალიან დატვირთულები არ ვართ. ყველაზე აქტიური იყო აგვისტოს დასაწყისი. ძირითადად გათვლას უცხოელებზე ვაკეთებთ. დამსვენებლებს შორის ჭარბობდნენ უკრაინელები, ამერიკელები, ბელარუსები, პოლონელები და არაბები. უკვე გვაქვს სექტემბრის ჯავშნებიც. იმედი გვაქვს, მომავალი წელი უკეთესი იქნება“ - აღნიშნავს „ინაისის“ დამფუძნებელი.