მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყანას ანტიდემპინგური კანონი უნდა ჰქონდეს" - რომან კაკულია

5eddecc893870
ინგა მურუსიძე
08.06.20 11:51
1145
"ანტიდემპინგური კანონის მიღება დღესვე დრამატულად არ შეცვლის მოცემულობას, თუმცა გათვლილია მომავალზე და ქვეყანას ეს კანონი უნდა ჰქონდეს", - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განაცხადა. 

საქმე იმაშია, რომ საქართველოს პარლამენტი ანტიდემპინგური კანონპროექტის შესახებ მუშაობას კვლავ დაუბრუნდა. აღნიშნული კანონპროექტი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავტორობით მომზადდა და ის პარლამენტს განსახილველად ჯერ კიდევ წინა პრემიერის, მამუკა ბახტაძის დროს, 2019 წლის ივლისში წარედგინა. კანონპროექტში მითითებული იყო, რომ მისი ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმებოდა.

"ვფიქრობ, დაგვიანებულიც არის ამ კანონპროექტის შემოტანა. ზოგადად, ეს არ არის კანონი, რომელიც დღესვე დრამატულად შეცვლის მოცემულობას, თუმცა გათვლილია მომავალზე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს აქვს. ვფიქრობ, საქართველოს ასეთი პასიური კანონი უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი დრო არის საჭირო ასეთი კანონის მისაღებად, შემდეგ იმ კვალიფიკაციის შესაქმნელად იმ კონკრეტულ უწყებაში, რომელმაც უნდა შეძლოს არსებობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება და მთავარი არის დაცვა ადგილობრივი წარმოების, რომელიც კონკურენტუნარიანად უნდა იცავდეს თავის თავს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ მას სხვა გამოწვევებიც ჰქონდეს“, - განაცხადა კაკულიამ.

რაც შეეხება ვადებს, დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ამბობს, რომ მიზანია, ამ მოწვევის პარლამენტმა მოასწროს როგორც ანტიდემპინგური, ისე კონკურენციის შესახებ კანონების მიღება.

„ჩემი კომიტეტი აქტიურად ლობირებს ამ ორ კანონს და მინდა, რომ ამ სესიაზე ეს ორი კანონი დარჩეს, როგორც კომიტეტის ერთ-ერთი მცდელობა“, - განაცხადა რომან კაკულიამ.