მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყანაში დივერსიული აქტი მოხდა...რესტორნებს ელით სიკვდილი“ - რესტორატორთა ასოციაცია

600acf12ca9d3
ვიქტორია მღებრიშვილი
22.01.21 17:33
786
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან ეკონომიკის წერტილოვანი გახსნა სტუმარმასპინძლობის სფეროს და მათ შორის, რესტორნებს არ შეეხება, შესაბამისად, რესტორნები მხოლოდ მიტანის სერვისით აგრძელებენ მუშაობას. შეზღუდვა არ ვრცელდება ბათუმში მდებარე კაფეებზე, რომლებსაც ღია სივრცეების ამოქმედების უფლება აქვთ. რა დრომდე გაგრძელდება შეზღუდვები ჯერ უცნობია და მთავრობაში აცხადებენ, რომ შეზღუდვები 2-კვირიანი შუალედებით მონიტორინგის შედეგად გადაიხედება. 

„ჩემთვის ეს, ქვეყანაში მომხდარი დივერსიული აქტია“, - ასე შეაფასა საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ BM.GE-სთან საუბრისას.

შეზღუდვების გახანგრძლივებას სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენელი ალოგიკურს უწოდებს და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას ახსნა არ აქვს.

„ადამიანებს სურვილი აქვთ რომ იმუშავონ, ოპერირებდნენ, ეკონომიკაში თავისი წვლილი შეიტანონ და ამის უფლებას არ აძლევენ, იმიტომ, რომ ვიღაცას რაღაც ხუშტური აქვს, ვიღაცას აქვს წარმოდგენა, რომ მისი რეპუტაცია შეიძლება დაზარალდეს, თუ რაღაც რისკზე წავა. გადაწყვეტილებები მხოლოდ ერთი მხრიდან არის მიღებული, ვიღაცის არარაციონალური და არაფუნდამენტური შეხედულებებით.

ახსნა ამას არ აქვს, არ აქვს ლოგიკური ბმა, რაზეა დამოკიდებული დღევანდელი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილებები ჩემთვის გაუგებარია და ვუყურებ, როგორც დესტრუქციულ მოქმედებას. აქ ერთ სფეროზე არ არის საუბარი. ეს ყველა სფეროს ეხება“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

მისი თქმით, დარგი ამ მდგომარეობას უბრალოდ ვეღარ გაუძლებს.

„რესტორნებს ელით სიკვდილი. აქ აღარ არის საუბარი გადაიტანს თუ არა, მდგომარეობას ბიზნესი. მარტივი ასახსნელია. როდესაც გაქვს ფართი, სადაც არის რესტორანი, უპერსპექტივო ბიზნესი, რომელსაც არ აქვს მომავალი, ამ ფართში რამდენ ხანს გააჩერებ ამ რესტორანს, რომელიც ვერ გიხდის ფულს, ან თუ იხდის თავად ის რესტორანი რამდენი ხანი გაჩერდება იქ, სადაც ყოველთვიური გადახდის ვალდებულება აქვს, ხოლო შემოსავალი არა, როგორ შეიძლება ამ ბიზნესმა გაძლოს?!“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

რესტორატორი კითხვას სვამს და აინტერესებს, სად წავლენ ტურისტები, რომლებიც პირველი თებერვლიდან საქართველოში ჩამოვლენ, რამდენადაც ამ თარიღიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები იხსნება.