მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყანაში ფინანსური ნაკადი არსებობს, რომელიც შესაძლოა, აგროსექტორმა უფრო ეფექტიანად აითვისოს"

5f5b79de4ad66
ლიკა გურაბანიძე
11.09.20 23:10
942

SavvY-მ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში აგროფინანსებზე ხელმისაწვდომობას აანალიზებს. საქართველოს კონტექსტში საინტერესოა რამდენიმე რიცხვი და ტენდენცია. ერთი - 2013-2019 წლებში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.5 მლრდ ლარი დაიხარჯა. ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობის საშუალო ზრდის ტემპი 1.5% იყო, რაც ეკონომიკის საშუალო ზრდის მაჩვენებელზე სამჯერ ნაკლებია.

სწორედ ამ საკითხებზე დეტალურად “საქმიან დილაში” "SavvY"-ის მმართველმა პარტნიორმა მარიამ ქოიავამ ისაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, სოფლის მეურნეობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიო მასშტაბით კრიტიკულად მნიშვნელოვანი დარგია.

 

“მსოფლიო ბანკის შეფასებით 2050 წლისთვის 9 მლრდ ადამიანის გამოკვება იქნება საჭირო, რაც 70%-ით პროდუქციაზე მეტ მოთხოვნას გულისხმობს. მსოფლიო მასშტაბით საშუალო ფენას მზარდი კვებით მოთხოვნები აქვს. შესაბამისად, საინტერესო ნიშური და მაღალი კვებითი ღირებულების მქონე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს რეიტინგი აგრომიმართულებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით მსოფლიო მასშტაბით წინაურდება. მაგალითისთვის, ამ კუთხით, 2019 წელს გამოქვეყნებული მსოფლიო ბანკის კვლევას თუ ავიღებთ, სადაც საქართველო აგრობიზნესის განვითარების კუთხით ტოპ-10 ქვეყანაში შევიდა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სწორედ ის ერთ-ერთ კომპონენტი იყო, რისი საშუალებითაც წინ წავიწიეთ.” - განაცხადა ქოიავამ.

მისივე განმარტებით, ამ სექტორის კიდევ უფრო დიდი დაინტერესების საკითხი პანდემიის დამსახურებაა.

“ზოგადად აგროსექტორში მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, კერძოდ იმის შესახებ, თუ რა ტიპის პროექტები და საინვესტიციო წინადადებები შეიძლება წამოვიდეს. ასევე ეს იმ სუბსიდირებების და პროგრამების დამსახურებაა, რაც არსებობდა და პანდემიის პირობებში განვითარდა.” - აღნიშნა მარიამ ქოიავამ.

SavvY-ის მმართველი პარტნიორის თქმითვე, რაც შეეხება ზოგადად სოფლის მეურნეობის წილს მშპ-ში, თავისთავად სასურველია, რომ ეს ტენდენცია მზარდი იყოს და არა კლებადი.

 

“სასურველია იყოს მზარდი, იმ პროგრამების და პროდუქტების გათვალისწინებით, რაც დღეის მდგომარეობით საქართველოში არსებობს.

თუმცა როდესაც ჩვენ ფინანსებზე ხელმისაწვდომობაზე ვსაუბრობთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აგროსექტორი მინიმუმ ორ მიმართულებად გაიყოს. ეს არის მცირე ფერმერი, რომელიც თვითდასაქმებულია და საკუთარი ძალებით მართავს მცირე მეურნეობას და მსხვილი ფერმერები”.

მარიამ ქოიავას თქმითვე, მეორე საკითხი, რაც ფინანსურ ინსტიტუტებთან ინტერვიუების ჩატარების შედეგად გამოიკვეთა არის ის, რომ დღეს ქვეყანაში ფინანსური ნაკადი არსებობს, რომელიც შესაძლოა სექტორმა უფრო ეფექტიანად აითვისოს. "თუმცა, უშუალოდ ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს მეტად აქტიურობის და მენეჯერული გამოცდილების ნაწილი, ასევე ციფრული მომსახურების მიმართულებით მეტი ჩართულობა სჭირდებათ.” - განმარტა ქოიავამ.