მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყანაში ნესვისა და საზამთროს ჭარბი მოსავალია" - ასოციაცია

62e01ea771852
მარიამ იზორია
27.07.22 00:25
1351
რამდენიმე დღეა, რაც ფერმერები საზამთროსა და ნესვის გასაღების პრობლემებზე საუბრობენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, მიზეზი სარეალიზაციო არხებზე ნაკლები წვდომა, დაბალი ფასი და იმპორტიორ პროდუქტთან კონკურენციაა.

ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი bm.ge-სთან აღნიშნულ საკითხს ეხმაურება. როგორც ვახტანგ ბეჟიტაშვილი განმარტავს, პრობლემის მიზეზი საქართველოში ჭარბი მოსავალია და მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ფერმერების, ასოციაციის და სახელმწიფოს თანამშრომლობაა საჭირო.

“ქვეყანაში ნესვისა და საზამთროს ჭარბი მოსავალია. ამასთან, ფასი ძალიან დაბალია და ფერმერებს მოსავლის მინდვრიდან გამოტანაც კი უჭირთ. შიდა ბაზარს დიდი რაოდენობა მიეწოდება, ვერც ექსპორტი ხორციელდება, ფასი დაბალია, შენახვის ვადებიც შეზღუდულია, მოსავალი იმდენია, რომ ვერც სამაცივრე მეურნეობა იტევს, გადამმუშავებელი მრეწველობის ნაკლებობაა.

მთავარი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობაც. ფერმერს განსაზღვრული უნდა ჰქონდეს, რამდენ ჰექტარზეა წარმოება, რამდენია მოხმარება, რამდენი იყიდება, ამას ყველაფერს წინასწარი გათვლა უნდა, სწორი მენეჯმენტი უნდა მოხდეს. ამასთან ფერმერებს ერთმანეთთან და ასოციაციებთან კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ”, - აღნიშნავს ის.

ბეჟიტაშვილი საზამთროსა და ნესვის ექსპორტის პოტენციალზეც საუბრობს. მისი თქმით, აქ პრობლემა ლოჯისტიკა და შესაბამისი შეფუთვის არ არსებობაა. პრობლემის დროზე ადრე აღმოფხვრის შემთხვევაში, საქართველოდან ექსპორტზე, სასურველ ფასში საკმაოდ დიდი რაოდენობით ნესვი და საზამთრო გავიდოდა.

“მცირე რაოდენობა გადის ექსპორტზე, ეს ფასების დინამიკაზე გავლენას ვერ მოახდენს. მოთხოვნა არის ძალიან მაღალი, მათ შორის, უკრაინიდან. ლოგისტიკისა და შესაბამისი შეფუთვის არ არსებობს გამო ფერხდება ექსპორტი. დროზე ადრე რომ მოგვარებულიყო პრობლემა, ნესვისა და საზამთროს საკმაოდ დიდი რაოდენობა გავიდოდა, ფასიც მაღალია, მაგალითად, უკრაინაში კილოგრამის 1 დოლარად გაყიდვაზეა საუბარი, ტრანსპორტირების ფასის მიუხედავად, ეს თანხა მაინც მიმზიდველია”, - განმარტავს ის.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ივნისში საქართველოდან ახალი საზამთროს შესაძენად 2 მილიონ 2 ათასი დოლარი გავიდა. შედეგად ამ პერიოდში ქვეყანაში 11 849 ტონა საზამთროს იმპორტი განხორციელდა. იმპორტის ღირებულება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 133.3%-ით გაიზარდა. საქართველოსთვის მთავარი საიმპორტო ქვეყნები თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი და ნიდერლანდებია.

რაც შეეხება საზამთროს ექსპორტს, პირველ ექვს თვეში ქვეყნიდან მხოლოდ 214 ათასი დოლარის ღირებულების 819 ტონამდე საზამთრო ერთ ქვეყანაში - სომხეთში გავიდა. ექსპორტით მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61.8%-ით შემცირდა.