მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყნის მასშტაბით სისტემური შეზღუდვები არ იქნება" - გახარია

5f6c49cc1b362
BM.GE
24.09.20 11:18
947
კლინიკური მართვის ნაწილში იმ მოცემულობიდან, იმ საერთო გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ დაგვიგროვდა ვირუსის მართვის ნაწილში, კლინიკური მართვის ამ ეტაპზეც, ამ მიმართულებითაც გარკვეული ცვლილებები იქნა შეტანილი და ერთმნიშვნელოვნად სხვადასხვა ეტაპის მკურნალობა გახდა საჭირო, ეს არის როგორც ბინაზე მკურნალობა, ასევე კოვიდ-სასტუმროებში და მძიმე შემთხვევების, რა თქმა უნდა, სტაციონარში მკურნალობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკური მკურნალობის ახალი სქემა, რომელიც მომზადდა ბოლო 4 თვის განმავლობაში, მძიმე შემთხვევების, მათ შორის, რისკ-ჯგუფების, ქრონიკული დაავადებების მქონე, ან 65-წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების ერთმნიშვნელოვნად სტაციონარში მკურნალობას, კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობას შედარებით მსუბუქი შემთხვევების, რომელთაც არ სჭირდებათ 24-საათიანი სამედიცინო დახმარება და საერთოდ მსუბუქი, ან უსიმპტომო შემთხვევების სახლში მკურნალობას ითვალისწინებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემა კლინიკური მკურნალობის ახალი სქემაზე გადამზადებულია.

„ეს სისტემა, კლინიკური მკურნალობის მოქმედების ახალი სქემა, რომელიც მომზადდა ბოლო 4 თვის განმავლობაში, უკვე ამოქმედებულია აჭარაში და ეფექტურად მუშაობს. საერთოდ, კლინიკური მართვის მიმართულებით სრულ მენეჯმენტს ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო და ისინი საკმაოდ ეფექტურად აკეთებენ ამას ქვეყნის მასშტაბით. ეს საკმაოდ კარგად გამოჩნდა აჭარაშიც. ,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეები სწრაფად დაუბრუნდნენ აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებას და ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება.

„სწრაფი დაბრუნება ჩვენი მოქალაქეების ნორმალურ ცხოვრებაში ნიშნავს იმას, რომ გამოჯანმრთელებული მოქალაქეები სწრაფად უნდა დაუბრუნდნენ აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებას. სწორედ, აქტიური ეკონომიკური ცხოვრება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჩვენ სწრაფად დავიწყეთ შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად, ფრთხილად, მაგრამ საკმაოდ სწრაფად სხვებთან შედარებით. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, ვირუსი არსად წასულა, ვირუსი არის ჩვენთან და როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ ადაპტაციის ეტაპზე ვართ ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება, რაც მარტივი წესების დაცვას ნიშნავს. უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ ელემენტარული წესები ჰიგიენის, დავიცვათ დისტანცია. რაც უფრო მაღალი დისციპლინა გვექნება ამ მოთხოვნების დაცვაში, მით უფრო დაბალი გვექნება გავრცელება და მით უფრო ნაკლები იქნება დაწოლა როგორც ეკონომიკაზე, ისე ჯანდაცვის სისტემაზე. ჩვენ აქაც, ადაპტაციის და მართვის ეტაპზეც უნდა ვიყოთ მაქსიმალურად დისციპლინირებულები იმისთვის, რომ მოვიგოთ დრო, სანამ მსოფლიოში გლობალურად შეიქმნება ვაქცინა და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ცალკე აღებული რომელიმე სახელმწიფო, მათ შორის საქართველო დაამარცხებს ვირუსს,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, მკაცრი წესებით, დისციპლინით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით, ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების შესახებ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ როგორც ქვეყნის რესურსული მდგომარეობა, ასევე ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა და მოგეხსენებათ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით სუსტია, მაგრამ ამ შემთხვევაში საკმაოდ კარგად გაუმკლავდა ამ გამოწვევას და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 6 თვეში ჯანდაცვის სისტემა რადიკალურად შეიცვალა და უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მკაცრი წესებით, დისციპლინით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით, ჩვენ ელემენტარული წესების დაცვით, პირბადით, დისტანციით ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს დაწესებული, იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური. ეს არ იქნება სისტემური შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით, ეს ვერ იქნება სისტემური შეზღუდვები ჩვენი ცხოვრების ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ეკონომიკა, განათლება, ან თუნდაც პოლიტიკური პროცესი, საარჩევნო პროცესი,“- განაცხადა პრემიერმა.