05.თებერვალი .2020 12:00

"რა გავაკეთოთ, ტროტუარებზე კედლები ამოვაშენოთ"? - კალაძე ვანდალიზმის ფაქტებს ასაჯაროებს

views 4851
უკან

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე მოწყობილ ტროტუარებზე განლაგებული ახალი, 32 დგარი გაანადგურეს.

„ჭავჭავაძეზე ჩვენ დავიწყეთ ტროტუარების მშენებლობა და ვიცით, რამხელა პრობლემა იყო ტროტუარებზე. ჩვეულებრივად, საპარკინგედ იყო გამოყენებული და შეიძლებოდა, ადამიანებს ვერ გაევლოთ. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ტროტუარების ჩაკეტვა სპეციალური დგარებით ე.წ. ბოწკინტებით და ერთ ღამეში, დაახლოებით, 32 ეს დგარი იყო მოჭრილი და განადგურებული. ზოგ შემთხვევაში მანქანით აზიანებდნენ, ზოგ შემთხვევაში მოჭრილი იყო. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. თუ ჩვენი ქალაქი გვიყვარს, ერთმანეთს პატივს ვცემთ, თუ გვიხარია რაც კეთდება, ასე რატომ უნდა მოვიქცეთ. რა გავაკეთოთ, კედლები ამოვაშენოთ?! თუ როგორ მოვიქცეთ, რომ ტროტუარებზე ადამიანებმა სიარული შეძლონ. უბრალოდ უხერხულია. ძალიან მერიდება, როცა ამაზე მიწევს საუბარი, თუმცა ამას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ“, - განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერის თქმით, გარკვეული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აღნიშნული ვანდალური ფაქტების ამსახველ ფოტოსურათებს სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ და ამბობდნენ, რომ მერიამ უხარისხოდ გააკეთა.

„გულდასაწყვეტია ეს მიდგომა. ეს დგარები არის ახალი, თანამედროვე მასალისგან, პოლემერისგან დამაზადებული, რომელიც გამოყენებულია ზუსტად ასეთი პროექტების განხორციელებისთვის. მე ამას ასე ვუყურებ - მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, ის, რაც კეთდება ქალაქში არის ჩვენი, ყველასი და ყველა პრობლემას ერთად უნდა ვებრძოლოთ. გადავდოთ პოლიტიკა გვერდით, ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ყველაფერი ჩვენი მომავლისთვის კეთდება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამ საკითხის ირგვლივ გავერთიანდებით და ერთად მივხედავთ ვანდალიზმს, რომელიც საკმაოდ გახშირებულია ქალაქში“, - განაცხადა კალაძემ.