მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რა პასუხს ვაძლევთ ევროპელ პარტნიორებს?" - EUGBC-ის ხელმძღვანელი პრემიერის გადადგომაზე

602f8c92c9aac
ვიქტორია მღებრიშვილი
19.02.21 14:10
665
საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი სანდრო ჭუმბურიძე გადაცემა „ანალიტიკაში“ გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების გადაწყვეტილებას აფასებს. ის მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი ერთგვარად დემოკრატიისთვის დამახასიათებელია. „პრემიერის გადადგომა დემოკრატიული პროცესის ნაწილია, მაგრამ ცოტა გასაკვირია, როდესაც მმართველი პარტია მუდმივად აპელირებდა, რომ ბატონი გახარია სერიოზული კრიზის მენეჯერია და ამ დროს ვიღებთ პრემიერის მხრიდან ძალიან სწრაფ გადაწყვეტილებას, რაც მოქმედებს ქვეყნის იმიჯზე, შიდა განწყობებზე“, - ამბობს ჭუმბურიძე.

ის თვლის, რომ პანდემიის და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გავლენით ქვეყანა და მოსახლეობა რთულ მდგომარეობაშია და ასეთი სამთავრობო ცვლილებები კიდევ უფრო ამძიმებს არამხოლოდ შიდა მდგომარეობას, არამედ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსაც. სანდრო ჭუმბურიძე ამბობს, რომ მნიშნელოვანია ამ რთული მდგომარეობის დაძლევისთვის სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგას.

EUGBC-ის ხელმძღვანელი მთავარ პრობლემად დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში პოლიტიკურ მხარეთა დაპირისპირებას ასახელებს და აცხადებს, რომ ეს დამანგრევლად მოქმედებს ეკონომიკაზე.

„ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ანადგურებს ეკონომიკას, ბიზნესს და ანადგურებს ინვესტორების მოზიდვას საქართველოში. როდესაც მმართველი პარტიის მეირ არაერთგზის წარდგენილი პრემიერი ასე მიდის, რომ პრაქტიკულად პარტიამაც არ იცის გადაწყვეტილების შესახებ, ამას საელჩოები აკვირდებიან. ისინი აგზავნიან თავის ქვეყნებში გზავნილებს, მაგალითად, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას მოვიყვან, რომელსაც უნდა, რომ საქართველო უფრო კარგად იყოს. წლების წინ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ტომას ჰენდრიკ ილვესს როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვმასპინძლობდით, მისი განწყობა იყო, რომ ჩვენ მალე შევძლებდით პოსტსაბჭოთა მენტალიტეტის დაძლევას, რომელიც ასე გვნებს, მაგრამ ვერ გადავლახეთ. ჰომოსავეტიკუსის სინდრომი ქვეყანაში ძალიან ძლიერია“, - ამბობს ჭუმბურიძე.

პოლიტიკური პროცესების ესკალაციისას სანდრო ჭუმბურიძე უცხოელი პარტნიორების შეფასებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და თვლის, რომ საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულია, მათი აზრი გაითვალისწინოს.

„პრემიერის გადადგომამ დააზღვია იმ ოპერაციის ჩატარება, რაც იგეგმებოდა. ადამიანები ამას უყურებენ და იძაბებიან. ასეთი სპეცრაზმის შეჭრები არ არის დაზღვეული მსხვერპლისგან და რა პასუხს ვაძლევთ არამხოლოდ ჩვენს საზოგადოებას, არამედ მათ, ვისაც გული შესტკივა ჩვენზე, ვგულისხმობ ევროპელ პარტნიორებს, რომლებიც 30 წლის მანძილზე გვგულშემატკივრობენ და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის რეკომენდაციებს გვაძლევენ“, - აღნიშნა EUGBC-ის ხელმძღვანელმა „ანალიტიკაში“.