მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაც უფრო პროგნოზირებადი გახდება შავი ზღვის რეგიონი, მით უფრო მეტად შევძლებთ მისი ეკონომიკური პოტენციალის გახსნას"

632caeb13c2d1
BM.GE
22.09.22 22:45
501
ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რაც უფრო პროგნოზირებადი გახდება შავი ზღვის რეგიონი, საქართველო უფრო მეტად შეძლებს მისი ეკონომიკური პოტენციალის გახსნას.

მან თქვა, რომ საქართველოს მიზანია სამხრეთ კავკასიის შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის რეგიონად გარდაქმნაა.

„შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უახლესი ანგარიში საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ ცხადყოფს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულ შესაბამისობაში არიან შეერთებული შტატებისა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან. ევროკავშირის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ 2014 წელს დაწესებულ შემზღუდველ ზომებს მივუერთდით, ხოლო წელს ეს ნორმა გავრცელდა დონეცკსა და ლუგანსკზეც.

კარგად ვიცით, რომ უსაფრთხოებას მოაქვს სტაბილურობა, სტაბილურობას კი - პროგნოზირებადობა. მდგრადი ეკონომიკური განვითარების გადამწყვეტი წინაპირობაა პროგნოზირებადობა. რაც უფრო პროგნოზირებადი გახდება შავი ზღვის რეგიონი, მით უფრო მეტად შევძლებთ მისი ეკონომიკური პოტენციალის გახსნას ჩვენი ხალხისა და გლობალური ეკონომიკის სასარგებლოდ.

ამ მიზეზით, ვავითარებთ აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს. ევროპელ კოლეგებთან ერთად, საქართველო მონაწილეობას იღებს რამდენიმე საერთაშორისო ინიციატივაში და ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომლებიც გააუმჯობესებენ ჩვენს კავშირს და ხელს შეუწყობენ სანდო და ქმედით სავაჭრო კავშირებს შავი ზღვის ზოლში.

ჩვენი მიზანია სამხრეთ კავკასიის გარდაქმნა შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის რეგიონად. ევროკავშირის კოლეგებთან ერთად, უკვე ვიხილავთ ფლაგმანი პროექტების ჩამონათვალს, რომლებიც დამატებით ეკონომიკურ ეფექტს იქონიებს და კატალიზატორად იქცევა ევროკავშირთან და მის ბაზართან ჩვენი რეგიონის გაზრდილი კავშირისა და ინტეგრაციისთვის.

მიგვაჩნია, რომ სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანა და დასავლეთის მოკავშირეები ისარგებლებენ ამ თანამშრომლობით. ახლა უნდა ვიმოქმედოთ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის, ენერგომარშრუტების დაცვისთვის, მიწოდების ჯაჭვის შენარჩუნებისა და რეგიონალური კავშირების გაზრდისთვის, რათა გაძლიერდეს ეკონომიკური განვითარების ტემპი. ყოველივე ეს აუცილებელია ევროპული მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ღარიბაშვილმა თქვა, სახელმწიფო ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციებს ახორციელებს რათა რეგიონის სასიკეთოდ საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები გაიზარდოს.

"დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ ასევე ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა რეგიონის სასიკეთოდ გავზარდოთ საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები. გვინდა მოვიზიდოთ მსხვილი უცხოური ინსტიტუციონალური ინვესტიციები, განვახორციელოთ რეგიონალური მნიშვნელობის პროექტები, გავაძლიეროთ ჩვენი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები და ასე ვიქცეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ფაქტობრივ ხიდად", - თქვა მან.