მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაჭაში სასტუმროს მშენებლობა დავიწყე, აგროტურიზმის კანონზე ვამყარებდით იმედებს"

6022be268f7a4
სალომე მეცხვარიშვილი
15.02.21 10:42
727
“აგროტურიზმის შესახებ” კანონპროექტის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ bm.ge-ის რაჭაში, სოფელ წმენდაურში მდებარე საოჯახო სასტუმროს “ზებოლთას” დამფუძნებელმა ნინო კირვალიძემ განუცახდა.

კანონპროექტი, რომელიც აგროტურიზმის სტატუსის მქონე სუბიქეტებს 10 წლის განმავლობაში გადასახადებისგან (მოგების, საშემოსავლო, დღგ) ათავისუფლებს, პარლამენტში აღარ განიხილება. შესაბამისი გადაწყვეტილება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მიიღო. კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განცხადებით, პარალელურ რეჟიმში მუშაობა მიმდინარეობს “ტურიზმის შესახებ კანონზე”, რომელიც აგროტურიზმსაც მოიცავს, ამიტომ დამოუკიდებლად აგროტურიზმის შესახებ კანონის განხილვა საჭირო აღარ არის.

ნინო კირვალიძე bm.ge-ისთან აცხადებს, რომ საოჯახო სასტუმროს მშენებლობის ერთ-ერთი მოტივაცია თავის დროზე სწორედ ეს კანონპროექტი იყო. მისი თქმით, ამ დრომდე მცირე საოჯახო სასტუმროს მოწყობისთვის 15 ათასამდე დოლარი აქვს დახარჯული.

“ბოლო 2 წელია, მართლა ძალიან ბევრი რესურსი დავხარჯე როგორც მატერიალური, ისე - ფიზიკური და ვფიქრობ, რომ კარგი შედეგიც დაიდო, რადგან რაჭის რეგიონში ბევრმა გააკეთა სასტუმრო და ვამყარებდით დიდ იმედებს, რომ არა - კოვიდის პანდემია. კანონპროექტი დიდი სტიმული იყო ჩემნაირებისთვის - ის სხვდასხვა შეღავათს მოიაზრებდა... მე მაქვს ურთიერთობა სხვა ქალებთან, რომლებიც იგივე საქმიანობით არიან დაკავებული, თბილისიდან წავიდნენ და მუშაობენ აგროტურიზმის მიმართულებით, ამიტომ ძალიან სამწუხარო იყო, როცა გავიგე, რომ ეს კანონპროექტი შეჩერდა”, - ამბობს ნინო კირვალიძე.

მე-9 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „აგროტურიზმის შესახებ“ პროექტი 2020 წლის სექტემბერში დააინიცირა. კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე ოთარ დანელია აცხადებდა, რომ პროექტის ერთ-ერთი მიზანი სოფლად სიღარიბის დაძლევა იყო. მაშინ ინიციატორი კანონის 2021 წლის 1 ივნისიდან ამოქმედებას ითხოვდა.