მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაჭის შესასვლელებში მოწყობილია ბლოკ-პოსტები, რომ სხვა რაიონებიდან ყურძენი არ შეიტანონ"

5f880a5a0af8d
ინგა მურუსიძე
15.10.20 12:35
906
დღეის მონაცემებით, რაჭაში გადამუშავებულია 2000 ტონამდე ალექსანდროული და მუჯურეთული. როგორც bm.ge-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკ-პოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულ/ალექსანდროულში შერევა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, მოსავლის დაბინავების პარალელურად, უპირველეს ამოცანად რჩება ზოგადად ქართული ღვინის, და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ღვინო „ხვანჭკარის“ ხარისხის უზურუნველყოფა და უნიკალური თვისებების შენარჩუნება.

„რაჭაში რთველის ორგანიზებას თავის სპეციფიკა აქვს, ის ტრადიციულად განსხვავდება კახეთისგან. კერძოდ, ყურძნის კრეფის დაწყებამდე ერთი თვით ადრე რეგიონის ყველა შემოსასვლელში მოეწყო ბლოკ-პოსტები, რათა არ მოხდეს სხვა რეგიონებიდან ყურძნის შემოტანა, მოწმდება თითოეული მანქანა. ამ ღონისძიებების მიზანია „ხვანჭკარის“ უნიკალურობის შენარჩუნება და ამ ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. რაჭაში ყურძნის ჩაბარება ხდება ყუთების მეშვეობით, ამპელოგრაფების მიერ მოწმდება თითოეული ყუთი, რომ არ მოხდეს ჯიშების შერევა“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

წელს რაჭაში, ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას - 2500 ტონამდე მოსავალს ელიან.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტია გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევს.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ ამბროლაურში გაიხსნა.