25.სექტემბერი .2019 11:58

"რაღაც ერთ გზას დააგებენ, "ჯიპს" იყიდიან და ჰგონიათ, რომ უკვე მაგარი კომპანია აქვთ"

views 10024
უკან

თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაგვიანებული და გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო კონტრაქტორი კომპანიები გააკრიტიკა.

კალაძე კონკრეტულად 2 პროექტს შეეხო, ესენია გლდანში, ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები და კიკვიძის ბაღში მიმდინარე სამუშაოები.

კალაძე ამბობს, რომ თუ სამუშაოები დროულად არ დასრულდება და კიდევ ერთხელ მოხდება შემთხვევა, როცა ადგილზე ტექნიკა გაჩერებულია და არავინ მუშაობს, კომპანიებთან ხელშეკრულებები შეწყდება.

დედაქალაქის მერის თქმით, ადგილობრივი კომპანიების ნაწილს მშენებლობის კულტურა არ აქვთ.

“მშენებლობის კულტურა არ გვაქვს ქვეყანაში. განსხვავებული მიდგომები აქვთ. აქვთ სამშენებლო კომპანია, რაღაც ერთ გზას დააგებენ, "ჯიპს" იყიდიან და ამით ჰგონიათ, რომ  “ვსო”, უკვე მაგარი კომპანია აქვთ, აწყობილი აქვთ ყველაფერი... მიდის მერე პირამიდებით, რაღაცეებს მაიმუნობენ... სამუშაოს ვერ შეასრულებს, მერე ვინ არის დამნაშავე? საზოგადოებას არ აინტერესებს კონტრაქტორია დამნაშავე თუ სხვა. პასუხისმგებელი ხარ შენ - დედაქალაქის მერია და შესაბამისად, ჩვენს მიმართ აქვთ პრეტენზიები”, - განაცხადა კალაძემ.

მანვე მოუწოდა შესაბამის პირებს, ორივე კომპანია მერიაში დაიბარონ.

“დაიბარეთ ეს ორივე კომპანია და ბოლო გაფრთხილება მიეცით, ბოლო-ბოლო ჩამოვიყვანთ უცხოელებს და ვანახებთ როგორ უნდა განხორციელდეს ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები”, - განაცხადა კალაძემ.

კიკვიძის ბაღში სამუშაოებს კომპანია “ინშაათ საქართველო” ახორციელებს, ხიზანიშვილი - ვეკუაზე კი - კომპანია “ენ სი სი”.