28.იანვარი .2020 18:55

"რაღაც საკითხებში არის ნათელი ხედვა, რაღაც მიმართულებით სისუსტეებია" - ანზორ ქოქოლაძე მთავრობაზე

views 427
უკან

„რაღაც საკითხებში არის ნათელი ხედვა, რაღაც მიმართულებით სისუსტეებია“, - ამის შესახებ BM.GE-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელის „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძემ მთავრობის მხრიდან სტაბილური ბიზნეს გარემოს უზრუნველყოფაზე საუბრისას განუცხადა.

კითხვაზე - რა რჩევებს მისცემდა ბიზნესმენი მთავრობას, ანზორ ქოქოლაძემ სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენა გამოყო.

"ყველაზე მთავარია, ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება მოხდეს, მეორე - მნიშვნელოვანია სასამართალოს რეფორმირება, რადგან სასამართლოს მიმართ ნდობა არის ძალიან დაბალი, რაც შემაფერხებელია როგორც ბიზნეს კლიმატის თვალსაზრისით, ისე ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის. სასამართლოს მიმართ ნდობის გაუმჯობესება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი", - განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.

ბიზნესმენი ამბობს, რომ გაყიდვებზე პირდაპირ გავლენას ეროვნული ვალუტის კურსი ახდენს, რისთვისაც მთავრობამ მის ხელთ არსებული ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ კურსის სტაბილურობა უზრუნველყოს.

„კურსის დასტაბილურებაზე და გამყარებაზე ძირითადად 4 ფაქტორი მოქმედებს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენგან დამოუკიდებელილ მიზეზების გამოც ხდება კურსის ცვალებადობა, რეგიონალურ ჭრილში. ჩვენს სამეზობლოში რა პროცესები წავა, ეგ ჩვენზე ისედაც არ არის დამოკიდებული და მოვლენების მეთვალყურე უნდა ვიყოთ. სასიხარულოა ის, რომ ჩვენს სამეზობლოში დინამიკა პოზიტიურია ანუ 2019 წელს უკეთესი ტენდენციები იყო, ვიდრე - მოლოდინი.

რაც შეეხება შიდა საკითხებს: ინვესტიციების მოზიდვა; ექსპორტის გაუმჯობესება; ფულადი გადმორიცხვები, რომლებიც ჩვენზე ნაკლებად არის დამოკიდებული და ბუნებრივი ტენდენციაა და მეოთხე - ტურისტული ნაკადის გაუმჯობესება, რაც ვთვლი, რომ მუდმივი პროცესია და ვფიქრობ, ძალიან კარგად მიგვდის საქმე ამ მიმართულებით. ამ კუთხით სწორად მიდის მთავრობა.

ამ მიმართულებებით რევოლუციური ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, აქ საუბარია იმაზე, რომ  ყველა მიმართულებით ევოლუციური, თანმიმდევრული გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა გვქონდეს და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას. რაღაც საკითხებში არის ნათელი ხედვა, რაღაც მიმართულებით სისუსტეებია. აი, მაგალითად ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით უფრო მეტი პოტენციალი იყო და შეიძლება უფრო საინტერესო და კომპლექსური მიდგომაა საჭირო, ვგულისხმობ უფრო საინტერესო წინადადებების გაკეთებას; აქ უფრო მეტი პოტენციალია და არ არის დამაკმაყოფილებელი ის, რაც არის“, - აცხადებს „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა