მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რატომ არ უნდა შემოვიდეს საქართველოში წლიურად 200-300 მლნ-ის ევროპული ინვესტიცია?“

6283b79ae5465
ვიქტორია მღებრიშვილი
18.05.22 10:40
1554
„რატომ არ უნდა შემოვიდეს საქართველოში წლიურად 200-300 მლნ-ის ევროპული ინვესტიცია?“ - ეს კითხვა „მარგებელი ჰოლდინგის“ მმართველმა პარტნიორმა და დირექტორმა მიხეილ სვიმონიშვილმა გადაცემა „Forbes კვირაში“ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე საუბრისას დასვა.

მისი თქმით, თავად „მარგებელი ჰოლდინგი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შვეიცარიიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან ინვესტიციები მოიზიდოს, თუმცა მიხეილ სვიმონიშვილი კონკრეტულ ევროპულ კომპანიებს არ ასახელებს.

„ამ ქვეყანას მხოლოდ ინდუსტრია გადაარჩენს. ტურიზმი და სტუმარ-მასპინძლობა კარგია, თუმცა დღეს საქართველოში საერთაშორისო, მულტინაციონალური კომპანიების Nestle-ს, Unilever-ის, Danone-ის შემოყვანა და აქ მათი წარმოებების ამოქმედება ვერ ხერხდება.

ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო უნდა იყოს ჰაბი, მაგრამ რეალობად უნდა ვაქციოთ ეს, ქვეყანაში ინდუსტრიული წარმოება უნდა არსებობდეს და ექსპორტი აქედან უნდა ხორციელდებოდეს. ამის რეალური შანსი გვაქვს.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ შვეიცარიიდან ბოლივიაში წლიურად 3 მლრდ-ის ინვესტიცია ხორციელდება და რატომ ვერ უნდა შემოვიდეს საქართველოში წლიურად 200-300 მლნ?! ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა და ჩვენს ქვეყანაში ამის შესაძლებლობები არის“, - ამბობს სვიმონიშვილი.

ჰოლდინგის მმართველი თვლის, რომ ინვესტიციების მოსაზიდად პროფესიული განათლების განვითარება დიდი ნაბიჯი იქნება.

„ვფიქრობ, ინვესტიცია ადამიანებში უნდა განხორციელდეს. ისეთ ქვეყნებს დაგისახელებთ, სადაც გეოპოლიტიკური ვითარება რთულია, თუმცა Nestle-ს იქ საწარმოები აქვს. ამიტომ ვამბობ, დღევანდელი ბიზნესი მხოლოდ ექსელის ბიზნესგეგმის გაკეთება არ არის, დღეს უმნიშვნელოვანესია განათლება. უნდა გვყავდეს ბევრი ახალგაზრდა, ვისაც ევროპული კაპიტალი ნდობას გამოუცხადებს, რომ ისინი საქმის გამკეთებლები არიან. ამ შემთხვევაში საგადასახადო, გეოპოლიტიკური თუ სხვა რისკები მოგვარდება და ნდობის დამკვიდრება შესაძლებელი იქნება“, - მიიჩნევს მიხეილ სვიმონიშვილი.