მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რატომ უნდა "დავსაჯოთ" ადამიანები, ვინც ინვესტიციას ახორციელებს?! ეს კარგს არაფერს მოიტანს"

614b437cb0cee
სალომე მეცხვარიშვილი
22.09.21 22:35
899
ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი საქართველოში დიფერენცირებული საშემოსავლო გადასახადის შემოღებას არ ემხრობა. ის ეხმაურება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშს, სადაც IMF აცხადებს, რომ 20%-იანი საშემოსავლო დაბალშემოსავლიანებისთვის არაპროპორციულად მძიმე ტვირთია. ფინანსისტი ამბობს, რომ 20%-იანი გადასახადი შესაძლოა, მართლაც მძიმე ტვირთი იყოს ადამიანებისთვის, მაგრამ არ შეიძლება მაღალშემოსავლიანი ადამიანები “დავსაჯოთ”.

20%-იანი საშემოსავლო გადასახადის პირობებში თუ მოქალაქის დარიცხული ხელფასი 2 ათასი ლარია, ის ხელზე 1600 ლარს იღებს, 400 ლარი ბიუჯეტში მიდის. 500-ლარიანი ხელფასის პირობებში კი ბიუჯეტში 100 ლარი მიემართება. ფინანსისტი ფიქრობს, რომ თანხებს შორის განსხვავება შლის იმ უსამართლობის განცდას, რაც შეიძლება ამ კუთხით მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებობდეს. ის ამბობს, რომ განსხვავებული დაბეგვრის მეთოდი მაღალშემოსავლიან ადამიანებს ინვესტიციის მოტივაციას გაუქრობს.

“რა თქმა უნდა, უნდა ვეცადოთ, რომ საგადასახადო წნეხი იყოს დაბალი, მაგრამ თუ ჩვენ შევდგებით იმ მოლიპულ გზაზე, რასაც ჰქვია შემოსავლების მიხედვით დიფერენცირებული საგადასახადო კოეფიციენტები, ეს კარგს არაფერს მოიტანს. საკმაოდ ცუდ მოტივაციას შექმნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

თუ საზოგადოების მდიდარ ნაწილს უფრო მეტი გადასახადი დავაკისრეთ, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტად დავბეგრეთ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ინვესტიციას ახორციელებენ და ბიზნესს ქმნიან. თუ ბიზნესის შექმნისთვის დავსაჯეთ ეს ხალხი, ეკონომიკური განვითარება და ზრდა არ გვექნება, რაც პრობლემას შეუქმნის დაბალშემოსავლიან ადამიანებსაც, რადგან ისინი სწორედ ასეთ კომპანიებში არიან დასაქმებული. მათთვისაც შემცირდება სამუშაო შესაძლებლობები - ჯამში, ყველანი უარესად ვიქნებით”,- განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

კითხვაზე, საიდან შეიძლება შეივსოს ის დანაკლისი, თუ მცირეშემოსავლიანი პირებისთვის საშემოსავლო გადასახადი შემცირდა, ფინანსისტი ამბობს, რომ ბიუჯეტში ბევრი “უაზრო ხარჯია” და წესით დეფიციტის შევსება არ უნდა გაჭირდეს.

“ბიუჯეტში ბევრი უაზრო ხარჯია, რომელთა გარეშეც მშვენივრად ვიქნებოდით. მაგალითად საპარტნიორო ფონდის კომპანიები ზარალზე არიან, შესაბამისად, მათ ხალხი ინახავს. ეს კომპანიები რომ პრივატიზებული იყოს, ხომ აღარ იქნებოდა ეს ხარჯი? ასევე, უამრავი სულელური პროგრამა არსებობს: “აწარმოე საქართველოში”, “დანერგე მომავალი” და ა.შ. ეს სინამდვილეში არის პოლიტიკური კორუფციის ფორმა, რომ ახლობლებმა პროექტები მოიტანონ და მთავრობამ დააფინანსოს. მათი არარსებობის პირობებში, იქნებოდა გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი, შესაბამისად, გადასახადების შემცირების შესაძლებლობაც”,- აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.