15.მაისი .2018 21:00

"რბილი სამართლის" გავლენა კორპორაციულ მართვაზე

views 2749
უკან

კომპანიის მმართველ ორგანოთა შორის ურთიერთობას სხვადასხვა წყარო არეგულირებს. პირველ რიგში ეს არის ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც შინაარსობრივად შეიძლება იყოს იმპერატიული ან არაიმპერატიული სახის. რიგ ქვეყნებში (მაგ.: დიდი ბრიტანეთი, აშშ) კორპორაციული მართვის სამართლებრივი აგებულების წყაროდ უმაღლესი სასამრთლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებიც გვევლინება. ამ ყველაფერთან ერთად არსებობს კორპორაციული მართვის ე.წ. არასავალდებულო, არაფორმალური წყაროებიც, რომელთა გათვალისწინება მხოლოდ ცალკეული კომპანიის გადასაწყვეტია. ამასთან, არაიმპერატიული სახის საკანონმდებლო დანაწესები ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა აღნიშნული არაფორმალური წყაროების შედეგადაც ფორმირდებოდეს, რაც კომპანიის დამფუძნებელ პარტნიორთა მიერ გამოხატული ნების ავტონომიის სახით ყალიბდება.

სტატია შეეხება კორპორაციული მართვის ორი სახის წყაროს დახასიათებას და მათ გავლენას კორპორაციულ მართვაზე. 1. ეს არის ზემოთ აღნიშნული ე.წ. არაფორმალურ წყაროთა ბუნება, რასაც ასევე მოიხსენიებენ, როგორც „რბილ სამართალს“ და 2. მხართა კერძო ავტონომიის გამოვლენით ჩამოყალიბებული კორპორაციული მართვის წყარო, რომელიც მყარად უკავშირდება „რბილი სამართლის“ შინაარსს. ამასთანავე, სტატიაში დახასიათებულია „რბილი სამართლის“ მიმართ ქართული კანონმდებლობის მიდგომა.

1. „რბილი სამართლის“ მნიშნელობა

კორპორაციულ მართვაზე მსჯელობისას ხშირად მოიხსენიებენ ისეთ ტერმინს, როგორიც არის „საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა“, რომლის ფორმირება ხდება როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ასევე სარეკომენდაციო ხასიათის წყაროების მეშვეობით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეროვნული კანონმდებლობა განყენებულად ვერ მოახდენს „საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის“ ფორმირებას. კერძოდ, კანონმდებლობით რეგულირებული ესა-თუ ის შემთხვევა ლოკალურად, მხოლოდ საკანონმდებლო ბაზის შინაარსობრივ ანალიზს უკავშირდება. განსხვავებული შემთხვევაა კორპორაციული მართვის დამხმარე წყაროებთან, რომლებიც მრავალი ქვეყნის წარმატებული კომპანიების მიერ არის დანერგილი და რის შედეგადაც კორპორაციული მართვის ამა-თუ იმ მოდელის დახასიათებისას საუბრობენ, როგორც საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებულ საუკეთესო პრაქტიკაზე. დამხმარე წყაროებისთვის ასეთი მაღალი მნიშვნელობის მინიჭების მიუხედავდ, აღსანიშნავია, რომ ისინი საკანონმდებლო რეგულირების ფარგლებს მიღმა ვერ იარსებებენ. ამ გაგებით ერთმანეთისგან განასხვავებენ კორპორაციული მართვის კონტინენტური ევროპის და ანგლ-ამერიკული რეგულირების ცალკეულ მოდელებს. კერძოდ, კონტინენტური ევროპის სამართლის მქონე ქვეყნებში, კორპორაციული მართვის ძირითად წყაროდ დაწერილი კანონმდებლობა გვევლინება, რასაც ვერ ვიტყვით მაგალითად აშშ-ზე, სადაც კომპანიები კორპორაციული მართვის ამა-თუ იმ მოდელს კანონმდებლობასთან ერთად დამხმარე წყაროების მეშვეობითაც აყალიბებენ. უფრო ცხადად კი, ანგლო-ამერიკული სისტემის მქონე ქვეყნებში კორპორაციული მართვის დამხმარე წყაროები შედარებით მაღალი კონცენტრაციით არიან წარმოდგენილნი, ვიდრე კონტინენტური ევროპის ქვეყნებში.

კორპორაციული მართვის დამხმარე წყაროებს წარმოადგენენ სხვადახვა გავლენიანი სამთავრობო ან/და არასამთარობო საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით შემუშავებული კორპორაციული მართვის კოდექები, კორპორაციული მართვის პრინციპები, საფონდო ბირჟების მიერ განსაზღვრული კორპორაციული მათვის წესები, ინსტრუქციები ან/და რეკომენდაცები. ამის მაგალითი მრავლია: ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიაციის კორპორაციული მართვის პრინციპები (OECD Principles of Corporate Governance), კორპორაციული მართვა სარბანს-ოქსლის აქტის მიხედვით (Corporate Governance under Sarbanes-Oxley Act), ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის კორპორაციული მართვის სალისტინგო სტანდარტები (Corporate Governance Listing Standards of NYSE), აგრეთვე სხვა აქტები, რომლებიც შემუშავებულია სხვადასხვა საერთაშორისო ოგანიზაციის ეგიდით. ამასთანავე, კორპორაციული მართვის დამხამრე წყაროებად გვევლინება ცალკეული ინდუსტრიისთვის ექსკლუზიურად შემუშავებული ესა-თუ ის სარეკომენდაციო დოკუმენტი: „კორპორაციული მართვის კოდექსი“, ან “კორპორაციული მართვის სტანდარტები“. მაგალითად საქართველოს ბანკების ასოციაციის მიერ შემუშავბეული 2009 წლის „კორპორაციული მართვის კოდექსი კომერციული ბანკებისთვის“, რომელიც მისი გამოყენების ლოკალური მასშტაბის მიუხედავად, შინაარსობრივად ემყარება კორპორაციული მართვის საერთაშორისო მასშტაბით გავრცელებულ არაერთ პრინციპს.

კორპორაციული მართვის თითოეულ აღნიშნულ წყაროს არ გააჩნია მავალდებლებელი ძალა. მათი დანერგვა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის მქონეა და მათი გაუთვალისწნებლობა არ იწვევს არავითარი სახის სამართლებრივ პასუხისგებლობას. ამის საპირწონედ, მხოლოდ პოზიტიურ ტონად აღიქმება ის, რომ კომპანიის კორპორაციული მართვის მოდელი ამა-თუ იმ საერთაშორისოდ აღიარებულ პინციპებს და ნორმებს ემყარება.

კორპორაციული მართვის ზემოხსენებული წყაროების სარეკომენდაციო და არასავალდებულო ხასიათის გამო, მათ ერთობლიობაში უწოდებენ, როგორც „რბილ სამართალს“, იმდენად, რამდენადაც მათი დებულებების შეუსრულებლობა არ უკავშირდება იძულებითი ღონისძიებების გატარებას.

„რბილი სამართლის“ დებულებათა გათვალისწინება მხოლოდ ცალკეული კომპანიის გადასაწყვეტია, რაც მეტწილად იმ ანგარიშვალდებული საწარმოების შემთხვევაშია საყურადღებო, რომელთა ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ დაშვებულია საფონდო ბირჟაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში აღიარებულ საფონდო ბირჟებს გააჩნით თვიანთი ლოკალური კორპორაციული მართვის სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება ემიტენტებისათვის მეტწილად სავალდებულო სახეს ატარებს. გარდა ამისა, „რბილი სამართლის“ გათვალისწინება კომპანიის მაღალ რეპუტაციაზე მეტყველებს. მაგალითად, ცნობილი სარეიტინგო კომპანიის Standard&Poor’s-ის მიერ შემუშავებულია კორპორაციული მართვის შეფასების სისტემა, რომელიც მეტწილად აფასებს კომპანიათა კორპორაციული მართვის შესაბამისი მოდელის ხარისხს და მათი გამოყენების შესახებ არსებული პრაქტიკის ხანგრძლივობას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა პოტენციური ინვესტორისთვის.

„რბილი სამართლის“ დებულებათა გამოყენებასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი შეკითხვა - რა ხდება იმ დროს, როდესაც კომპანიის კორპორაციული მართვა აგებულია კორპორაციული მართვის გავლენიანი კოდექსის ან/და პრინციპების საფუძველზე, მაგრამ პრაქტიკულად, კომპანიის საქმიანობის ფარგლებში არ ხდება ამ დებულებათა განხორციელება? არსებობს ასეთი ტერმინი - „დაემორჩილე ან განმარტე“, („Comply or explain”) რაც გულისხმობს იმას, რომ კომპანიას ხშირ შემთხვევაში კანონმდებლობაზე დაყრდნობით შეიძლება დაევალოს იმის ახსნა, თუ რამდენად ზედმიწევნით ასრულეს ის მის მიერ შერჩეული კორპორაციული მართვის ამა-თუ იმ დებულებას და თუ არ ასრულებს ან ასრულეს არაჯეროვნად, მაშინ კომპანიას შეიძლება დაევალოს აღნიშნულის განმარტების ვალდებულება.

2. „რბილი სამართალი“ ქართულ კანონმდებლობაში

მიუხედავად იმისა, რომ ქართული სამართალი კონტინენტური ევროპის სამართლებრივი სისტემის მატარებელია, აღსანიშნავია ისიც, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ბოლო დროს შესული არაერთი საკანონმდებლო ცვლილება და დამატება ანგლო-ამერიული სამართლის ოჯახის გავლენით არის წარმოდგენილი. ამ პარადიგმის პარალელურად, კორპორაციული მართვის მარეგულირებელი ქართული კანონმდებლობა იზიარებს პრინციპს, “რაც აკრძალული არ არის - ნებადართულია“. კერძოდ კი, ქართული კანონმდებლობა იმპერატიულად მის არც ერთ დანაწესში არ კრძალავს კორპორაციული მართვის ამა-თუ იმ დამხმარე წყაროს გამოყენების შესაძლებლობას იმ გამონაკლისის გარდა, თუ სარეკომენდაციო ხასიათის წყაროს რომელიმე დებულება “არ ეწინააღმდეგება ქართული სამართლის ზოგად პრინციპებს, ზნეობის ნორმებს ან/და საჯარო წესრიგს”. ამასთანავე საყურადღებოა, რომ კორპორაციული მართვის არც ერთი დამხმარე, მით უფრო საერთაშორისოდ აღიარებული წყარო არც ერთ კონტექსტში არ ავლენს რაიმე ისეთი სახის დებულებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოვიდოდა ქართული სამართლის ზოგად პრინციპებთან, ზნეობის საყოველთაო ნორმებთან ან/და ქართულ საჯარო წესრიგთან. აღნიშნული მსჯელობის საფუძველზე შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ ქართლი კანონმდებლობა არ კრძალავს “რბილი სამართლის“ კორპორაციული მართვის დამხმარე წყაროდ გამოყენებას.

როდესაც საუბარია „რბილი სამართლის“ ცალკეული წყაროს კომპანის კორპორაციული მართვის მოდელში ინტეგრაციაზე, აქ მეტწლად იგულისხმება თითოეული ის შიდა კორპორაციული დოკუმენტი, რომელიც კომპანიის კორპორაციული მართვის მთელ სურათს ასახავს. ასეთი შეიძლება იყოს კომპანიის წესდება, სხვადასხვა სახის შიდა დებულება, ინსტრუქცია, კომერციული ხელშეკრულებები, რომლებიც იდება კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთნ ან/და დირექტორატთან და სხვა ის შიდა გამოყენებისთვის განკუთვნილი დოკუმენტები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არეგულირებენ კომპანიის კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს.

ცალსახაა, რომ კომპანიის წესდება, სხვა არაფერია, თუ არა და გარიგება კომპანიის დამფუძნებელ პარტნიორებს შორის, რაც მხარეთა კერძო ნების ავტონომიით ყალიბდება. იგივე შეიძლება ითქვას სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ან/და დირექტორატის წევრებთნ დადებულ სასამსახურებო ხელშეკრულების ფორმირებაზე. რაც შეეხება კომპანიის შიდა დებულებებს, ინსტრუქციებს ან სხვა დასახელებით მოქმედ დოკუმენტებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად განსაზღვრავენ კომპანიის კორპორაციული მართვის შესახებ რაიმე საკითს, ისინიც ყალიბდებიან კერძო ავტონომიის გზით.

ხსენებულ დოკუმენტთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის კომპანიის წესდება. ფორმალური სარეგისტრაციო მიზნების გარდა, კომპანიის წესდება, მეტწილ შემთხვევებში განსაზღვრავს კორპორაციული მართვისთვის საყურადღებო ცენტრალურ საკითხებს, მაგ: აქციონერთა საერთო კრებას, სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატს შორის არსებული ურთიერთქმედების შინაარსს.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, მის ცალკეულ დანაწესში იმპერატიულად ადგენს კომპანიის მართვის ამა-თუ იმ ორგანოს უფლება-მოვალეობათა ჩამონათვალს, თუმცა, ამასთან ერთად, აღნიშნული კანონი, მის მრავალ დანაწესში ამა-თუ იმ საკითხის რეგულირების შესაძლებლობას კომპანიის დამფუძნებელ პარტნიორებს უტოვებს, როგორც მხარეთა კერძო ავტონომიის გამოვლენის საშუალებას. ეს ჩანაწერები ხშირად გვხვდება, როგორც ალტერნატიული ნორმა „... თუ კომპანიის წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული“. კერძოდ კი, მსგავსი ფორმულირებებით კანომდებელი ტოვებს იმის ფართო შესაძლებლობას, რომ თავად დამფუძნებელმა აქციონერებმა განსაზღვრონ კორპორაციული მართვის მათ მიერ შერჩეული მოდელი იმ სახით, რაც მათ სურთ. ამასთანავე, წესდების ავტორები არ არიან შეზღუდულნი იმაში, რომ მათ მიერ განსასაზღვრი ესა-თუ ის საწესდებო დებულება, სრული ან ნაწილობრივი ფორმით იმეორებდეს „რბილი სამართლის“ მიღწევებს. უფრო კონკრეტულად კი, როდესაც საუბარია იმაზე, თუ რამდენად სრულად აქვს ამა-თუ იმ კომპანიას დანერგილი „რბილი სამართალი“, აქ უპირველეს ყოვლისა მოიაზრება საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად სრულყოფილად და ხშირად არის კომპანიის წესდება ან/და სხვა შიდაკორპორაციული დოკუმენტაცია „რბილი სამართლის“ ამა-თუ იმ დებულებებით გაჯერებული.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინბული პირობა, რომ მხარეთა ნების ავტონომიამ განსაზღვროს მისთვის სასურველი კორპორაციული მართვის მოდელი, მათ შორის „რბილი სამართლის“ მიღწევების სრული ან ნაწილობრივი გაზიარებით, სავსებით იზიარებს წინამდებარე სტატიაში ზემოთ აღნიშნულ პრინციპს: „რაც აკრძალული არ არის - ნებადართულია“.

ნების ავტონომიასთან ერთად, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის“ შესახებ საქართველოს კანონი „რბილ სამართალთან“ მიმართებით განსაზღვრავს ძალიან საინტერესო პირობას. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილის „ა-ბ“ ქვეპნქტების მიხედვით, საზოგადოებრივი დაინტერესების პირმა (სდპ), კერძოდ კი „ანგარიშვალდებულმა საწარმომ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს უნდა წარუდგინოს კორპორაციული მართვის ანგარიშგება, რაც უნდა მოიცავდეს:

„ა) სუბიექტისათვის სავალდებულო ან სუბიექტის მიერ საკუთარი სურვილით შერჩეული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კორპორაციული მართვის კოდექსის და სუბიექტის იმ კორპორაციული მართვის პრაქტიკის მიმოხილვას, რომელიც აღემატება კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საკუთარი სურვილით შერჩეული კორპორაციული მართვის კოდექსის გამოყენების შემთხვევაში სუბიექტი ვალდებულია მიუთითოს, თუ სად არის ეს კოდექსი საჯაროდ განთავსებული. კორპორაციული მართვის პრაქტიკის მითითების შემთხვევაში სუბიექტი საჯაროს ხდის ამ პრაქტიკის შესახებ დეტალურ ინფორმაციას;
ბ) სავალდებულო ან საკუთარი სურვილით შერჩეული კორპორაციული მართვის კოდექსიდან გადახვევების ან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღნიშნულ კოდექსზე მიუთითებლობის ფაქტებს და შესაბამისი მიზეზების ანალიზს“.
როგორც ციტირებული ნორმიდან ჩანს, ქართული კანონმდებლობა სრულად იზიარებს „რბილ სამართალთან“ დაკავშირებით სტატიაში აღწერილ პრინციპს: „დაემორჩილე ან განმარტე“.

 დასკვნა

დამკვიდრებული ტერმინი „კორპორაციული მართვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა“ მეტწილად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, გავლენიანი საფონდო ბირჟების, ლოკალური პროფესიული ასოციაციების ან სხვა რეიტინგული ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ის წყაროებია, რომელთა დანერგვა და გამოყენება ფართოდ აპრობირებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დიდ კომპანიებში. ერთობლიობაში აღნიშნული წყაროები იწოდებიან, როგორც „რბილი სამართალი“, რაც კორპორაციული მართვის სამართლებრივი რეგულირების არაფორმაურ წყაროდაც აღიქმება. „რბილი სამართლი“ სარეკომენდაციო ხასიათისაა და მისი გამოყენება ცალკეული კომპანიების იმიჯზე დადებითად აისახება. ამავდროულად არსებობს პრინციპი, რომელიც „დაემორჩილე ან განმარტეს“ სახელით არის ცნობილი და რაც გულიხმობს კომპანიის მიერ შერჩეული ამა-თუ იმ წყაროს გამოყენების ხარისხის მონიტორინგს და ასევე მისი გამოუყებლობის ან არაჯეროვანი გამოყენების შესახებ ანგარიშის წარდგენის ვალდებულებას. ეს პრინციპი მეტ სტიმულს აძლევს ანგარიშვალდებულ სწარმოებს, რომ მათ სრულად და ჯეროვნად დანერგონ და გამოიყენონ „რბილი სამართლის“ მიღწევები.

ქართული კანონმდებლობა არ კრძალავს „რბილი სამართლის“ გამოყენებას. უფრო მეტიც, იგი საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრავს „დაემორჩილე ან განმარტე“ პრინციპს, რაც ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია. კერძოდ, „რბილი სამართლის“ მიმართ კანონმდებლობის მსგავსი დამოკიდებულება ახალისებს თანამედროვე კორპორაციული მართვის საერთაშორისოდ აღიარებული მიღწევების დანერგვის შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ დიდი ალბათობით გამორიცხავს ე.წ. კორპორაციული სკანდალების წარმოქმნას და ინვესტორებისთვის უფრო სანდო და მშვიდ გარემოს შექმნის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა